თბილისის საკრებულოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, კახაბერ ლაბუჩიძესთან ერთად, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მხრიდან მემორანდუმს ხელი ამავე სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერა. შეთანხმების თანახმად, მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დედაქალაქის საკრებულოში დასაქმებულ პირთათვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცებასთან დაკავშირებული ერთობლივი სატრენინგო, სასემინარო პროგრამების შემუშავებასა და სერტიფიკატების გაცემას.

“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით გვსურს, მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირებისთვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. ვფიქრობთ, სააგენტოსთან ამ ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია თბილისის რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის. ასევე გვსურს, ეს მემორანდუმი, სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის წარმატებულ და სანიმუშო პროექტად ვაქციოთ”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს იმ პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, რომლებიც რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, რელიგიის თავისუფლებასთან და თბილისის რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებასთანაა დაკავშირებული. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ შესაბამისი სამუზეუმო და ფოტო-ვიდეო მასალების ექსპოზიციასა და ტურისტული მარშრუტების გზამკვლევების გამოცემა-პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები