ირაკლი ლექვინაძე: საზღვაო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული პირობების დაცვას
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საზღვაო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ბაზარზე მონოპოლიის დამყარებას შეუშლის ხელს და სექტორს უფრო კონკურენტულს გახდის.
„ცალკეულ სანავსადგურე ერთეულებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ხელშესაწყობად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ობიექტური, დაბალანსებული და გამჭვირვალე მიდგომის შენარჩუნება. ამდენად, ვფიქრობ, რომ საზღვაო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ხელს შეუწყობს თავისუფალი, კონკურენტული პირობების დაცვას და სამართლიანი თამაშის წესების უზრუნველყოფას. მისასალმებელია, რომ ცვლილებათა პროექტში მკაფიოდ არის გამოკვეთილი როგორც სახელმწიფოს, ასევე, კერძო სექტორის სამოქმედო არეალი, არ ხდება ფუნქციური გადაფარვა, რაც დარგის სწორ განვითარებას ხელს შეუწყობს”.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საზღვაო ქვეყნების დიდ ნაწილში აღნიშნული ფუნქციის განმახორციელებელი არის სახელმწიფო და საჯარო ინფრასტრუქტურასა და ღიაობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები.
საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო.