აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე გამოაცხადებს რუსეთის მიმართ შემდგომ ნაბიჯებს, რათა კრემლის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი აიძულოს უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ეს განცხადება მან Fox News-ის ეთერში გააკეთა.
ბრიუსმა დაადასტურა, რომ ტრამპი რუსეთისთვის ვადას 50-დან 10-12 დღემდე შეამცირებს, რომლის განმავლობაშიც მოსკოვმა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება უნდა დადოს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი უკვე ხვდება, რა მოხდება, თუ პუტინს მეტი დრო მიეცემა.
„მთელი მსოფლიო ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რა ხდება. ევროპაში, რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი არიან რუსეთის ქმედებებით უკრაინის მიმართ… მე არ გავუსწრებ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებს ან მის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს. თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არასდროს მოხსნილა. პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს სხვა ეკონომიკური და სხვა ინსტრუმენტები. ჩვენ ვნახეთ, რისი გაკეთება შეუძლია მას… მან შეამცირა რეაგირებისთვის საწყისი ვადა – თავდაპირველად ეს 50 დღე იყო, მაგრამ როგორც მან შოტლანდიაში თქვა, ახლა, სავარაუდოდ, 10-12 დღე იქნება“, – თქვა ბრიუსმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მასობრივ სიკვდილსა და ნგრევას იწვევს. მანვე დასძინა, რომ მალე მსოფლიო დაინახავს იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ტრამპი მოსკოვთან დაკავშირებით გადადგამს.