მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ბმა-ს ფარგლებში 96 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით, მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 96 პროექტი განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, 37 პროექტი მიმდინარეობს და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. ერთ-ერთი მისამართი, სადაც წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ზღვისუბნის მე-4 კვ. N4 კორპუსია. პროექტის ფარგლებში, ახალი მილები 295 გრძივ მეტრზე ეწყობა.
ასევე, მონტაჟდება ექვსი საკომუნიკაციო ჭა. აღნიშნულ კორპუსში 1 024 კვ.მ ფართობზე სახურავიც რეაბილიტირდა, აგრეთვე, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
გამგებელი და საკრებულოს წევრი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.
,,ნაძალადევის რაიონში აქტიურად ვაგრძელებთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტების დაფინანსებას. მიმდინარე წელს კორპუსების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 96 პროექტი განვახორციელეთ, ამას გარდა, 37 მიმდინარე პროექტი გვაქვს. აღნიშნულ მისამართზე სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება და კორპუსის ეზო კაპიტალურად მოწესრიგდება“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 2 205 088 ლარია.