როცა რუსმა ჯარისკაცებმა სარდაფში დამალულ უკრაინელებს მიაგნეს – ისტორია, რომლის გმირებს ძალიან გაუმართლათ

ვებდიზაინერმა, ტატიანამ 24 თებერვალს კიევში აფეთქების ხმაზე გაიღვიძა. მან და მისმა ქმარმა ორი ზურგჩანთა ჩაალაგეს, ერთ-ერთი მათგანი სამი წლის შვილის ტანსაცმლით გაავსეს და გადაწყვიტეს, სოფელ მიროცკში, ბუჩასთან ახლოს ქმრის ნათესავებთან წასულიყვნენ.

„ჩვენ კიევში სარაკეტო თავდასხმების შეგვეშინდა. გადავწყვიტეთ, რომ მშობლებთან გაცილებით უსაფრთხოდ ვიქნებოდით. გზად დავუძახე ჩემს დას მეუღლესა და შვილთან ერთად და რამდენიმე მეგობარს. მე მჯეროდა, რომ უსაფრთხო ადგილას მივდიოდი“, – ტირილთ ჰყვება 32 წლის ტატიანა. 

როგორც კი ჩასულები სასადილოდ დასხდნენ, სოფლის თავზე რაკეტებისა და ვერტმფრენების ხმები გაისმა. ყველა სარდაფში გაიქცა დასამალად. ჩაიტანეს სკამები და მოეწყვნენ იქ, კარტოფილსა და კონსერვებს შორის. კედლებზე თეთრი ობი იყო, თაროებზე – მძიმე მტვერი. ტატიანა და თავისი შვილი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანეს, გაუჩერებლად ახველებდნენ.

„ჩვენ გამათბობელი გვქონდა და სახლში – გაზიც. მაშინ ჯერ კიდევ ყველაფერი ნორმალურად იყო“.

შემდეგ ოჯახი მიხვდა, რომ მათგან 5 კილომეტრის დაშორებით ჰოსტომელს ბომბავდნენ. სადმე წასვლა ძალიან საშიში იყო.

„ვერტმფრენი მოფრინავდა და ჩვენ ვიმალებოდით, დრონი მოფრინავდა და ვიმალებოდით, რამე ფეთქდებოდა და ისევ ვიმალებოდით. ვიწექით სარდაფში, სადაც ყველაფერი ზანზარებდა. საბნები გადავაფარეთ კარტოფილით სავსე ყუთებს“.

სამი დღის მერე გაითიშა დენი და გაქრა კავშირი. ტატიანა და ნათესავები იმედს იტოვებდნენ, რომ მშვიდობა დაისადგურებდა 3 მარტის მოლაპარაკებების შემდეგ, მაგრამ ოთხ რიცხვში მათ მხოლოდ საუზმე  მოასწრეს და მაშინაც მძიმე დარტყმის ხმა გაიგეს. სოფელ მიროცკში რუსი ჯარისკაცები შევიდნენ და მათი სახლის გასწვრივ რუსული სამხედრო ტექნიკის განუწყვეტელი კოლონა მიდიოდა.

გზაში ერთ-ერთი ჯავშანტრანსპორტიორი გაფუჭდა. ოჯახს სარდაფში ესმოდა, როგორც ილანძღებოდნენ რუსი სამხედროები და ტექნიკის შეკეთებას ცდილობდნენ.

„ცხოვრებაში პირველად, ჩვენ ვისხედით და ყველა ვლოცულობდით. ვფიქრობდით, რომ ისინი გვიპოვნიდნენ და დაგვხვრეტდნენ. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მათ გააკეთეს, დაქოქეს მანქანა და წავიდნენ“

ნახევარი საათის შემდეგ კიდევ ერთმა კოლონამ ჩაიარა – ოჯახმა გაიგონა, როგორ გაჩერდნენ ისინი მათ სახლთან. ტატიანას მამამთილის სახლი ძალიან კომფორტული იყო. დიდი სახლი, ორსართულიანი, საიდანც კარგად ჩანდა ჰოსტომელი, ბუჩა და ირპენი.

„ძალიან გვეშინოდა. ეზოდან ნაბიჯების ხმა გვესმოდა. არ ვიცოდი, როგორ შემოვიდოდნენ ჩვენთან. მე ბავშვს ალუმინის თასი დავაფარე თავზე, შემოვახვიე  საბანი და თავად გადავეფარე. არ ვიცი, რისთვის. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ავტომატით დაგვხვრეტდნენ. გვესმოდა გასროლის ხმები. საღამოს ბნელ სარდაფში კარი გაიღო. შიგნით მხოლოდ ერთი სანთელი გვენთო. ღრიჭოში ავტომატის ლულა შემოაცურეს. ნაპირთან ბებია იჯდა და მან უთხრა, რომ აქ მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ და სთხოვა, რომ არ ესროლათ. იქიდან კი უპასუხეს: „კარგი, არ ვისვრით, მხოლოდ ტელეფონები მოგვეცით, თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“. ბებიამ და ბაბუამ მისცეს ტელეფონები. მათ ისინი დალეწეს. სხვებმა ჩვენი ტელეფონები კარტოფილებში ჩავაგდეთ“.

იმის გასარკვევად, თუ რა ელოდათ მათ, ქალები გარეთ გავიდნენ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გარეთ გავსულიყავით. უნდა გვცოდნოდა, რა გველოდა. ვთხოვეთ ბავშვისთვის ქოთნის აღება. სარდაფთან ორი რუსი ჯარისკაცი იდგა, მათ იარაღი მოგვიშვირეს. ჩვენ ვკითხეთ, დაგვხვდიტავდნენ თუ არა. ისინი კი ამბობდნენ, რომ თუ დავუჯერებდით, არაფერი მოგვივიდოდა, რომ მათ არავის მოკვლა არ სურდათ. ბიჭები 19 წლის იყვნენ. ერთი ტვერიდან, მეორე – დონბასიდან. მე, ჩემი და და ჩემი მეგობარი, წარმოშობით, ლუგანსკიდან ვართ. ტირილი დავიწყეთ – როგორ მოხდა ისე, რომ შენივე მიწის ადამიანი მოდის შენს მოსაკლავად. მათ გვითხრეს, რომ სწავლებაზე მიდიოდნენ. მხოლოდ მაშინ გაიგეს – სად იყვნენ, როდესაც პრიპიატი გამოიარეს. გაიგეს, რომ ისინი მოატყუეს და რომ ეს მათი ომი არაა. ისინი მოწყენილები იყვნენ და სულ ძირს იყურებოდნენ.“

სამხედროებმა მათ ბავშვებისთვის საჭმლის მომზადების უფლება მისცეს. მათი მეთაური სარდაფში ჩავიდა, რათა ენახა, რა პირობებში იყვნენ ისინი. „მე არ შემიძლია ამის ყურება. აქ ბავშვები არიან…“, – თქვა მან.

იმ დღის მერე სახლის ეზოში სამხედროები მუდმივად იყვნენ. მათ ტანკი ბაღჩაში დააყენეს, სარდაფიდან 30 მეტრში. ამოთხარეს სანგარი. ოჯახი ბავშვებსა და მოხუცებთან ერთად ცხოვრებას სარდაფში აგრძელებდა. აფეთქებები არ ჩერდებოდა. სახლის უკან, მინდორში ვერტმფრენი იწვოდა. ეზოდან ჩანდა, როგორ ნადგურდებოდა მრავალსართულიანი შენობები ბუჩასა და ჰოსტომელში. გაზი, წყალი და შუქი არ იყო. საპირფარეშოში სამხედროების ნებართვით დადიოდნენ. მერე მათ უფლება მისცეს, რომ ბავშვები სუფთა ჰაერზე გაეყვანათ, აბანო გაეხურებინათ და ცივ სარდაფში ღამენათევი ბავშვები გაეთბოთ.

