მუშტი-კრივი, ქეიფი და „ქვის კრივი“ – როგორ ატარებდნენ დროს XIX საუკუნის თბილისში
ფიროსმანის თანამედროვე, თვითნასწავლი თბილისელი მხატვარისა და მწერალის, კარაპეტ გრიგორიანცის წიგნში – „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ დეტალურად და საკმაოდ საინტერესოდ არის აღწერილი მე-19 საუკუნის თბილისელთა ზნე-ჩვეულები: სად და როგორ ერთობოდნენ, რა ტრადიციები და მისწრაფებები ჰქონდათ და ასე შემდეგ. როგორც ირკვევა, ლხინისა და გართობისათვის, ძირითადად, კვირა დღე იყო გამოყოფილი.
„ეს გასართობები ყოველ დღეს იყო, მაგრამ კვირაობით უფრო ათკეცათ მეტი სამსადისი და მეტი სტუმრობა იყო. კვირა დღეებით ხალხი ნასადილევის საათის ხუთამდისინ ლხინში იყო. მერე აიშლებოდნენ და ჭიდაობის საცქერლათ მიეშურებოდნენ. რაკი ჭიდაობა დაიშლებოდა, ხალხი ხელ ახლად სმა-ჭამას მიჰყვებოდა, ხშირათაც იქ გაათენებდნენ, რადგანაც იმდროს გაღებისა და დაკეტის დრონი არ იყო შემოღებული. ვარანცოვის ხიდიდან დაწყობილი მუშტაიდის ბაღამდისინ ქუჩის ორივე მხარეს გასართობი მორთული სალხინო ბაღები იყო, რომლებშიაც ათასნაირი გასართობები და დროს გასატარებელი დაკვრა და ცეკვა იყო“.
როგორც გრირორიანცი წერს, ვერისა და მუშტაიდის ბაღებამდე გართობის მთავარი ადგილი ორთაჭალის ბაღი იყო.
„ორთაჭალის ბაღები ძველ დროიდანვე ქალაქის ხალხისთვის დროის გასატარებლად და საქეიფო ადგილად ითვლებოდა.იმ ჟამად მუშტაიდის მხარე და ვერის ბაღები არ იყვნენ. ამისგამოთაც კვირა უქმობით მთელი ორთაჭალის ბაღები ქალაქის ხალხით ივსებოდა, არღნების ხმა და ზურნა დუდუკის ხმები ადამიანის გულს ართობდნენ და უფრო მეტათ ყარაჩუხალი კინტოებისა. ისინი მთელს კვირას ათასგვარი სანოვაგის გაყიდვით ფულს აქუჩებდნენ და მერე თაბუნ-თაბუნად (გუნდი, ჯგუფი) გასწევდნენ ორთაჭალის ბაღებისაკენ“.
მე-19 საუკუნის თბილისში გართობის ერთი საკმაოდ უცნაური ტრადიციაც ჰქონიათ, ე.წ. ქვის კრივი.
„ადამიანი გაოცებული რჩება იმ გარემოებაზე, თუ ჩვენი ცხოვრება რავდენ რიგათ ცვლილებას ღებულობს. ამ სიტყვის დასასურათებლად საკმარისია მხოლოდ ქვის კრივი აგიწეროთ.
ეს კრივი ყოველ კვირა დღით იმართებოდა ავლაბარში პეტრე პავლეს მინდორზე. რუსები და ქართველები ცალს მხარეზე მოიქცევოდნენ, სომხები კიდევ ცალს მხარესა. შურდული ერთგვარი ხელით ნაქსოვი აბრეშუმის ლენტი იყო სიგრძით 2 არშინი, შუა გულს ცოტა განიერი. ამ განიერ ადგილას ქვას სდებდნენ და თავიანთ მეტოქეს გამეტვით ესროდნენ. ამ საქმის შესახებ შეიძლება ვინმე იფიქროს, თუ ისინი ბავშვები იქნებოდნენ. სამწუხაროდ, მე დაგარწმუნებთ რომ იმათში ერივნენ კარგი ვაჟ-კაცებიც, ვაჭრები, მოხელები, მოქალაქენი და მოსამსახურენი.
ეჭვი არ არის, რომ თქვენ ადვილად მიხვდებით, თუ კვერცხის ტოლა ღონივრათ ნასროლი ქვა ადამიანს სახეში, თავში, ანუ საფეთქელში რა დღეს დააყენებდა.
კვირაში ხუთი ათი სული ხომ ადვილად მოკვდებოდა და ერთი იმოდენაც დამახინჯდებოდა. მე ჩემს ბავშვობაში მინახავს მუშტის კრივები ქალაქშიაც და კახეთშიაც, მაგრამ ქვის კრივი მხოლოთ აქ თუ იყო, თორემ სხვა კუთხებზე არ გამიგონია. ზოგი ვაჟკაცი სხვა ყმაწვილს ქირაობდა, რომ ქვები მოუზიდოს, ზოგიც ქირაობდა, რომ დროზე წყალი მიაშველონ წაქცეულ სულთ მობრძავს“.
ხშირად იმართებოდა მუშტი-კრივიც.
„1878 წლამდისინ საშინელი ქვის კრივები იყო, მერე უცებ გადავარდა. ახლა დაიწყეს გაცხარებული მუშტის კრივები.
მუშტის კრივები ქალაქის შორეულ უბნებშიაც იმართებოდა, მაგრამ მთავარი ცენტრი იყო ბატანიკური ბაღის სამხრეთის მხარეს, თათრების სასაფლაოს ზემოთ. ყოველ კვირა დღით ნასადილევისას იმ ბაღში იკრიბებოდნენ ქალაქის ყველა უბნის მარჯვე ღონიერი ბიჭები. მე არ მახსოვს, თუ რომელი უბანი რომელს ებრძოდა, მხოლოდ ამდენს ვიტყვი, რომ ერთობ საზარელი სანახავი იყო იმათი მუშტის ხმის გაგონება. უიარაღო ომს რომ იტყვიან, სწორეთ ის იქნებოდა.
მე კარგათ მახსოვს იმათი ბელადი უმძლავრესი მეტის მეტი ღონიერი მუშტის პატრონი, რომელსაც მეტ სახელად ქარაფ ქანდოღას ეძახდნენ, რომელიც ნიშნავს „კლდის დამრღვევს“. ეს ფალავანი ჩაერევოდა თუ არა, მაშინვე ზღვის ტალღასავით ხალხი აქეთ იქით გაექანებოდა.
მუშტის კრივის ბანაკს ამგვარი ბელადები ბევრი ყავდა, მაგრამ ყველას თავი იყო ქარაფ ქანდოღა, რომელსაც ბოლოს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ მუშტით კაცს არ გაარტყას.
მართალია მუშტის კრივი მავნებელი იყო, მაგრამ სიკვდილით ძალიან იშვიათად მოკვდებოდა ვინმე. პირის სახეში დაკაწრული და თვალები ჩასისხლიანებულიც მრავალი გვინახავს, მაგრამ შედარებით ქვის კრივთან ეს თითქმის ერთი გასართობი ყოფილიყო. მუშტის კრივმაც რამდენიმე წელი გასტანა, ესე იგი 1882 წლამდისინ ვიდრე გამოჩნდებოდა ახალგაზრდა ყმაწვილი მოჭიდავე კულა გლდანელი.
ამ ჭიდაობის აღწერით მე არ ვანბობ, თუ საქართველოში ჭიდაობა მხოლოდ იმ წელს დაიწყო, როდესაც კულა გრდანელი მოედანზე გამოვიდა.
მე კარგად ვიცი, რომ მეფების დროიდანვე საქართველოში მიღებული იყო ჭიდაობა, ძველს დროში მეფების ჟამათ ყველაზე სახელოვანი მოჭიდავე ყოფილა ხიზანბარელი, ამის გამოთაც ერთი მელექსე გრდანელის შესხმაში ამბობს, ზოგი იტყვის ნაქები ხიზანბარელი იყო, მაგრამ იგი ლოთობდა, კულას ცალი ვერ იყო“.
გამოყენებული მასალა: კარაპეტ გრიგორიანცი – ძველი თბილისის იშვიათი ამბები, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმჭიფო მუზეუმი.