გიორგი კანაშვილი: “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” დაახლოებით ისეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, როგორც – წყალსა და ცეცხლს
“რამდენი წელიწადია, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით ისეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, როგორც – წყალსა და ცეცხლს. ამ ისტორიულად უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომელიც მთელ მსოფლიოზეც, რეგიონზეც და, რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაზეც დიდ გავლენას მოახდენს, საერთოდ ვერ აანალიზებენ”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, რაც საქართველოში ხდება, ეს არის სრულიად საწინააღმდეგო იმის, რის ხარჯზეც დღეს უკრაინა მედგრად ომობს.
“სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება, ამ ვითარებაში ასე იქცეოდეს პოლიტიკური ელიტა, რომელიც სახელმწიფოზე, საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს?! რამდენი წელიწადია, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით ისეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, როგორც – წყალსა და ცეცხლს. ამ ისტორიულად უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომელიც მთელ მსოფლიოზეც, რეგიონზეც და, რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაზეც დიდ გავლენას მოახდენს, საერთოდ ვერ აანალიზებენ… ვხედავთ პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამავდროულად, ხელისუფლება გაყოფილია რამდენიმე დაჯგუფებად, მაგალითად, პრეზიდენტი და ხელისუფლების დანარჩენი ჯგუფები არათუ ვერ ურთიერთობენ, არამედ დაპირისპირების პირას არიან. ამის გარდა, სავარაუდოდ, ხელისუფლებაში არაერთი სხვა გამყოფი ხაზიც არსებობს. თვითონ ოპოზიციაშიც დიდი იდილია არ ჩანს, ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ მნიშვნელოვან პოსტულატებზე მაინც არიან შეთანხმებული. რაც საქართველოში ხდება, ეს არის სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რის ხარჯზეც დღეს უკრაინა მედგრად ომობს. ის, რაც დღემდე შეძლეს და რასაც ამის მერეც მოახერხებენ, არის სწორედ ერთიანობის შედეგი. გახსოვთ, ალბათ, ომის პირველივე დღეებში ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ და ელოდნენ, რომ კიევი რამდენიმე საათში დაეცემოდა, არადა, ყველა შეცდა. შეცდნენ იმიტომ, რომ უკრაინამ აჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანია ერთად დგომა, ბრძოლა და კარგი ლიდერი. ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურად დაქსაქსულია ყველა. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინებს კიდეც იმის წარმოდგენა, ელემენტარულმა კრიზისმა აქ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. პოლიტიკოსების ყოველდღიური გზავნილები არ არის ერთობისკენ მიმართული. ამის გადახედვაა საჭირო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, არ მჯერა, რომ ეს გლობალური კრიზისი მაინც აიძულებს ჩვენს პოლიტიკოსებს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და საქვეყნოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ. იკითხავთ, რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირებაზეა აგებული დღეს მთელი ჩვენი პოლიტიკური სისტემა. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყნის ინტერესების გლობალურ ჭრილში დანახვა და გაანალიზება არ შეუძლიათ, ან არ სურთ. აშკარაა, რომ გეოპოლიტიკური პროცესების ხედვის არეალი მათთვის ძალიან დავიწროებულია. სამწუხაროდ, ამ ვითარებიდან გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს”,- აცხადებს კონფლიქტოლოგი.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, “უკრაინისადმი ხელისუფლების ორმაგი დამოკიდებულების ახსნა მინდა გთხოვოთ და აქვე გავიხსენო პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელმაც ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს”,- კანაშვილი პასუხობს, რომ მთავრობის პოზიციის ახსნა რამდენიმე მიდგომით ხდება.
“ჩვენში ხელისუფლების ამგვარი პოზიციის ახსნა რამდენიმე მიდგომით ხდება. ერთია იმის მტკიცება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსეთისთვის მუშაობს, ანუ ე.წ. პრორუსული ინტერესების გამტარებელია, რაც არა მხოლოდ ბოლო ხანს გვესმის, არამედ ამ ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუმცა ამ განცხადებებს კონკრეტიკა და არგუმენტაცია ყოველთვის აკლდა, შესაბამისად, დროდადრო მიეცემოდა ხოლმე დავიწყებას, თუმცა ეს ვარაუდი ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გაააქტიურა. რთულია ამის მტკიცება. მე უფრო მგონია, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია უფრო შიშით არის ნასაზრდოები, იმის შიშით, რომ ჩვენც რუსეთთან კონფლიქტში არ აღმოვჩნდეთ. ეს შიში ბუნებრივია, მაგრამ მხოლოდ ენის მოჩლექით ლაპარაკი და უკიდურესი სიფრთხილე საშველი სულაც არ არის, მეტიც, ეს შეიძლება კონტრპროდუქტიულიც კი გამოდგეს. ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” ასე ცდილობს პროცესების დანახვას, ანუ მათი ლოგიკა ასეთია – თუ ამ კონფლიქტში უკრაინამ და დასავლეთმა გაიმარჯვეს, ყველა იხეირებს და მათ შორის – საქართველოცო. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, იტყვიან, ხომ ვამბობდით, სიფრთხილეა საჭირო, რომ გვეხტუნავა და სანქციებს შევერთებოდით, ამას შეიძლებოდა გამოეწვია აგრესია, ჩვენ კი გამარჯვებულ რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობა არ გვაქვსო, მაგრამ ეს პოზიცია რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად გამოდგება თუ არა, სხვა საკითხია. საქმე ის არის, რომ თუ უკრაინაში ცუდად წავა საქმე, არ არის გამორიცხული, ჩვენმა ხელისუფლებამ რაც უნდა სიფრთხილე გამოიჩინოს, პუტინის რეჟიმი მაინც შემოგვიტრიალდეს. ხელისუფლების ამ გაუგებარი პოზიციების შედეგად კი საქართველოს აქტიურ მხარდამჭერ პოლონეთსაც კი შეიძლება გაუჭირდეს მსოფლიო ასპარეზზე ჩვენთვის სიტყვის შეშველება, ანუ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ძალიან გაგვიჭირდება, დაგვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მაგრამ ამაზე რას გვიპასუხებენ, საკითხავია, არადა, შეიძლებოდა იმგვარი დიპლომატიური რიტორიკის შემუშავება, რომლითაც უკრაინისადმი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უფრო სოლიდარული და თვალსაჩინო იქნებოდა… სამწუხაროდ, სამყაროში ისეთი დრო დადგა, რომ შუალედური პოზიცია აღარ არსებობს. ან ერთ მხარეს უნდა იდგე, ან – მეორე მხარეს”, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა.