ნინო წილოსანი: რეკომენდაციების შესრულება ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თითოეული მათგანი თავისი შინაარსით ქვეყანას უკეთეს დემოკრატიულ მოცემულობაში ჩააყენებს
„მე პარლამენტის იმ ნაწილს წარმოვადგენ, რომლისთვისაც ამ 12 რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია და, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ეს დიდი მისია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გვაქვს აღებული, შევასრულოთ. ასევე, გულწრფელად მეცოდებიან ის ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური სიხარბის გამო არ ერთვებიან ამ პროცესში, ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ამ მნიშვნელოვან გზაზე ხელი შეუშალონ. ქვეყნის სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენებას არ ერიდებიან და ისტორიის არასწორ მხარეს დგანან. ალტერნატიულ პროცესებს იწყებენ იმისთვის, რომ თავად ეს პროცესი ცირკს დაემსგავსოს და ამ ამღვრეულ წყალში მერე თავად თევზი დაიჭირონ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას და ევროკავშირის მეცხრე რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გენდერული თანასწორობის კუთხით არის გაცემული.
„რეკომენდაციების შესრულება ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თითოეული მათგანი თავისი შინაარსით ქვეყანას უკეთეს დემოკრატიულ მოცემულობაში ჩააყენებს. ევროკავშირის რეკომენდაციებში ორი ძირითადი მიმართულებით გვაქვს დავალებები განსაზღვრული – ესაა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სტამბულის კონვენციასთან კიდევ უფრო დაახლოება და სათანადო მუხლების შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული კვოტირება და ის საკითხები, რომელიც გაწერილი გვაქვს”.
დეპუტატმა მადლობა გამოხატა იმ აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო დონორების და სხვათა მიმართა, რომლებიც მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებებისა, ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანდებიან მმართველ გუნდთან, ასევე, ოპოზიციის იმ წევრებს გადაუხადა მადლობა, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესებში.
„იმავეს ვერ ვიტყვი ,,ნაციონალური მოძრაობის,, იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც საბჭოს წევრები არიან და არც კი მიუღიათ, არამხოლოდ ამ შეხვედრებში, არამედ საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს შეხვედრები საბოლოო შედეგებამდე გავაგრძელოთ და ეს ქვეყნისთვის და ქალების უფლებებისთვის უკეთეს შედეგს მოიტანს”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.