„ხორბალს ყავის საფქვავით ვფქვავდით, ოღონდაც რუსებისგან დახმარება არ მიგვეღო“ – უკრაინელები ოკუპირებული ტერიტორიებიდან

ქალაქი ბოროდიანკა ლოგისტიკური ცენტრი გახდა, სადაც თავს იყრის ჰუმანიტარული დახმარება მთელი ბოროდიანკას რაიონისთვის, მაგრამ სოფლებამდე ის მთლად სწრაფად ვერ აღწევს. მიმდებარე სოფლების ქუჩებში ომამდეც ცოტა ხალხი იყო, ახლა – მით უმეტეს. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ გუნდი ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა. მათ ბევრი ამბავი შეაგროვეს ბოროდიანკადან, ირპენიდან, ბუჩადან და მათ მიმდებარე სოფლებიდან.


„ლეონოვკაში სამი ქალი შეგვხვდა. ისინი ისხდნენ სკამზე, სახლთან, წარწერით – „ლენინის ქუჩა“. მათი თქმით, სოფელს შედარებით გაუმართლა. რუსები აქ 11 მარტს შევიდნენ. ის სახლები დაიკავეს, სადაც მეპატრონეები არ იყვნენ. ამბობდნენ, რომ „ცოტა ხნით“ იყვნენ.

– მათ მთავარს სერგეი  ერქვა. ის გვეუბნებოდა, რომ ისინი აქ წელიწად-ნახევრით იყვნენ და მერე წავიდოდნენ, – განმარტა დეიდა ლენამ ჯარისკაცის სიტყვები: „ცოტა ხნით“. 

– მიკაკუნებს კარზე და მეკითხება:

-დღე მშვიდობისა, როგორ არის თქვენი საქმეები?“

– და თქვენ როგორ ფიქრობთ? 

-მესმის, რომ ბრაზდებით, მაგრამ ეს ომი ამერიკამ დაიწყო და ჩვენ სისხლით ძმები ვართ. ნუ გეშინიათ, დათესეთ ბაღჩა. 

მე ჩემთვის ვფიქრობ, რას როშავს-მეთქი, ის კი აგრძელებს:

-და გაზი რა ღირს თქვენთან? პენსიები რამდენია?…

– მე შეშა მაქვს, თქვენი გაზი კი უსასყიდლოდაც არ მინდა. რა გააკეთეთ ივანოვკაში?

– „აი, წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ…“

და თქვენ რა გეგონათ, ვინმე ყვავილებით დაგხვდებოდათ? – და ხელი ვკარი მას. 

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დეიდა ლენასთვის ასეთ საქციელს შედეგი არ მოჰყოლია. ფიქრობს, რომ მას უბრალოდ „ინტელიგენტი“ ადამიანი გადაეყარა.

„ჩემს მეზობელთან შესახლდა. გაშლილი ყვავილები ბაღიდან მოწყვიტა და თავის ვაზაში ჩააწყო. ალბათ, კარგად ცხოვრება უნდოდა.“ – ამბობს ლენა.

მან იმ სახლში შეგვიყვანა, სადაც რუსი მეთაური ცხოვრობდა. ჩვენ მთელი მისი „ინტელიგენტობა“ დავინახეთ. კონსერვის ქილები, რომლებიც სახლის დიასახლისმა წასვლამდე გააკეთა, მთელ სახლში იყო მიმობნეული. ნაგავი იატაკზე ეყარა. უკრაინისა და მოლდოვის სსრკ რუკა საწოლზე იდო. ალბათ, ომის სტრატეგიაზე ფიქრობდა.

– ესენი შედარებით მშვიდები ჩანდნენ. ეტყობოდათ, რომ გამოცდილები იყვნენ. თავიდანვე გვითხრეს, თუკი ეზოებიდან არ გამოვიდოდით, მაშინ ხელს არავის ახლებდნენ. ჩვენ მაინც სხვა სოფლებზე მეტად გაგვიმართლა, სადაც კადიროველები შევიდნენ და გოგონები გააუპატიურეს. 

 

კადიროველები გროზნოდან და ბურიატეთის ცხოველები

კადიროველები არაერთხელ გაახსენდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით სოფლებში, სადაც ისინი იდგნენ.

ყველაზე ხშირად ახსენებდნენ შიბენსა და კატიუჟანკას. უკანასკნელამდე მისვლა ახლა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სოფელთან მისასვლელი ხიდები და გზები აფეთქებულია, ამიტომ გაუვალი მინდვრებით გადაადგილება მოგვიწია.

კატიუჟანკის ცენტრთან დამწვარ სატვირთოს გადავეყარეთ. ირგვლივ ნაღმების ნაფლეთები ეყარა, მაგრამ ვიღაცამ კაბინის ნარჩენებზე მიაკრა წარწერა „ურალი“ და რუსული ნომერი. თავში ყველას ერთმა აზრმა გაგვიელვა: „ესე იგი, კარგად იმუშავეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა“.

ახლოს მცხოვრებმა ბებიამ სატვირთოსთან გაიარა. მას კადოროველებზე და მათ შტაბზე ვკითხეთ.

– აი, აქ ისხდნენ ისინი, ჩემს მეზობელ სახლში. თავიდან ძალიან მშვიდად იქცეოდნენ. კი, ისროდნენ ჰაერში, მაგრამ ხალხს არ ესროდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ იციან, რაც ხდებოდა გროზნოში ჩეჩნეთის ომის დროს, რომ პატივს სცემდნენ უკრაინელებს და რომ ჩვენთან ომი არ სურდათ, მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა, სანამ ალკოჰოლის დალევას დაიწყებდნენ. 

მისი თქმით, ჩეჩენი კადიროველები სოფელში მარტო არ იყვნენ. მოგვიანებით მოვიდნენ რუსები, რომლებთანაც ჩეჩნებს რაღაც საქმის გარჩევა ჰქონდათ. ამის მერე ადგილობრივებს პრობლემები დაეწყოთ. სახლიდან ვერ გადიოდნენ – ეშინოდათ, შემთხვევით გასროლილი ტყვია არ მოხვედროდათ.

ბებიას სატვირთო მანქანაზე ვკითხეთ და კიდევ უფრო შეგვეპარა ეჭვი კადიროველების საღ აზროვნებაში.

-ნეტავ, ჩვენებს აეფეთქებინათ. ეს ჩეჩნები ერთხელ სახლში დაბადების დღეს ზეიმობდნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ რაღაცას არასწორად დააჭირა მანქანაში, ან ცუდად დაქოქა, ან შეიძლება, რუსებმა ჩააგდეს რაღაც შიგნით – ის აალდა და რაღაცის აფეთქება დაიწყო. ცეცხლის ალი სიმაღლეში, ალბათ, 10 მეტრამდე აღწევდა. მერე სახლსაც მოხვდა რაღაც. ნახევრად შიშვლები გამოცვივდნენ. ერთ-ერთმა ვერ მოახერხა გამოქცევა. იუბილარი დაიწვა. 

სოფლის სხვა მოსახლეები ჰყვებიან, რომ სარდაფებიდან გამოსვლის ეშინოდათ, ვინაიდან გამუდმებით სროლის ხმა ისმოდა.

– ერთხელ ოჯახი ბავშვებთან ერთად ცდილობდა, მანქანით წასულიყო, იმათ კიდევ ცეცხლი გაუხსნეს, მიუხედავად თეთრი ნაჭრებისა. გოგონა დაჭრეს. მისი გამოყვანა მოხერხდა ერთ-ერთ სახლში. გოგონა სისხლისგან იცლებოდა და მღვდელი დიდხანს ცდილობდა მოლაპარაკებას, რათა ის საავადმყოფოში გადაეყვანათ, სადაც სისხლდენას შეუჩერებდნენ. 

ისროდნენ თუ არა უშუალოდ კადიროველები, უცნობია. ადგილობრივებს მოეჩვენათ, რომ რუსები უფრო აგრესიულები იყვნენ, ამიტომ დახვრეტაში უშუალოდ რუსებს ადანაშაულებენ.

კატიუჟანკაში ადამიანის გაუპატიურებაზე არაფერი მოუყოლიათ ისევე. როგორც არ მოუყოლიათ შებენში – კიდე ერთ სოფელში, სადაც კადიროველები იდგნენ.

– კადიროველები ჩვენთან, ძირითადად, არ ხმაურობდნენ. აქ ვიღაცები ბურიატეთიდან იყვნენ. ისინი ნამდვილად შეშლილები იყვნენ. როგორც კი ჩამოვიდნენ, ეგრევე იკითხეს, სად იყვნენ ახალგაზრდა გოგოები. ჩვენ მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გვინდაო, – ჰყვება ადგილობრივი სვეტლანა. 

– მე მათ ვეუბნები: „არ გვყავს ჩვენ ახალგაზრდები, წავიდნენ. მერე მე და მეზობელს გვეკითხებია: „თქვენ რამდენი წლის ხართ? ვეუბნები: „47-ის, შენთვის უკვე ბებია ვარ-მეთქი“. უცნაურად გვიყურებდა, მაგრამ ჩვენ უცებ გავიქეცით. 

ადგილობრივების თქმით, რუსები და ბურიატები, რომლებიც იქ იდგნენ, ადამიანებს ცხოველებივით ექცეოდნენ. მარტო ბავშვებიან ოჯახებს არ ეხებოდნენ. საკვებსაც კი სთავაზობდნენ, თუკი ბავშვებს ხედავდნენ.

– ბავშვები გვყავდა სახლში, მათ კი, საკვები სჭირდებოდათ. აღება გვიწევდა. ისინი საჭმელს „ბეტეერებიდან“ გვესროდნენ, როგორც ძაღლებს, – იხსენებს სვეტლანა. 

ისინი ამბობენ, რომ შიბენში რუსებმა 14 ადამიანი ჩაცხრილეს.

– ერთ-ერთმა ჩვენიანმა, პოლიციელმა, ვერ გაუძლო. გადმოვიდა მათთან პისტოლეტით მაღაზიასთან. იმათმა კი დაიწყეს ყველგან სროლა – რვა ადამიანი იმ მაღაზიასთან მოკლეს. ერთი ოჯახი ცდილობდა ღამით, ტყის გავლით გასვლას. მათ ისინი დაინახეს და ესროლეს. 5 ადამიანი მოკლეს. ცხედრების გამოყვანის საშუალებაც კი არ მოგვცეს, -ჰყვება სვეტლანას თანასოფლელი. 

„მთავარი იყო რუსებისგან ჰუმანიტარული დახმარება არ მიეღოთ“

სოფლის ისტორიების კიდევ ერთი საერთო ხაზი გათავისუფლების ლოდინია. ფენევიჩაში, ადგილობრივ მაღაზიაში შევედით, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. აქ ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ. ადგილობრივმა, ტატიანა კუზმოვნამ, რომელსაც „ჩვენს ექიმს“ უწოდებენ, სიხარულით მიგვიწვია, რათა გვენახა, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი.

– ბავშვებო, აქ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს. წარსულში ჩვენ ვუგროვებდით დახმარებას ლტოლვილებს დონბასიდან. ახლა ჩვენც დაგვჭირდა. აქ გზავნილებია მთელი მსოფლიოდან. 

დავინახეთ მურაბის გახსნილი ქილა ლიეტუვიდან. მასში იდო ბავშვისგან წერილი, რომელშიც ის ბოდიშს იხდიდა და სოცოცხლეს უსურვებდა უკრაინელებს. მთელი ღამე ვტიროდით. მან ხომ თავისი საყვარელი რამ გამოგზავნა.

ოკუპაციის შესახებ ისინი თვალებზე ცრემლებით ჰყვებიან. ადამიანები გადარჩნენ, როგორც შეეძლოთ. მალავდნენ ანტიტერორისტული დაჯგუფების ოჯახის წევრებს. ცდილობდნენ მოლაპარაკებას რუსებთან, რათა ბავშვიანი ოჯახებისთვის მაინც მიეცათ საშუალება, მაღაზიაში გასულიყვნენ პროდუქტებისთვის.

ადგილობრივი აგრომწარმოებელი რუსებთან მოლაპარაკებაზე წავიდა, რათა რუსებს მისთვის ადრეული მოსავლის აღების უფლება მიეცათ სათბურებიდან. შემდეგ დადიოდა სახლებში და პატარა კიტრებს ურიგებდა ხალხს.

– ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას გვთავაზობდნენ ერთგულებისთვის. როდესაც ძალიან გაგვიჭირდა, ხორბალს ყავის საფქვავით ვფქვავდით, რათა პური გამოგვეცხო და რუსებისთვის არაფერი გამოგვერთმია. ბავშვები ამბობდნენ, რომ ახლა გაიგეს, რა გემო აქვს პურს. 

ჯერჯერობით მთავარი პრობლემა ყველა სოფელში წამალია. მედიკამენტების და დადებითი ემოციების დეფიციტი, რომელსაც ადამიანები უკვე თვეზე მეტია განიცდიან.

თუმცა, ტატიანა კუზმინა იღიმის და ამბობს, რომ ხალხი ამასაც გაუძლებს.

– ბავშვებო, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რას ვგრძნობდი, როდესაც ჩვენი ბიჭები უკრაინული დროშებით შემოვიდნენ სოფელში! მე მეტი არაფერი მჭირდებოდა. მხოლოდ ის, რომ ჩვენი ბიჭები დაბრუნებულიყვნენ. ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს დადასტურებით შემიძლია გითხრათ!  მთავარია, რომ რუსები არ მობრუნდნენ. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები