პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთ პირი, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – 18 წლის ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დავით ჯიჯეიშვილი კი ამ დრომდე ძებნაში იყო.