ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში დაიბადა. ძერწვა 8 წლისამ, ხოლო ხატვა 11 წლის ასაკში დაიწყო. 15 წლისამ მერაბ ბერძენიშვილის სამხატვრო სტუდიის კარი შეაღო. სტუდიაში თავად დიდი მოქანდაკე ასწავლიდა. ამბობს, რომ ქანდაკება მისი სულის და გულის ნაწილია.
გამორჩეულია ახალგაზრდა ხელოვანის მიერ შექმნილი ემოციურად მეტყველი და სახასიათო პორტრეტები, ორიგინალური კომპოზიციები….
„მუშაობის დროს აზროვნებას და ფიქრს ვანიჭებ უპირატესობას, ამ დროს სულ სხვა სამყაროში ვარ“…
ოცდათხუთმეტი ჯგუფური და სამი პერსონალური გამოფენის მონაწილეა…
ორჯერ დაჯილდოვდა ლაურეატის მედლით.სამომავლოდ სტუდიის გახსნას აპირებს მომავალი თაობებისთვის. – მხატვარ – მოქანდაკის, გიორგი კიკაძის პერსონა.
– ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში დაიბადეთ. ჯერ ძერწავდით, შემდეგ ხატვა დაიწყეთ… პირველი ნამუშევრები… სკოლის პერიოდი და შემოქმედებითი მოღვაწეობა…
– დავიბადე ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში. ძერწვა 8 წლის ასაკში დავიწყე, ხატვა – 11 წლისამ. თავიდან ვძერწავდი ტექნიკას და ვხატავდი ცნობილი მწერლების პორტრეტებს, პეიზაჟებს…13 წლისამ ლევ ტოლსტოი გამოვძერწე.
18 წლისამ დავიწყე კომპოზიციური აზროვნება, 28 წლის ასაკში დავხატე „სიყვარულის ომი“, „ქაოსი“, „ჯვარცმა“, ქანდაკებაში – წმინდა გიორგი და ქალის ფორმა. ილია ჭავჭავაძის ქანდაკება…
– მერაბ ბერძენიშვილის სამხატვრო სტუდიაში სწავლობდით… თავად ბატონი მერაბი გასწავლიდათ….
– ვსწავლობდი მერაბ ბერძენიშვილის სამხატვრო სტუდია „მუზაში“. მასწავლიდა მერაბ ბერძენიშვილი და მისი მოწაფე გიორგი ჭანკოტაძე, აგრეთვე – მიხეილ გვასალია. მერაბი ურთიერთობაში ძალიან თბილი, ყველასთვის გამორჩეული იყო. მისი საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. მეტად მაქცევდა ყურადღებას. დღეს მისი მოწაფე გიორგი ჭანკოტაძე მიწევს რეკომენდაციებს.
– რა გიზიდავთ ქანდაკების შექმნისას?
– ქანდაკება – უფლის წილხვედრი იყო ჩემში. მივხვდი, ეს თავიდანვე ჩემში იყო და ბოლომდე მივდევ ქანდაკებას. ქანდაკებაში ყველაზე მეტად ძერწვის პროცესი მიყვარს. როცა ხელით ვეხები მას და ვძერწავ, ყველაფერისგან ვითიშები, თავისუფალ სამყაროში ვმოგზაურობ და მგონია, ჩემი გულის ნაწილს ვქმნი.
– თქვენი მხატვრობა სხვადასხვა სტილს აერთიანებს…
– ჩემს შემოქმედება აერთიანებს როგორც რეალისტურ, ასევე სიურეალისტურ სტილს, აბსტრაქციას, კუბიზმს, თავისუფლებას…
– ამბობთ, რომ თქვენთვის უმნიშვნელოვანესია ხატვის დასასრული…
– ხატვის დასასრული ჩემთვის მთავარია. როცა ნამუშევარი სრულდება, ყველასგან მოწყვეტილი, თავისუფალი ვარ და მგონია, რომ ამ სამყაროს ზედამხედველი ვარ.
– როგორ შეიქმნა წმინდა ილია მართლის ქანდაკება? მთელი აქცენტი თვალებზეა გადატანილი… მრავლის მეტყველია ერეკლე მეფის პორტრეტი…
– წმინდა ილია მართლის ქანდაკების შექმნა ორი წლის წინ მინდოდა, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე, და როდესაც განწყობა მოვიდა, უცებ იფეთქა ჩემში მხატვრულმა ემოციამ: ჯერ შევქმენი ჯვარი. ეს ნიშნავს, რომ იგი წმინდანია, გამოხედვა კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ღირსეული პოეტი და ადამიანია.
ერეკლე მეფის სახე კი დასერილია – ნაომარ მეფეს ძლიერი ნაიარევი აჩნევია და მტკიცე ხასიათი იგრძნობა…
– „შემოქმედებაში აზროვნებას და ფიქრს ვანიჭებ უპირატესობას, ამ დროს სულ სხვა სამყაროში ვარ“.. – ამბობთ ერთ ინტერვიუში. ანუ შთაგონება გჭირდებათ თუ წინასწარ ფიქრობთ, რაც უნდა დახატოთ ან გამოაქანდაკოთ?
– მუშაობის პროცესი… თუ თავისუფალ კომპოზიციას ვქმნი, წინასწარ არ ვიცი, რა გამოვა. სულ მაქვს მუზა და მოულოდნელი განცდა. ასეთი ნამუშევრები ერთი ხელის მოსმით იქმნება და დასრულებისას ვიგებ, რა არის. თუ თემატიკას ეხება, ამ შემთხვევაში წინასწარ ვიცი, როგორი გამოვა.
– რომელიმე ნახატის ან ქანდაკების შექმნის საინტერესო ისტორია, მოგვიყევით…
– ნახატი „სიყვარულის ომი“ იქმნებოდა ერთი თვის განმავლობაში. ეს ჩემი სიყვარულის ისტორიას მოიცავს. კონფლიქტი მქონდა სიყვარულში მთელი ერთი წლის განმავლობაში და ამ ურთიერთობას დაუკავშირდა.
რაც შეეხება წმინდა გიორგის ქანდაკებას, ორი წელი იქმნებოდა. ეს ჩემი სიყვარულისთვის შევქმენი, რადგან წმინდა გიორგი ჩემი მფარველი ანგელოზია და სულ მინდოდა, შემექმნა და შევქმენი. მეკითხებიან ხოლმე, რამდენად უნდა გაყიდოო, მათ ვპასუხობ, არ ვყიდი, რადგან ეს სულის ქმნილება, ჩემი ნაწილია – მეთქი.
– თავისუფლების შეგრძნება – რას ნიშნავს, როცა შემოქმედების დროს თავისუფალი ხარ…
– მუშაობის პროცესში სრულიად ცალკე ვარ და თავისუფალი, ეს თავისუფლება ჰგავს იმას, როგორც ცაში მტრედი დაფრინავს თავის ნებაზე. ისე ვარ მეც.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი სპორტია, ძალოსნობა…
– გამოფენები…
– ოცდათხუთმეტი ჯგუფური და სამი პერსონალური გამოფენა მქონდა… ორჯერ დავჯილდოვდი ლაურეატის მედლით, ექვსი სატელევიზიო გადაცემა მომზადდა… საქართველოს მხატვართა შიდა ქართლისა და იმერეთის მხატვართა კავშირის წევრი ვარ, ორ კონკურსში გავიმარჯვე… ჩემი ნახატები არის კერძო კოლექციებში – საზღვარგარეთ, მუზეუმებში ქანდაკება და ნახატი ინახება.
– რამდენ ხანს ანდომებთ ერთ ნამუშევარს?
– ქანდაკებას ვუნდები მაქსიმუმ ერთ თვეს, ნახატს – ერთ ღამეს ან ორ კვირას.
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი გეგმები საზღვარგარეთ მოგზაურობაა, გამოფენების და სიახლეების ნახვაა. მინდა სამხატვრო სტუდიის გახსნა, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს. ასევე ჩემს ნამუშევრებს გადავცემ მუზეუმებს.
თამარ შაიშმელაშვილი