ხატავდა ბავშვობიდან, დადიოდა ხატვის წრეზე პიონერთა სასახლეში, შემდეგ – სამხატვრო სკოლაში… მრავალ საბავშვო გამოფენაში მონაწილეობდა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა…
სადიპლომო თემად დაისახა, ქართული ნაციონალური ელემენტების გამოყენებით, ქალის ახალგაზრდული გამოსასვლელი კაბების შექმნა…
არის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 20-წლიანი პედაგოგიური სტაჟით…
ხელმძღვანელობს სამხატვრო სტუდია „სპექტრს“ .
არის როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენების მონაწილე…
ხატავს პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, აბსტრაქციას, მოდის ილუსტრაციას. – მხატვრისა და პედაგოგის, თეა ბოდოკიას პერსონა.
– ბავშვობიდან ვხატავ. ამიტომ ჯერ პიონერთა სასახლეში მატარეს ხატვის წრეზე, მერე იოსელიანის ქუჩაზე სამხატვრო სკოლაც დავამთავრე წარჩინებით. ამ დროის განმავლობაში ბევრ საბავშვო გამოფენაში ვმონაწილეობდი, საბავშვო გაზეთებში იბეჭდებოდა ჩემი ნახატები და კარგად მახსოვს, ჩემს პირველ გამოფენაზე ჩემი ნახატისკენ ხელგაწვდილი გოგონა, რომელიც დედას ეუბნებოდა, დედა, მე ეს ნახატი მომწონს, ნახე, რა ლამაზი გოგო ხატიაო. მახსოვს, რა სასიამოვნო იყო ეს შეგრძნება.
– სკოლის პერიოდშიც ხატავდით…
– სკოლის პერიოდშიც, რა თქმა უნდა, ვხატავდი და ხატვის პედაგოგი ყველა კონკურსზე მაგზავნიდა მონაწილეობის მისაღებად, მინდა აღვნიშნო ძალიან საინტერესო გამოცდილება, როდესაც კონკურსში გავიმარჯვე და რამდენჯერმე ჯილდოც ავიღე. მოვხვდი ტელევიზიაში კოკა ყანდიაშვილთან, ჩემი გამარჯვებული იდეით გაფორმდა „დიდების ზღაპრის” ქუდი.
სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ქიმია- ბიოლოგიის გაძლიერებულ კლასში ვიყავი. ყველა გაოცებული დარჩა, როდესაც განვაცხადე, რომ სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი (იმდენად კარგად ვსწავლობდი, ეგონათ, სამედიცინოზე ჩავაბარებდი).
– თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ – გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– ბოლო წელს უკვე, როგორც აბიტურიენტი, მართალია, ლამპის შუქზე (მოგეხსენებათ, 90-იანებში რა გაჭირვებაც იყო) ძალიან ბევრს ვხატავდი. ჩასაბარებლად მაშინ ძალიან პრესტიჟული მიმართულება – მოდის დიზაინი ავირჩიე. დამეთანხმებით ალბათ, რომ ქალბატონებისთვის ყველაზე ახლობელი და საინტერესო პროფესიაა.
ხატვა-ფერწერაში ბავშვობიდან ვმუშაობდი, მაგრამ პირველი მოდის გოგოების ხატვას ბახტაძეების სახელოსნოში ეკა ბახტაძემ მაზიარა. ამ მიმართულებაზე თბილისის საუკეთესო გოგონები სწავლობდნენ. იმ დროისთვის აკადემიაში ამ ფაკულტეტზე ჩაბარება საკმაოდ რთული იყო, ჩემი სანუკვარი ოცნებაც ახდა და წარმატებით ჩავაბარე.
შემდეგ დაიწყო კურიოზებით სავსე სტუდენტობის საუკეთესო წლები. მართალია, ცუდი დრო იყო, აკვარელის სახატავად წყალი სახლიდან მოგვქონდა, რადგან წყალი არ მოდიოდა და გაყინულ ოთახებში ხელთათმანებით ვხატავდით, მაგრამ მაინც ყველაფერი გვიხაროდა და იუმორით ვუყურებდით.
საკმაოდ ძლიერი ჯგუფი გვყავდა, სასტუმრო „საქართველოში“ საუკეთესო გრანდიოზული დიპლომების დაცვას გავუწიეთ ორგანიზება. ეს იყო საინტერესო იდეებით დახუნძლული შოუ, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავდა. ასევე ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება იყო ავანგარდული მოდის ასამბლეა, რამეთუ იმ პერიოდისთვის ასეთი მასშტაბური ღონისძიება არ გამართულა და ყოველთვის საუკეთესო ემოციებით ვიხსენებთ.
– სადიპლომო თემად დაისახეთ, ქართული ნაციონალური ელემენტების გამოყენებით, ქალის ახალგაზრდული გამოსასვლელი კაბების შექმნა…
– დიახ, გათანამედროვების ეს მცდელობა იმ პერიოდისთვის წარმატებით დასრულდა.
რადგან პირველი რამდენიმე მოდელი მალევე გავყიდე, დარჩენილი მოდელები კი სხვადასხვა ღონისძიებაზე ეცვათ წამყვანებს. ეს და სხვა კოლექცია მოგვიანებით გამქონდა სარდაფში, „ელიტ კლუბში“, „ჯაზკლუბში“ მოწყობილ შოუებში.
– სამხატვრო აკადემიის პროფესორი ხართ, 20-წლიანი პედაგოგიური სტაჟით…
– აკადემიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩემი საყვარელი პედაგოგი ზურა სამხარაძე, როგორც წარჩინებით ინსტიტუტდამთავრებულს, დამეხმარა, კაფე-ბარ „ვინსენტში“ ჩემი პირველი პერსონალური გამოფენის გამართვაში, შემდეგ იყო ასპირანტურის წლები და ახალი კოლექცია.
აკადემიის იმჟამინდელი რექტორის სოსო ქოიავასა და არქიტექტურის ფაკულტეტზე ინტერიერის მიმართულების ხელმძღვანელის ემზარ ჯაფარიძის ინიციატივით, დავრჩი სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მოწვეულ პედაგოგად. შემდეგ იყო პირველი აკადემიური კონკურსი, სადაც მივიღე მონაწილეობა და გავხდი დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების ასისენტ-პროფესორი, შემდგომ კი – ასოცირებული პროფესორი.
20-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში ჩემს ხელში ბევრმა თაობამ გაიარა და მათთან ურთიერთობაში ბოლომდე ვიხარჯები, მაქსიმალურად ვცდილობ, გადავცე ჩემი გამოცდილება. მომავალი დიზაინერებისთვის შევქმენი პირველი ფერადი ილუსტრაციებით წიგნი – „მოდის დიზაინის ლექსიკა”. ეს დამხმარე სახელმძღვანელო ეხმარება მათ, დაინახონ მოდა სხვადასხვა მხრიდან და გაეცნონ მოდის ისტორიას მშობლიურ ქართულ ენაზე.
– სამხატვრო სტუდია „სპექტრს“ ხელმძღვანელობთ და მოწაფეებიც გყავთ… სტუდიის საქმიანობაც საინტერესოა…
– ჩემი პატარა სახელოსნო სტუდია „სპექტრი” 4 წელია არსებობს, აქ საშუალება ეძლევათ როგორც ბავშვებს, ასევე – ნებისმიერ მსურველს, შეისწავლოს ან კვალიფიკაცია აიმაღლოს ხატვაში, ფერწერაში, დეკორატიულ ხელოვნებაში, მოდის დიზაინში, არტთერაპიაში. ვცდილობთ, ყოველწლიურად გავმართოთ გამოფენები და დამთვალიერებელი ჩვენს შემოქმედებას ვაზიაროთ.
– ფეისბუქზე გაქვთ გვერდი, სადაც თქვენს ნამუშევრებს აქვეყნებთ, როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს… ხატავთ პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებს…
– ვმუშაობ სხვადასხვა მედიუმში – აკვარელი, გუაში, ტუში,ზეთი, აკრილი.
ვხატავ როგორც პორტრეტებს, ასევე – პეიზაჟებს, ნატურმორტებს, აბსტრაქციას, მოდის ილუსტრაციას. ჩემი ძველი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით მომწონს: „ჰელიოსის ცოლი”, ხოლო უახლესი ნამუშევრებიდან – „ძველი ქალაქი” და „ბათუმური ეზო”.
– გქონდათ როგორც პერსონალური გამოფენები, ისე ჯგუფურ გამოფენებშიც მონაწილეობდით… რომელ გამოფენას გამოყოფდით?
– გამოფენებიდან საუკეთესო მოგონებად დარჩა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ხოლო ჩვენებებიდან მოდების ჩვენება სარდაფში, დასახელებით – „ჯინსების თაობა”.
– შთაგონება… როგორ ქმნით ნამუშევრებს?
– შემოქმედებითი პროცესი ხშირად იდეაზე ფიქრით იწყება, რომელიც ზოგჯერ ნელ-ნელა ან სწრაფად ღვივდება და ტილოზე ძალიან სწრაფად აისახება (თუ ერთი ამოსუნთქვით არ დავამთავრე, შეიძლება თვეები გავიდეს და შემდეგ დავამთავრო).
ხდება ისედაც, როცა იდეა ტილოზე ხატვის დროს მოდის და სპონტანურ ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. ორივე შემთხვევაში საინტერესო შედეგს ვიღებ.
– ოჯახი…
– მხატვარი არც დედა მყავს და არც – მამა, თუმცა ორივე ხელოვნების თაყვანისმცემელია. დედა ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი გემოვნებით და მოდის დიზაინის მიმართ ჩემი არჩევანიც მეტწილად მისი დამსახურებაა.
დედა ქართულის ფილოლოგი, მამა ენერგეტიკოსი. მყავს ერთი შვილი ნიკოლოზი და მასთან ერთად ვცხოვრობ.
თამარ შაიშმელაშვილი