საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ სამეცნიერო-ტექნიკურ პროექტებს მოამზადებენ.
გარდა ამისა, ერთობლივად აწარმოებენ გეოდეზიურ დაკვირვებებს და გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემის (GNSS) მონაცემებს დროის რეალურ და ნახევრად რეალურ რეჟიმში გაცვლიან. შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები და გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რაც საქართველოში გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის თანამედროვე მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მაღალი სიზუსტის ეროვნული გეოდეზიური გეგმურ-სიმაღლური საფუძვლის შექმნა, დედამიწის ქერქის თანამედროვე გადაადგილების, ტექტონიკური დეფორმაციების შესწავლა აუცილებელია სხვადასხვა სამეცნიერო და ინჟინერ-ტექნიკური ამოცანების პრაქტიკული გადაწყვეტისთვის.
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მხარეები მზად არიან მათ სადგურებზე მოახდინონ მეორე მხარის აპარატურის (GPS, სეისმური სადგური, კვების, მონაცემთა გამოცემის სისტემები და სხვა) ინსტალაცია და გაუზიარონ არსებული რესურსები. მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე ცარციძემ და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა გოდოლაძემ მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები