სიყვარული მის ცხოვრებაში სიკვდილამდე ერთი წლით ადრე შეიჭრა, იმ მომენტში, როდესაც ის სრულიად სასოწარკვეთილი იყო. მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალგაზრდა ბერძენი ემიგრანტი, პროფესიით დალაქი, რომელმაც მას რთულ პერიოდში ხელი გაუწოდა და საკუთარი გული შესთავაზა.
მათ ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს – უკანასკნელ წლებში ის მისთვის მეორე სახლი გახდა. საგზაო შემთხვევები, მძიმე ტრავმები, მუდმივი ტკივილები, მორფი, გრძელი დეპრესია – მომღერალი გამუდმებით ამ მდგომარეობაში იყო.
ახალგაზრდა კაცი მის პალატაში მივიდა – ხელში თოჯინა ეკავა – და უთხრა, რომ ის მას წარმატებას მოუტანდა, ვინაიდან სათამაშო უბრალო არ გახლდათ. ეს თოჯინა მისი სამშობლოდან, საბერძნეთიდან იყო. ედიტს გაეცინა, მაგრამ მეორე დღეს ახალგაზრდა მამაკაცი მასთან ყვავილებით მივიდა, მოგვიანებით კი, ხელი სთხოვა.
ედიტი წინააღმდეგი იყო. არგუმენტად მძიმე ცხოვრებას და ასაკობრივ სხვაობას ასახელებდა. მამაკაცმა მოუსმინა და უთხრა: „ჩემთვის შენ დაიბადე იმ დღეს, როდესაც მე დაგინახე.“
ორი თვის შემდეგ ტეომ მშობლებს აღფრთოვანებით ჰკითხა, თუ რა განწყობა შეექმნებოდათ, თუ ის მათ ედიტ პიაფს გააცნობდა? ტეოს მშობლებმა და დამ ლაპარაკის უნარი დაკარგეს. ტეომ მათ პირდაპირ მიახალა: „ის მანქანაში გელოდებათ.“
ერთი კვირის შემდეგ პიაფი ტეოს სახლში იქნა მიწვეული ჩაიზე, მაგრამ ბიჭის ნათესავები ღელავდნენ და როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. ცხოვრებაში პიაფი მოკრძალებული და მორიდებული აღმოჩნდა. თავიდან ტეოს მშობლებმა ვერც კი იფიქრეს, რომ მათ შვილსა და ედიტს, მეგობრობის გარდა, სხვა რამ აკავშირებდათ.
როცა გაიგეს, რომ რომანი ჰქონდათ, ტეოს მამა განცვიფრდა – შვილს პიაფის წარსული შეხსენება დაუწყო და ასაკობრივ სხვაობაზე მიუთითებდა. ედიტის სიყვარული, როგორც მომღერლის – ეს სხვა იყო, ხოლო იმის მიღება, რომ წყვილს ქორწინება სურდა – სულ სხვა. პიაფი თვითონაც მიხვდა, რომ მისი საყვარელი ადამიანის ოჯახი გაოგნებული იყო. მაშინ მან სხვა მიდგომა სცადა და დაჰპირდა მათ, რომ ტეოსგან ვარსკვლავს გამოიყვანდა.
მან ტეოს ფსევდონიმი გამოუგონა: ტეო სარაპო. ამ ურთიერთობის შესახებ ტეოს დამ წიგნი დაწერა. მან, როგორც სხვამ არავინ, იცოდა, თუ რაოდენ უყვარდა მის ძმას ედიტი. თანატოლებთან ტეო საკუთარ თავს ნამდვილ მამაკაცად ვერ აღიქვამდა. ედიტის გაცნობამდე ცოტა ხნით ადრე ტეო ომში იყო, ალჟირში. ბევრის ნახვის და ძლივს გადარჩენის შემდეგ, ის მომავალზე არ ფიქრობდა. ცხოვრობდა მომენტით და აფასებდა მას. პიაფი, რომელსაც ბევრი რამ ჰქონდა ცხოვრებაში ნანახი, ასეთივე იყო.
პირველად ისინი სცენაზე პარიზში, დარბაზ „ოლიმპიაში“ გამოვიდნენ. წყვილი სიყვარულის შესახებ მღეროდა და ბედნიერად გამოიყურებოდა.
„ადამიანები, რომლებიც სიყვარულზე არ ფიქრობენ, სრულფასოვნები არ არიან. მათ, ვისაც სიყვარულის აღარ სჯერათ, ვინაიდან ამ გრძნობამ ოდესღაც დატანჯა, არ შეუძლიათ ნამდვილი სიყვარული“, – ედიტ პიაფი.
მათი ქორწილი 1962 წლის 9 ოქტომბერს შედგა. მიუხედავად პიაფის განქორწინებისა, მათ ნება დართეს, რომ ჯვარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაეწერათ. ეკლესიაში ცნობისმოყვარე ადამიანები უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე ნათესავები და ახლობლები, მაგრამ რაც არ უნდა ეთქვათ ბოროტ ენებს, ახალდაქორწინებულები მაინც ბედნიერები იყვნენ.
ტეომ და ედიტმა საკუთარი სიყვარულში სკეპტიკოსებიც კი დაარწმუნეს: რომ საქმე ჰქონდათ არა
მეზალიანსთან, არამედ ბედნიერ წყვილთან. თანაც, იმ დროისთვის პიაფს არაფერი ებადა. მან დიდი ქონება გაფლანგა და თანაც, ვალები დაიდო. საზოგადოების ვერსია „ალფონსი ტეოს“ შესახებ მალევე დაინგრა.
სიცოცხლის ბოლოს პიაფმა მიიღო ის, რასაც „დაუმსახურებლად“ მიიჩნევდა. ეს ტეოს დაუსრულებელი ზრუნვა გახლდათ… ზრუნვა ქალზე, რომლითაც ის აღფრთოვანებული იყო. 27 წლის სიმპათიური ბიჭი დღეს და ღამეს ატარებდა ქალის საწოლთან, კოვზით აჭმევდა მას. გარდა ამისა, საყვარელ ქალთან საჩუქრები მიჰქონდა, უკითხავდა წიგნებს…
ედიტი 1963 წელს გარდაიცვალა. მომღერალი მთელმა საფრანგეთმა დაკრძალა. ის უნიკალური ხმის გამო შეიყვარეს, რომელიც ვერაფერში შეგეშლებოდა. ედიტისგან მემკვიდრეობით, ტეომ რამდენიმე მილიონი ფრანკის ოდენობის ვალი მიიღო. ვალები მომღერალს ჯერ კიდევ ქორწინებამდე ჰქონდა და ტეომ მათ შესახებ იცოდა. მან ბინა გაყიდა, რათა ვალები დაეფარა. თითქმის, ყველა ჰონორარი ედიტის ვალების დასაფარად მიდიოდა. მან მომღერლის გარდაცვალების შემდეგ შვიდი წელი იცოცხლა. შვიდი წლის შემდეგ ტეოს მანქანა ხეს შეეჯახა… ის საყვარელი ქალის გვერდით დაკრძალეს.
კომენტარები
კომენტარი