როგორც ტატიანა ამბობს, მათ სამხედროები შეურაცხყოფას არ აყენებდნენ და კარგად ექცეოდნენ. უწილადებდნენ თავის საკვებს ბავშვებს – აძლევდნენ ვაშლის პიურეებს, მარცვლეულს და შოკოლადს.

„დაგვპირდნენ, რომ ჩვენ შესახებ სხვა დანაყოფებს გადასცემდნენ, რათა არ ესროლათ, ვინაიდან ყველას ბრძანება ჰქონდათ, პირდაპირ ესროლათ და არავითარ შემთხვევაში არავის გამოლაპარაკებოდნენ. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ხედავენ, აქ ნაცისტი არავინაა, თანაც, ჩვენ რუსულ ენაზეც კი ვსაუბრობთ. თუმცა, არსებობენ დანაყოფები, რომლებიც პირდაპირ, განურჩევლად ისვრიან“.

შემდეგ მათ შესაცვლელად სხვა კოლონა მოვიდა. ტატიანას თქმით, იქ გამოცდილი ჯარისკაცები იყვნენ. ყველას იარაღი დაუმიზნეს და მთელი სახლი, სარდაფი და სხვენი გაჩხრიკეს.

სახლი სნაიპერებმა და ჯარისკაცებმა დაიკავეს. ოჯახს უთხრეს, ნებისმიერ სხვა სახლში გადასულიყვნენ.

„ჩვენ ვტიროდით და ვთხოვდით დარჩენას, აბანოსა და გამათბობლის გამო, მაგრამ მათ გვითხრეს, რომ აბანო ახლა მხოლოდ მათთვის იქნებოდა, ხოლო სახლში სპეცრაზმი და სამხედროები იცხოვრებდნენ. მათ ბევრი იარაღი შეიტანეს იქ. ბოლოს უფლება მოგვცეს, ჩვენი ყველა ნივთი აგვეღო სახლიდან და ზაფხულის სამზარეულოსა და სარდაფში გავჩერებულიყავით. ეზოს მიღმა გასვლა არ შეიძლებოდა“

სამხედროებს ერთი ხელმძღვანელი ჰყავდათ, მას რაფაელი ერქვა

„ის ყველაზე კეთილი იყო, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. მან თქვა, რომ დედა ზაპაროჟიეში ჰყავს და წარმოდგენაც კი უჭრის, რომ მასთან შეიძლება, ასევე შეიჭრან, ასევე დააშინონ და ისროლონ. ალბათ, ამიტომ გვექცეოდნენ ჩვენ კარგად“.

როგორც ქალები ჰყვებიან, რაფაელი შედიოდა მათთან და ეკითხებოდა, ხომ არ აწყენინათ რომელიმე ჯარისკაცმა ან სჭირდებოდათ თუ არა ექიმი, როდესაც ბავშვი ავად იყო. ასევე, აძლევდა თერმომეტრს.

„მე ახლაც ვფიქრობ, თუ რა სასწაულია, რომ ჩვენთან ასეთი ადამიანი მოხვდა. ისინი ტიროდნენ, როდესაც სარდაფში ბავშვებთან ჩადიდნენ. კოცნიდნენ მათ ხელებზე, გესმით? ბევრს ჰყავს ოჯახი, ერთს – სამი შვილი, მეორეს – ორსული ცოლი. მათი შემხედვარე გვეგონა, რომ ყველა კარგი ადამიანი იყო.

მიუხედავად ამისა, მათ ჩვენს მეზობელს ყუმბარები ესროლეს, რადგან ისინი „ცუდად იქცეოდნენ“. სახლი აღარ იყო. ცხედარი დანაღმეს. ისინი ამას ჩვეულებრივ გვიყვებოდნენ. სახლის უკან იდგა ჩაცხრილული მანქანა. ზღურბლთან ადამიანის ცხედრები ესვენა. ბოლოს ბაბუას უფლება მისცეს, დაესაფლავებინა ისინი მინდორში. სამხედროებმა აგვიხსნეს, რომ პირველი გასროლა გამაფრთხილებელია. თუკი მძღოლი არ აჩერებს მანქანას, მაშინ მას პირდაპირ ესვრიან, მაგრამ ადამიანებმა ეს არ იცოდნენ.“

ერთ-ერთ ქალს ოჯახიდან უფლება მისცეს, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის გასულიყო. ტატიანა ამბობს, რომ ჯარისკაცები მათ გაძარცული მაღაზიებიდან ნივთებს აწვდიდნენ: პამპერსს, წამლებს, ბურღულეულს და „ქინდერს“. ტატიანას ორი წლის დისშვილი ამ დროს სარდაფში 39 სიცხით იწვა და მათ სიცხის დამწევი მოუტანეს.

„სანამ რაიმეს მოპარვა შეიძლებოდა, მათ ჩვენთან მოჰქონდათ ყველაფერი – მაღაზიიდან, აფთიაქიდან და მეზობლების სახლებიდან. ეს საზარელი იყო. როდესაც ახალ ამბებს ვკითხულობდი, ვხვდებოდი, რომ ჩვენ, უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ ჩვენთან მოხვდნენ ის ადამიანები, რომელთაც არავის მოკვლა უნდოდათ, რომ ეს მათი ომი არ იყო და რომ არ იციან, როგორ წავიდნენ უკან. ყველას სამხედრო ტრიბუნალის ეშინოდა. მე ვეუბნებოდი, რომ შეუძლიათ ნებაყოფლობით ჩაბარდნენ, რომ მათ ლიტვა ან ლატვია მიიღებს, მაგრამ ამ სიტყვების არ სჯეროდათ. ისინი ამბობდნენ: „აი, ახლა აქ ხომ ვდგავართ. სადმე რომ წავიდეთ, ჩვენები ადგილზე დაგვხვრეტენ“. მათი თქმით, ხშირად თავად ესროდნენ საკუთარ ტანკებს, რადგან ამ 19 წლის შეშინებულმა ბიჭებმა არ იციან არაფერი და მათ არც სამხედრო მომზადება აქვთ.“

როგორც ტატიანა ამბობს, ის რუს ჯარისკაცებს ეკითხებოდა: „ნუთუ მხარს უჭერთ თქვენს მთავრობას?“. ისინი პასუხობდნენ, რომ, რა თქმა უნდა – არა და პუტინს აგინებდნენ. ისინი, ვინც სპეცრაზმიდან იყვნენ, ამბობდნენ, რომ აქ იმიტომ არიან, რომ უკრაინამ NATO-ში შესვლა გადაწყვიტა და მათი ვალია, საკუთარი მიწა გადაარჩინონ.

„მე არ ვიცი, ვინ გაგზავნეს მათ ბუჩაში და ვინ ქნა ის ყველაფერი. ისინი ამბობდნენ, რომ აძლევენ კოორდინატებს და ისვრიან. შესაძლოა, ისინი ფიქრობენ, რომ სამხედრო ობიექტებს ესვრიან, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ბუჩას ფოტოებში ვხედავთ, არ ვიცი, ვინ ჩაიდინა. დაქირავებულებმა? პატიმრებმა? ვუყურებ ამ კადრებს და არ მესმის, როგორ გადავრჩით.“

ტატიანას 2 წლის დისშვილი ამბობდა: „დედიკო, მოდი დავიმალოთ სარდაფში, იქ ძალიან კარგია“. ხოლო ტატიანას ბიჭი საქანელაზე ქანაობდა.

„ერთხელ მათ ისტერიკა დაემართათ. როდესაც ვჭამდით, ზაფხულის სამზარეულოში უცებ ტყვიამფრქვევის ისეთი განუწყვეტელი ხმა გაისმა, გვეგონა, ჩვენ გვესროდნენ. ჩვენ ძირს დავწექით, ბავშვებს გადავეფარეთ. მეორე ჯერზე კი, გარეთ ვიყავით და კვლავ ავტომატის სროლის ხმა… ისე ახლოს და ისე ხმამაღლა… ჩვენ ისევ დავწექით და შვილებს გადავეფარეთ. დანაყოფის მეთაურმა ჯარისკაცებს უბრძანა, რომ ბავშვებს გადაფარებოდნენ. ჯარისკაცები ზურგით გადაეფარნენ ბავშვებს“

ყოველდღე,  დაძინებისას ტატიანა ფიქრობდა, როგორ გადაერჩინა ბავშვები, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობდა.

