არჩილ თალაკვაძე: ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას ჰქონოდა დემოკრატიული არჩევნები, ნორმალური სახელმწიფო ინსტიტუტები, მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი მედია

“ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა “ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე ხელისუფლება, შესაბამისად, ადამიანებს დემოკრატიის ხელშეწყობისთვის არ ასანქცირებენ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, სანქციები ჯერ არ შეხებიათ, სიაში არიან ქართველებიც.

თალაკვაძის შეფასებით, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას ჰქონოდა დემოკრატიული არჩევნები, ნორმალური სახელმწიფო ინსტიტუტები, მრავალპარტიული პარლამენტი და თავისუფალი მედია.

“სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის არის სამართლიანი. ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სანქციებზე განუწყვეტლივ ლაპარაკობს ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მათ ძალიან უნდათ, რომ რაიმე ტიპის გამოხმაურება ჰქონდეთ მათ განცხადებებს, მაგრამ ფაქტია ის, რომ ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა “ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე ხელისუფლება. ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას ჰქონოდა დემოკრატიული არჩევნები, ნორმალური სახელმწიფო ინსტიტუტები, მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი მედია, საქართველოს მიეღო უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება – ყველაფერი ეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოხდა. შესაბამისად, ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. თუ ვინმე განიხილავს ასეთ სანქციებს, ეს არის უსამართლო და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრინციპებთან, რომლის დამცველიც არის საქართველო. ოპოზიციის საუბარი სანქციებზე არის აბსურდული და სიებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები