ამირან გამყრელიძე: მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეთ მტკიცე რეკომენდაცია – გაიკეთონ ვაქცინის მე-4 დოზა, ანუ მეორე “ბუსტერი”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეთ მტკიცე რეკომენდაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზა, ანუ მეორე “ბუსტერი” გაიკეთონ.
მისივე თქმით, აცრის მაჩვენებლის გაზრდის შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების შანსი ნაკლები იქნება.
“დაახლოებით, 4 000-მდე ადამიანს 4 დოზა ქვეყანაში გაკეთებული აქვს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულებს. მაგრამ უკვე გადაწყვეტილებაა, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეს მტკიცე რეკომენდაცია, მათ გაიკეთონ მეორე “ბუსტერი”, 4 თვის შემდეგ პირველი “ბუსტერიდან” ან დაავადების გადატანიდან.
რაც შეეხება ქვემო ასაკს, უკვე შევთანხმდით ასევე, რომ ეს იქნება 12 წლის ასაკის ზემოთ რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.
პირველი სცენარის მიხედვით დაახლოებით ასეა, ვირუსი თანდათან სუსტდება და ის პანდემიური რეჟიმიდან, თუ აცრის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და – თქვენ იცით, სამიზნე არის 70%, მაშინ ვირუსს ნაკლები შანსი ექნება, რომ არაიმუნურ ფენას შეეხოს და ის გადავა ენდემურ რეჟიმში”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.