ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები