„მე ვაპირებ, რომ გავქრე“ – გაუჩინარებული 8 წლის გოგონა, რომელსაც 36 წელია, ეძებენ

ცხოვრებაში ყველას გვინდა, კარგი მომავლის გვწამდეს: რომ ბავშვები ჯანმრთელები იქნებიან, კარგ ადამიანებად გაიზრდებიან და საზოგადოებას სარგებელს მოუტანენ. თუმცა, ხანდახან რეალობა გაცილებით მკაცრი აღმოჩნდება ხოლმე. ზუსტად ასე მოხდა პატარა ნიკოლთანაც, რომელიც ერთხელ მეგობართან ერთად წავიდა აუზზე და სამუდამოდ გაუჩინარდა. დედა – ჟანეტი ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც მისი ქალიშვილის მეგობარი მათთან სახლში მივიდა და თქვა, რომ ნიკოლი მასთან შესახვედრად არ მისულა.

თავიდან დედას განგაში არ აუტეხავს, იფიქრა, რომ გოგონა სასეირნოდ წავიდა. ის მისი მოსაძებნად მხოლოდ ორი საათის შემდეგ გაემართა, ხოლო ხუთის საათის მერე პოლიცია გამოიძახა. ყველაზე გასაოცარი ის გახლდათ, რომ ნიკოლი კარგ რაიონში ცხოვრობდა, ელიტარულ მრავალსართულიან სახლში და ქალაქის ცენტრიდან, დღისით გაუჩინარდა.

აუზი იმავე სახლში მდებარეობდა და ლოგიკურად, ნიკოლს სახლის მიდამოებიც არ უნდა დაეტოვებინა. პოლიციას ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა, ერთადერთი უცნაური ფაქტი რჩებოდა ის, რომ დედა არ ჩქარობდა… და ოჯახის შიდა კონფლიქტი. მამა მათთან არ ცხოვრობდა და თითქმის, მთელ თავის შემოსავალს მეუღლესა და შვილს აძლევდა.

ვინაიდან ქალს დიდი მოთხოვნები ჰქონდა, ხოლო ფული არ ჰყოფნიდა ელიტარულ სახლში საცხოვრებლად, მან თავის ბინაში საბავშვო ბაღი გახსნა. დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ, მეზობლები მასთან ბავშვებს ტოვებდნენ, ხოლო ჟანეტი მათ ეთამაშებოდა და ამეცადინებდა.

იმ დღეს ნიკოლმა დედას სთხოვა, რომ მეგობართან ერთად აუზზე წასულიყო. ვინაიდან იქ მუდამ მორიგე ისტრუქტორი იმყოფებოდა, ჟანეტმა ქალიშვილი მაშინვე გაუშვა. გოგონამ საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა, ბინიდან გავიდა და გაუჩინარდა. ეს კანადაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბავშვი კორპუსის ფარგლებს არ გასცდენია და ისე გაუჩინარდა. პირველივე დღეს პოლიციამ კორპუსის 400 ბინა შემოიარა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ნახა.

კორპუსის ყველა ბინადარი დაკითხვაზე გამოიძახეს, მაგრამ ხელჩასაჭიდი ისევ არაფერი იყო. ასე გადიოდა დღეები, თვეები და გავიდა წელი. ამ დროის განმავლობაში, პოლიციამ 5000 ადამიანი გამოკითხა, თუმცა ყველაფერი უშედეგო იყო. მისი პოვნისთვის დიდი ჯილდო გამოაცხადეს, მაგრამ შედეგი ამანაც არ გამოიღო. ნიკოლის მშობლებიც გულხელდაკრეფილები არ ყოფილან. ისინი შერიგდნენ კიდეც. მშობლები ქირაობდნენ საუკეთესო დეტექტივებს. გოგონას მამამ შვილის პოვნას მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო.

რა ვერსიები არსებობდა?

გოგონას პირად დღიურში იყო აღმოჩენილი უცნაური ჩანაწერი: „მე გაუჩინარებას ვაპირებ“, მაგრამ მშობლებმა ცხადია, არ იცოდნენ ამის შესახებ. არც ის იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს.

ერთ-ერთი გამოკითხული მეზობლისგან ცნობილი გახდა, რომ მან უცნობი ქერათმიანი, შუახნის ქალი შენიშნა, რომელიც წიგნაკში რაღაცას იწერდა. მისი აღწერის მიხედვით, შედგა ფოტორობოტი, მაგრამ შედეგი ამანაც არ გამოიღო.

კანადის ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივი – მადლენ ტრეტერი ამტკიცებდა, რონ ნიკოლი მეგობართან შეხვედრამდე გაუჩინარდა და ის გაიტაცეს.

1988 წლის სექტემბერში ტორონტოს მკვიდრმა – ლოვი ლი რიდლიმ, რომელმაც 30 წინასწარ დაგეგმილი დანაშაული აღიარა, ისიც თქვა, რომ ნიკოლი მან გაიტაცა და სხვა ადამიანს გადასცა. თუმცა, მისი დანაშაულის მტკიცებულება ვერ მოიძებნა.

გოგონას მშობლები მაინც გაშორდნენ, მაგრამ მამა დღემდე ინახავს რწმენას, რომ მისი პატარა ქალიშვილი ოდესმე გამოჩნდება. მან ვერ გადააგდო გოგონას საყვარელი ჩანთა და მისი ტანისამოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები