ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე ეკა ბესელიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერს, ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ბესელიას თქმით, სატელეფონო საუბრების დიდი ნაწილი იმ პერიოდს ეხება, როდესაც ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

,,ეს შემთხვევა ეხება 2021 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენას. დავიკითხე მოწმის სახით, სექტემბერში დაიწყო ამ საქმის გამოძიება და ახლა მცნეს დაზარალებულად, თუმცა ამას წინ უძღოდა ჩემი მოთხოვნა, როდესაც პირადად მივმართე პროკურატურას. როგორც ვიცი, სხვა პირების მიმართაც არის დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილება. დიდი ნაწილი ამ სატელეფონო საუბრებისა ეხება იმ პერიოდს, როდესაც მე ვიყავი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, 2017-2018 წლებში, ეს გაცილებით უფრო სახიფათოა, იმიტომ, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მოსმენა კიდევ უფრო ამძიმებს იმ დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლით.
რაც შეეხება მოლოდინებს, დღესაც ვიკითხე, არის თუ არა რაიმე დადგენილი, ან გარკვეული და მითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მეეჭვება რაიმე დადგინდეს, ჩემი ვარაუდით, კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე, შეუძლებელია ამ მასშტაბით ფაილების დახარისხება და კრებსების გაკეთება გადაეწყვიტათ ფიზიკურ პირებს, ამას აკეთებენ ძალოვანი უწყებები. ამიტომ, ძნელად წარმომიდგენია ამაზე პასუხისმგებელი პირები გამოკვეთონ. ის, რომ ამ ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავინ აიღო და მცდელობაა, რომ მიიმალოს ეს დანაშაული, ძალიან სახიფათოდ მეჩვენება. რა დააზღვევს იმას, რომ ახლაც იგივე არ ხდება? ზუსტად იმიტომ არის საჭირო ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, რომ ეს იყოს დაზღვეული მომავალშიც“, – ამბობს ბესელია.

შეგახსენებთ, 2021 წლის 13 სექტემბერს ე.წ. კრებსები გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ 58 000-მდე ფაილს შეიცავდა. აღნიშნული დოკუმენტები სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები