ხმები ნანგრევებიდან, დახვრეტა და მოროდიორობა – რა ხდებოდა ოკუპაციის დროს ბოროდიანკაში
თუკი ქალაქის მიმართულებით, მთავარ გზაზე ივლი, ჩანს, თუ რაოდენ დიდია ნგრევის მასშტაბი. ჩამონგრეული და დამწვარი შენობები, სახლები, დამწვარი მანქანები და კვლავ დანგრეული სახლები…
ბოროდიანკა, რომელიც ბელარუსის საზღვრის მხარეს მდებარეობს, კიევზე თავდასხმის მთავარი მიმართულებით არის განლაგებული. ის მასობრივი იერიშის ქვეშ იყო. მასშტაბების გათვალისწინებით, ქალაქს განზრახ ბომბავდნენ.
რამდენიმე მოწმემ BBC-ის მოუყვა, რომ რუსი სამხედროები ადგილობრივებს არ აძლევდნენ უფლებას, ნანგრევები გაესუფთავებინათ, რათა ეპოვათ ისინი, ვინც შესაძლოა გადარჩა და ნანგრევებში იმყოფებოდა. მათ, ვინც ამის გაკეთებას ცდილობდა, მოკვლით ემუქრებოდნენ.
უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ რუსი ჯარისკაცების ქმედებები ბოროდიანკაში შესაძლოა, ბუჩაზე უარესიც იყო. იქ, ბუჩაში, რუსების გაძევების შემდეგ ქუჩაში იპოვეს მოკლული ადამიანების ცხედრები, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული. იქვე აღმოაჩინეს საძმო საფლავები, სადაც ასობით ადამიანის ცხედარი იყო მოთავსებული.
ყველაზე მეტი ადამიანი შესაძლოა მაშინ დაღუპულიყო, როდესაც ბოროდიანკაში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ეს შენობები მიწასთან არის გასწორებული.
ტონობით ბეტონი ჩამოენგრათ ადამიანებს თავზე, როდესაც ისინი სახლის სარდაფებში იმალებოდნენ. ბოროდიანკას მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ნანგრევების ქვეშ ათობით მშვიდობიანი მოსახლე წევს. პოლიცია თვლის, რომ ისინი შესაძლოა ასობით იყვნენ. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა მოხდა, უნდა დაველოდოთ, როდის შეძლებს მძიმე ტექნიკა და მაშველები ნანგრევების გასუფთავებას.
დიმიტრი სტაშევსკის გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა. მე ის გავიცანი, როდესაც ცდილობდა, ნანგრევებისგან გაესუფთავებინა სივრცე, რომელსაც მშვიდობიან დროს აფთიაქისთვის აქირავებდა. მისი ოჯახი ბოროდიანკადან 24 თებერვალს წავიდა, იმ დღეს, როდესაც რუსული შემოსევა დაიწყო უკრაინაში. დიმიტრი დარჩა სახლის და აფთიაქის მისახედად. რუსეთის ჯარს საკუთარი ტექნიკა გადაჰქონდა ამ ქალაქის გავლით, ამიტომ დიმიტრი უმეტეს დროს თავის მეზობლებთან ერთად სარდაფში ატარებდა.
პირველ მარტს, საღამოს მან გადაწყვიტა, რომ გაცილებით უსაფრთხო ადგილზე გადასვლის დრო იყო, ამიტომ სხვა თავშესაფარში გადავიდა ქალაქის გარეუბანში. როდესაც მომდევნო დილით თავის სახლთან დაბრუნდა, შენობა ნანგრევებად იყო ქცეული.
„მე დილით, 08:30 საათზე დავბრუნდი და ბინა უკვე დანგრეული იყო. ჩემთვის ლოცულობდნენ დედა, ცოლი და შვილი. სანამ ეს მოხდებოდა, მესმოდა საუბრები, რომ რუსი ჯარისკაცები დადიოდნენ ქალაქში და ყველას ესროდნენ. თავიდან ამის არ მჯეროდა, მერე კი დავინახე, როგორ ესროდნენ ისინი მშვიდობიან ხალხს“, – ამბობს დიმიტრი.
„მისი მეუღლე, სვეტლანა ქალაქში დაბრუნდა და დიმიტრის დედის სახლის ნანგრევებისგან გასუფთავებას ცდილობდა. თვითონ შენობა გადარჩა, მაგრამ ფანჯრები და კელდები დაზიანებული იყო. ის მიყვებოდა, რომ რუსი ჯარისკაცები არ აძლევდნენ ხალხს საშუალებას რომ ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანები ამოეყვანათ“, – აღნიშნავს ჟურნალისტი
„ეს ყველა ჩვენი მეზობელი იყო. სროლების შემდეგ ხალხს ესმოდა ნანგრევების ქვეშ მყოფების ხმები, მაგრამ რუსი ჯარისკაცები არ იძლეოდნენ შესაძლებლობას, რომ ისინი ამოეყვანათ. ისინი ცეცხლის გახსნით იმუქრებოდნენ, თუკი ვინმე ცდიდა“, – იხსენებს სვეტლანა.
კიდევ ერთი ადგილობრივი, მარია ცდილობს, დაახარისხოს ნივთები, რომლებიც კიდევ გამოდგება და ნაგავი კონტეინერში მიაქვს, სახლის უკან.
„ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანი დარჩა. მე სული მტკივა. ამ ადამიანებს ვიცნობდი. ვიცოდით, რომ ისინი იქ იყვნენ პირველივე დღიდან, მაგრამ რუსები არ გვაძლევდნენ უფლებას, ამოგვეყვანა ისინი“, – ჰყვება მარია.
„მარია და ბევრი სხვა მიყვებოდა, რომ რუსი ჯარისკაცები მაროდიორობით იყვნენ დაკავებულები. მისი თქმით, რუსებმა მოიპარეს ყველაფერი, რაც კი ბზინავდა“, – წერს ჯერემი ბოუენი.
„ჩემი საცვლებიც კი წაიღეს. ყველაფერი დაამტვრიეს, გადმოქექეს, ყველაფერი დალეწეს“, – ამბობს მარია.
ბევრმა ადგილობრივმა დატოვა ბოროდიანკა ჯერ კიდევ 24 თებერვალს, როდესაც რუსებმა შეტევა დაიწყეს. ხალხის ის მცირე ნაწილი, ვინც დარჩა ახლა ქალაქის ნანგრევებზე დადის გაოგნებული და შეძრწუნებული.
სვეტლანა გონტარი ახლახან დაბრუნდა ქალაქში და ატირდა, როდესაც დაინახა, თუ რად გადაიქცა მისი სახლი.
„აქ ისეთი სიმწვანე იყო… ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. აქ ბავშვები სწავლობდნენ. ჩვენ სამი სკოლა გვქონდა, ტექნიკუმი და მუსიკალური სკოლა. ახლა ჩვენ არაფერი დაგვრჩა. ბავშვებმა დაკარგეს ბავშვობა, თავიანთი მოგონებები, ყველაფერი“, – ამბობს ის.
რუსების გასვლის შემდეგ ისინი ცდილობენ ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, რომელიც, ძირითადად, დასავლეთ უკრაინიდან შემოდის. თუმცა, ეს აუცილებლად ისეთი საკვები უნდა იყოს, რომელიც დიდხანს ინახება, ვინაიდან უმეტეს რაიონში ჯერაც არ არის ელექტროენერგია და გათბობა.