არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროპელი პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს
„დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი პოზიტიურად ჩაივლიდა. როგორც ნახეთ, საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროპელი პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსტრუქტურების ლიდერებმა ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთეს და პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში ხელისუფლებასთან ერთად ჩართულობისკენ მოუწოდეს.
“თავის მხრივ, ნახეთ, რომ პრემიერმა გაწეული სამუშაოების შესახებ წარადგინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ ეს პროცესი იყო ინკლუზიური, ანუ მონაწილეობდა ყველა, ვისაც მონაწილეობის სურვილი ჰქონდა. ვინც ამ პროცესში არ ჩაერთო, ნახეთ, რომ ევროსტრუქტურების ლიდერებმა ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთეს, ეს იყო იგივე, რომელიც ევროპარლამენტარებმა თბილისში ყოფნის დროს გააკეთეს და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდეს, სამუშაო პროცესში ჩაერთონ ხელისუფლებასთან ერთად. მაღალი დონის ტრიბუნიდან მოხდა იგივე საკითხის გამეორება, რასაც ვამბობდით, რომ ევროინტეგრაცია არის საერთო ეროვნული საკითხი და აქ არ შეიძლება, რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს, როგორც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ როგორმე, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის დაუშვებელი და საქართველოს ინტერესებს აზიანებს. ამიტომ, მკაფიო იყო გზავნილები. ევროპელმა ლიდერებმა ყველა მხარეს მოუწოდეს, სამუშაო პროცესში ჩაერთონ, იმუშაონ ინკლუზიურად, არა ცალკე, არამედ იმ საკითხებზე, რომელიც საერთო ამოცანად არის განსაზღვრული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრემიერმა ევროპელ კოლეგებს ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა“, – განაცხადა თალაკვაძემ.