შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა – ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად ნაპირსამაგრ სამუშაოებს ჩაატარებს
შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
არსებული ინფორმაციით, დაზიანდა განმუხურის ამფითეატრის საძირკველი. ასევე, დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც. მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა. შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლის ნაწილი.
ენგურის ზღვასთან შესართავის გახსნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა, რის შემდეგაც დატბორვისგან ათობით სახლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი გუგუჩია მოადგილეებსა და ზუგდიდის მერ მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება. მისივე განმარტებით, ენგურზე ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.