თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: ისმის სხვადასხვა აბსურდული განცხადებები მშვიდობიან დამხობაზე, რევოლუციაზე
„ადგილობრივი ინსტიტუციები არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ისინი შეძლებენ სისრულეში მოიყვანონ შავბნელი განზრახვები,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა 31 აგვისტოს შემდეგ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
„იმისათვის, რომ საინფორმაციო ხმაური შეიქმნას, რადიკალური ჯგუფების წისქვილზე მოხდეს წყლის დასხმა შესაბამისი ევრობიუროკრატების მხრიდან, რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ სწორედაც 31 აგვისტო ან სხვა ნებისმიერ თარიღზე თვითმმართველობის არჩევნებამდე, შეთანხმდნენ, მოიფიქრონ იმისათვის, რომ მორიგი მაშველი რგოლი გადმოაგდონ რადიკალების მისამართით. ამასობაში ისმის კიდეც სხვადასხვა აბსურდული განცხადებები მშვიდობიან დამხობაზე, რევოლუციაზე, 13 სექტემბრის თემამაც გაიჟღერა, რომ ემზადებიან. რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული სცენარი, რომლითაც ცდილობენ ისინი პროცესის მართვას. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მთავარი საყრდენი ადგილობრივი აგენტურის სახით აბსოლუტურად გაკოტრებულია პოლიტიკურად, ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, არის ის, რომ როგორღაც წყალი აამღვრიონ და ამ მღვრიე წყალში გაუადვილდეთ თევზის დაჭერა. ადგილობრივი ინსტიტუციები არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ისინი შეძლებენ სისრულეში მოიყვანონ შავბნელი განზრახვები. ამას ვერ მოესწრებიან“,- განაცხადა ჭეიშვილმა.