ვახტანგ გომელაური უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აზიზბეკ იკრამოვთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ ქართული მხარის მიერ უზბეკი კოლეგებისთვის გაზიარებული გამოცდილება მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება.

უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს, მომსახურების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები