ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს მცხეთისა და ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხულოგნობის მუხლით დაკავებული ერთ-ერთი პირის, რატი ჩაჩანიძის ადვოკატი შოთა მანელიძე იზოლატორში შესვლამდე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღნიშნული მუხლით ბრალის წარდგენა აბსურდულია.

„რატი ჩაჩანიძის დაკავება 239-ე მუხლით მოხდა. ეს ნამდვილად არ არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, მაგრამ მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ სამართლებრივი შემადგენელი ამ კვალიფიკაციას რატისთან მიმართებაში უბრალოდ არ გააჩნია. საუბარია, აგარაკის შიდა პერიმეტრზე არსებულ რაღაც ინციდენტზე და ამ ინციდენტში რატის რაღაც მიზერულ მონაწილეობაზე, რატი ამბობს, რომ ის მხოლოდ ახალგაზრდების გაშველებით შემოიფარგლებოდა. რატი იუბილარის ინიციატივით მივიდა არაბულებთან საცხოვრებელ სახლში“, – განაცხადა მანელიძემ.

მისივე განმარტებით, ჩაჩანიძემ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც „ახალგაზრდა მიწაზე დაჭრილ მდგომარეობაში იწვა და რომ დაკავებულისთვის წინმსწრები მოვლენები უცნობია“.

რაც შეეხება პირს – დავით ჯიჯეიშვილს, რომელმაც სავარაუდოდ, მირიან კუკავას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ის სამართალდამცველებმა გუშინ, 29 ივლისს დააკავეს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცველები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები