დედა და ახალშობილი ქუჩაში იყინებოდნენ, 14 წლის ბიჭი კი, მკლავში დაჭრეს – ისტორიები ბუჩადან
ბუჩას საავადმყოფოში მხოლოდ დაჭრილი ბავშვები არ მიჰყავთ – იქ ხვდებიან ბავშვები, რომლებიც ბნელ, ნესტიან, ცივ სარდაფში ყოფნის გამო ავადდებიან. მარტში ქალაქში ძალიან ციოდა. ექიმები იხსენებენ, სიცივისგან კინაღამ როგორ დაიღუპა გარეთ ქალი, რომელსაც წინა დღეს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს საოპერაციოში, შუქისა და წყლის გარეშე. ასეთ პალატაში დაიბადა ბიჭუნა ევგენი, 3,8 კგ წონის და მაშინვე ატირდა. მას მთელი პერსონალი უღებდა ვიდეოს.
ის დედის მეოთხე შვილი იყო. მშობიარობის შემდეგ ქალი სარდაფში, ახალშობილთან ერთად, სხვა შვილებთან დაბრუნდა, მაგრამ მალევე უკან გამობრუნდა – სარდაფი ჩამოინგრა.
როგორც ერთ-ერთი ექიმი იხსენებს, ქალი ევაკუაციის პირველ დღეს ავტობუსის მოსაცდელად გავიდა. გარეთ -3 გრადუსი იყო. დილის 10 საათიდან 17 საათამდე ის გაჩერებაზე იდგა სამი დღის ჩვილთან ერთად. გასათბობად შესვლა ეშინოდა, რადგან ავტობუსში ადგილი არ დაეკარგა. ავტობუსი არ მოვიდა.
„როდესაც ის ჩვენთან შემოვიდა, სულ ლურჯი იყო, ბავშვიც ლურჯი იყო. ჩვენ ის ჩავათბუნეთ, როგორც შეგვეძლო. ბავშვი გადარჩა. რამდენადაც ვიცი, ისინი კიევში ევაკუირდნენ.“
მორიგი ისტორია ასეთია:
საავადმყოფოში შევიდა 14 წლის მოზარდი. „მე ხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები“ – თქვა მან და მედიკოსებს მიუტანა ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდა – წამლები, თბილი საბნები. ორ საათში ის ისევ გამოჩნდა მიმღებში უკვე ტყვიით ხელში. ბიჭმა მეზობლების დახმარება გადაწყვიტა, წაუღო წყალი და ამისთვის მკლავში ტყვია მიიღო. მომხდარის შემდეგ მედიკოსებმა გაიგეს, თუ რისი კეთება შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა გარეთ.
„მერე ყველამ გავიგეთ, რომ თეთრი ლენტები ან პირსახოცები უნდა წაგვეკრა და სწრაფად არ გვევლო, ხელები ჯიბეებში არ ჩაგვეწყო. რუსებისთვის თვალებში არ შეგვეხედა, რათა კონტაქტი არ გვქონოდა. თავიდან არავის ესმოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქუჩაში.“
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, რუსი ჯარისკაცები ხშირად მთვრალები იყვნენ. ბუჩაში არ დარჩა ერთი მთელი მაღაზია ან ჯიხური, არც სპირტიანი სასმელი. ყველაფერი რუსმა ჯარისკაცებმა და ადგილობრივმა მაროდიორებმა წაიღეს.
„ერთ-ერთი ძლივს ჩამოვიშორე, ამედევნა სავაჭრო ცენტრიდან და ამბობდა: „წადი სწრაფად, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ“, – იხსენებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც ექიმები ამბობენ, თავიდან ქალაქში ძალადობა არ ხდებოდა.
„როდესაც ჯარისკაცები მიხვდნენ, რომ აქ ვერაფერს გახდებოდნენ, აი მაშინ დაიწყო ყველაფერი: ძარცვა, გაუპატიურება და ნაღმების დაგება. ჩვენს საავადმყოფოში ხალხი მორბოდა ჭრილობებით და არ იცოდნენ, ვინ ან საიდან ისროდა. ერთი ბაბუ წყლისთვის მიდიოდა. უცებ ვიღაცამ ისროლა და ის აღარ იყო“
15 მარტს ბუჩაში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა. მაშინ ქალაქიდან ბევრი მშვიდობიანი მოსახლე გავიდა. ადგილზე, დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი დარჩა. ის, ვინ ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა, ცოცხალი გადარჩა, ვინაიდან სამხედროები ძვირადღირებულ სახლებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს მომბავდნენ.
ადგილობრივების თქმით, სახლებიდან გამოჰქონდათ სარეცხი მანქანები, ქალის თეთრეული, რვეულები, ბოტასები, ჩაი, ყავა და შოკოლადის კარაქი.
„ჩვენ არ გვესმის, როგორ ცხოვრებენ ისინი ასეთი მმართველობის ქვეშ რუსეთში, რამდენად ღარიბები არიან ისინი.“
ადგილობრივები გაკვირვებულები იყვნენ.
როგორც ექიმები ამბობენ, ძალიან ბევრი დაღუპული ადამიანის ცხედარი ქუჩაში 15 მარტიდან ესვენა – ქალაქში ყინვა იყო, ამიტომ ცხედრები კარგად შეინახა.