არსებული ინფორმაციით, გორში 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

გორში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი. ამის შესახებ ინფორმაციას 18 წლის წინ დაკარგული მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის ახლობლები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის ნოემბერში გორიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, თუმცა, ცხედრის კვალს ვერ მიაგნეს. არსებობდა ვერსია, რომ 11 წლის ბიჭი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. მოგვიანებით, სწორედ ფულის გამოძალვის ბრალდებით როგორც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, იაგო ნებიერიძე დააკავეს. თუმცა, ნებიერიძეს იმჟამად ბავშვის გატაცებაზე ან მკვლელობაზე ბრალი არ დაუმტკიცდა. მან სასჯელი მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა. ზაქრო ბერძნიშვილის საქმის გარდა იაგო ნებიერიძე მთავარი ფიგურანტია 2018 წელს, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეში. გოგონას მკვლელობასა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში სწორედ იაგო ნებიერიძეს დაუმტკიცდა ბრალი, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

იაგო ნებიერიძემ 2018 წელს სამართალდამცავებთან განაცხადა, რომ წლების წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი იცოდა და აღნიშნულ ტერიტორიად გორის კულტურისა და დასვენების პარკი მიუთითა. რამდენიმე კვირის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ცოცხალი ძალის გამოყენებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, სამართალდამცავებმა ცხედარს ვერ მიაკვლიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები