ნანა მირიანაშვილის „თეატრი – ემოციური მათემატიკა“
სულ სამუშაო როლზე ფიქრობს… იკვლევს… ეძებს… პოულობს სცენაზე და მაყურებელს აცნობს. თეატრალები იცნობენ. იმიტომ, რომ მისთვის მთავარი მაყურებელთან კონტაქტია. თეატრი კი ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნანა მირიანაშვილი საკუთარ შემოქმედებასა და თეატრში საკუთარ როლზე ყვება.
– როგორ გახდა რიგითი მაყურებელი ნანა მირიანაშვილი – მსახიობი, ანუ როგორი იყო გზა პარტერიდან სცენამდე.
– მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვცეკვავდი და ვმღეროდი ანსამბლებში და სცენაზე ყოველთვის კარგად ვგრძნობდი თავს, ამავდროულად, არტისტიზმი ორივე ხელოვნების დარგში მკვეთრად გამომარჩევდა სხვა თანაანსამბლელებისგან, მაინც თენგიზ აბულაძის კინოშემოქმედებით შთაგონებულმა სარეჟისოროზე ჩაბარება გადავწყვიტე. მაგრამ იმ წელს (1996) სარეჟისორო ფაკულტეტზე მიღება არ იყო და 4 წელი ლოდინში უნდა გამეტარებინა. მირჩიეს, სამსახიობოზე ჩამებარებინა და ეს 4 წელი რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის და გამოცდილებისთვის დამეთმო, შემდეგ კი ჩემი ოცნება ამეხდინა და სარეჟისიოროზე გამეგრძელებინა სწავლა. ასეც მოვიქეცი და, ჩემდა გასაოცრად, უმაღლესი ქულით მოვხვდი სამსახიობოზე.
სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ პროფესია სწორად შევარჩიე და შინაგანი მოწოდებითაც და ფსიქოტიპითაც ვაკმაყოფილებდი პროფესიულ მოთხოვნებს. დავამთავრე ასევე წარმატებით და ფრიადზე, თუმცა ის ოცნება და მოლოდინი, რაც ყველა სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტს აქვს, სამწუხაროდ, არ გამართლდა და დიდ სცენას ვერ ვეზიარე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც არ მიღალატია ჩემი პროფესიისთვის, ხშირად ენთუზიაზმზეც მიმუშავია დამწყებ რეჟისორებთან. ბოლოს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში ამიყვანეს შტატში და მას შემდეგ ამ თეატრის მსახიობი ვარ. სარეჟისიოროზე სწავლის გაგრძელებაზე სერიოზულად აღარ მიფიქრია.
– რამ მიგიზიდა თეატრში. რა იყო ის ყველაზე ძლიერი მუხტი, რასაც დღემდე სცენაზე ყავხარ „დატყვევებული“?
– ძალიან კარგი კითხვაა და ასევე ძალიან ვრცლად შეიძლება ისაუბროს მსახიობმა ამ თემაზე, მაგრამ მე შევეცდები, მოკლედ და ამომწურავად გიპასუხოთ. მსახიობი, პირველ რიგში, მკვეთრად გამორჩეული პიროვნებაა. მას აუცილებლად აქვს ეგრეთ წოდებული „სათქმელი“, რისთვისაც ფართო აუდიტორია სჭირდება, მას აქვს პროტესტი, როგორც სხვა ხელოვნების წარმომადგენლებსაც, აგრეთვე აქვს გულწრფელი აღფრთოვანების, ან გულწრფელი აღშფოთების უნარიც, მისი ფსიქოლოგიური ტიპი შიზოიდური ხასიათისაა და საჯარო ემოციური „გაშიშვლება“ მისთვის კომფორტულია, არათუ დამაკომპლექსებელი.
მხოლოდ ამ მცირე ჩამონათვალითაც რომ შემოვიფარგლო, სავსებით გასაგები იქნება მაყურებლისთვის და თქვენი მკითხველისთვისაც, თუ რატომ შეიძლება იღწვოდეს მსახიობი ამ ურთულესი პროფესიისა და პირობების გათვალისწინებით მუდამ მათთან ღია კონტაქტში შესასვლელად, უბრალოდ მსახიობს მათ გარეშე არ შეუძლია, ისევე როგორც არ შეუძლია გულგრილი დარჩეს სხვადასხვა მოვლენისა და პრობლემის მიმართ. მსახიობისთვის მაყურებელთან ღია კონტაქტში შესვლაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, მისი ყოველი ნერვის თრთოლვა მაყურებელზე ემოციურად აისახება და ეს ჯადოსნური წრე ექსტაზამდე ითრევს ხელოვნების მესვეურებსაც და მოტრფიალეებსაც.
– რა ნიშა აქვს მოზარდ-მაყურებელთა თეატრს, სადაც ამჟამად თამაშობ და არის თუ არა ეს ის სცენა, საიდანაც ნანა მირიანაშვილის თეატრალურ შესაძლებლობების მაქსიმუმს უნდა ველოდოთ?
-მოზარდ მაყურებელთა თეატრში 2007 წლიდან ვმუშაობ, საოცარი დასი დამხვდა აქ, ძველი დიდებისდროინდელი მსახიობების დასს ვგულისხმობ, ბნ. შალვა გაწერელიას (მუმუშას) დროინდელი მოზარდის მესვეურებს. მალე მათგან დიდი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი, ქათინაურებით მავსებდნენ. ახალბედა მსახიობისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია, არასდროს დამავიწყდება ეს დიდებული ადამიანები… სამწუხაროდ, ბევრი მათგანი აღარ არის ცოცხალი. მაშინ ეს თეატრი ჩემთვის ოჯახად იქცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე ვერ გაგრძელდა (მოგეხსენებათ, თეატრალური ინტრიგების შესახებ). გაჩნდა რაღაც დაბრკოლებები და წინააღმდეგობები ჩემ მიმართ, საპასუხოდ კი მე ბრძოლა არ დამიწყია, მივაყურადე და შევეგუე ბედს… ალბათ ეს ერთადერთი თვისება, რაც მსახიობს არ გამოადგება შემოქმედებითი ზრდის და მაქსიმალური ხარჯვის თავლსაზრისით. ამგვარად, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, სამწუხაროდ, არ არის დღეს ჩემთვის ის სცენა, საიდანაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს უნდა ელოდოთ.
– რომელია ყველაზე შემოქმედებითი პროცესი მსახიობისთვის თეატრში?
– მსახიობისთვის ყველაზე შემოქმედებითი პროცესი რიგითი რეპეტიციებია, ე.წ. ჩიტკიდან – წაკითხვიდან დაწყებული (სამაგიდო პერიოდი) – ე.წ. პრაგონებით დამთავრებული. მსახიობი პირველი წაკითხვის მომენტიდან გამუდმებით ფიქრობს თავის როლზე, დღისით თუ ღამით, მთელი გონებით და არსებით ქმნის და ძერწავს თავის გმირს, მაშინაც, როცა თეატრში არც იმყოფება, ძილშიც და ცხადშიც… ასე რომ, მსახიობისთვის ყველაზე შემოქმედებითი პროცესი სწორედ პირველივე რეპეტიციიდან იწყება და გრძელდება მანამ, სანამ არ დაადგენს რეჟისორი შენი შემოქმედების რომელიმე ვარიანტს. შემდეგ კი ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით ეწყობა … მიხეილ თუმანიშვილი – „თეატრი ემოციური მათემატიკაა“ …
– მაყურებელს რა „როლი“ აქვს თეატრში? გრძნობ, როდესაც მაყურებელი „დაბმულია“?
– უდიდესი … მაყურებელი ზუსტად ისევეა ჩართული პროცესში, როგორც მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. სპექტაკლის ღირებულება მისი ცოცხალი პროცესია, რაშიც მთლიანად არის ჩართული მაყურებელი და ერთგვარ ზემოქმედებასაც კი ახდენს თავისი ჩართულობით სპექტაკლის მსვლელობაზე. სპექტაკლი მხოლოდ მაშინ შედგება თუ ეს ორი უმთავრესი კომპონენტი – შემოქმედებითი ჯგუფი და მაყურებელი ერთმანეთთან კონტაქტს დაამყარებს. რა თქმა უნდა, ვგრძნობ და გამოგიტყდებით, მსგავსი სიამოვნება იშვიათად განმიცდია. სწორედ ამ წუთებში გრძნობს მსახიობი პროფესიული ნეტარების მწვერვალს და მისი ზემოქმედების უნარი კიდევ უფრო აძლიერებს და ხიბლავს მაყურებელს… ამ ეიფორიას ორივე მხარე დიდხანს გრძნობს და განიცდის სპექტაკლის დასრულების შემდგომაც… ყოფილა მომენტები, როდესაც კარგი სპექტაკლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ეს ეიფორიული აღფრთოვანება კვირების განმავლობაში გამყოლია.
– ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოსო.. შენ იპოვე „შენი თეატრი?“
– სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიპოვე… იყო მომენტები, როდესაც მეგონა, რომ ვიპოვე… მაგალითად, ბნ. რეზო ესაძეს წლების წინ ჩვენთან (თავის სტუდენტ რეჟისორებთან და რამდენიმე მსახიობთან) მუშაობისას გაუჩნდა იდეა, შეექმნა კამერული თეატრი, სადაც კინორეჟისორები კინოხერხებით და სპეციფიკით დადგამდნენ სპექტაკლებს… ეს ჩემთვის უდიდესი მოვლენა იყო… მისი სიმპათიები, ჩემი შემოქმედებისა და უნარების მიმართ და ეს საოცარი, უპრეცედენტო თეატრი, შემოქმედებითი ექსპერიმენტი… ყოფილა სხვა შემთხვევებიც, როდესაც ახალგაზრდა ენთუზიაზმით სავსე რეჟისორებს ჰქონდათ მცდელობა, შეექმნათ თავისი თეატრი, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ იცოცხლეს ამ იდეებმაც და მხოლოდ ერთი პრემიერის სიამოვნება ვიგემეთ… ამგვარად, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მე ვერ ვიპოვე (ჯერ) ჩემი თეატრი… იმედს დავიტოვებ, რომ ვიპოვი …
– რომელია გმირი, რომელშიც ნანა მირიანაშვილს ხედავ?
-რაც შეეხება ჩემს სურვილსა და არჩევანს, რისი საშუალებაც მსახიობებს, სამწუხაროდ, არ გვაქვს, სიამოვნებით შევასრულებდი ანტიგონეს და ასევე დიდი ინტერესით ვცდიდი მამაკაცის როლის შესრულებას (პირადი პროფესიული ექსპერიმენტის თვალსაზრისით)… საინტერესო ქალთა გმირები მრავლადაა მსოფლიო დრამატურგიაში, თუმცა ვაღიაროთ, რომ ბევრად საინტერესო ძლიერი მამაკაცების, ძლიერი გმირების ტყავში ძრომაა და ნამდვილი გარდასახვა…
ნანუკა ალავიძე