ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, მომხდარი უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს.
„კონფლიქტი უმნიშვნელო ნიადაგზე დაიწყო, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც იქ არსებული ურნა წააქცია და ამის შემდეგ უკვე მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 8 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ამ შემთხვევაში, სხვა ღონისძიებების გამოყენება ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნებოდა. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს“,- განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.