„კაპიტანი რაფაელი გვეუბნებოდა, რომ აქამდე უნდა წავსულიყავით. ახლა შეეძლო, მხოლოდ ჟიტომირის გზამდე მივეყვანეთ, მაგრამ შემდეგ პირველივე შემხვედრი პოლკი დაგვხვრეტდა. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ჩვენთვის სარდაფი იყო“.

8 მარტს ისინი სარდაფიდან ამოვიდნენ. ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ ერთ-ერთი მანქანიდან საწვავს გადმოასხამდნენ, რადგან ჯარისკაცები სახლში იყინებოდნენ.

„მე ტირილი დაივიწყე: ეს უკანასკნელია შანსია ჩვენთვის, აქედან თავი დავაღწიოთ, თუკი მწვანე დერეფანი იქნება.“

შუადღით ისინი, უბრალოდ, ადგნენ და წავიდნენ. ბაღჩიდან ტანკიც კი გაიყვანეს. ჩვენ გავიქეცით ახლობლებთან დასარეკად და სახლის დასალაგებლად. სახლიდან მხოლოდ ნარდი, საკოლექციო დანები და ზურგჩანთა დაიკარგა.

მოგვიანებით, მათთან მივიდა კაპიტანი რაფაელი და უთხრა, რომ შესაძლო მწვანე დერეფანზე რაღაც გაიგო  და ჟიტომირის გზამდე გააცილებდა.

„ჩვენ ამას ჩავეჭიდეთ. მშობლებმა უარი გვითხრეს წამოსვლაზე. მათ ძაღლები, კატები, ქათმები და სახლი რჩებოდათ. ჩვენ მათ ვევედრებოდით, მაგრამ უარზე იყვნენ. ყველა დანარჩენმა წასვლა გადავწყვიტეთ.  მანქანებს თეთრი ტილოები დავახვიეთ, მოვემზადეთ, მაგრამ რაფაელი არ მოდიოდა. მერე ბაბუამ დაინახა, რომ სამმა სამოქალაქო მანქანამ ჩაიარა და ისინი არ ჩაცხრილეს. ჩვენც წასვლა გადავწყვიტეთ. მშობლები ტიროდნენ. ეშინოდათ, რომ დაგვხვრეტდნენ, ჩვენ კი გვეშინოდა, რომ მათ ვტოვებდით. შანსი 50/50-ზე გვქონდა.

სოფელ მიროცკიდან 7-მანქანიანი კოლონა გამოვიდა. ჩამოწეული ფანჯრები, გამოშვერილი ხელები, თეთრი ტილოები, სიჩქარე 15 კმ საათში.

„კიევის მიმართულებით, ჩვენ არ გაგვიშვეს. მეგობარმა მომწერა, რომ არავითარ შემთხვევაში არ წავსულიყავით ჟიტომირის მიმართულებით, მაგრამ ჩვენ უკვე გზაში ვიყავით. გზის ორივე მხარეს ჩაცხრილული მანქანები… ძალიან ბევრი დაღუპული… რაღაც იწვოდა. ირგვლივ დანგრეული სახლები და დამწვარი ტანკები იყო.“

სამი საათის შემდეგ ტატიანა და მისი მეგობრები უკრაინულ ბლოკპოსტამდე მივიდნენ. იქ სამხედროებმა უთხრეს, რომ უკვე უსაფრთხოდ იყვნენ და შეიძლებოდა თეთრი ლენტების მოხსნა. ახლა ისინი ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობენ მოლდოვის საზღვართან. სანამ BBC-ის კორესპონდენტი ინტერვიუს ართმევდა ტატიანას, ის შვილთან ერთად სეირნობდა. ყურმილში ისმოდა, როგორ იცინოდა ბავშვი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები