ვინ არის მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც რუსულ სამთავრობო არხზე უკრაინაში ომის შეწყვეტას ითხოვდა
428
რუსული „პირველი არხის“ გადაცემა „დროს“ პირდაპირ ეთერში გოგონა გამოვიდა პაცეფისტური პლაკატით, და უკრაინაში ომის შეწყვეტა მოითხოვა. ის გადაცემის წამყვანის, ეკატერინა ანდრეევას უკანა ფონზე გამოჩნდა.
„არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ“, – ეწერა პლაკატზე.
როგორც აღმოჩნდა, უკრაინის მხარდამჭერი მარინა ოვსიანიკოვაა, რომელიც „პირველ არხის“ საერთაშორისო განყოფილების რედაქტორის პოზიციას იკავებდა.
სკანდალური ვიდეოს გამოჩენის შემდეგ რუსეთში „ვირუსული“ გახდა ის ვიდეოც, რომელშიც მარინამ საკუთარი პოზიცია ახსნა. მან აღნიშნა, რომ არ ეთანხმება უკრაინის შესახებ ახალი ამბების მიწოდების პოლიტიკას სახელმწიფო არხებზე. კრემლის პოლიტიკის გასაპროტესტებლად მან ყელსაბამი გაიკეთა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის დროშების ფერებს აერთიანებს.
„ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დანაშაულია. ჩვენ ვდუმდით 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. ჩვენ არ გამოვედით მიტინგზე, როდესაც კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ, უბრალოდ, შორიდან ვაკვირდებოდით ამას“, – განაცხადა მარინამ.
მარინა ოვსიანიკოვა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე, საპრეზიდენტო აკადემიაში სწავლობდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ტელეარხ „რუსეთი -1“-ზე მუშაობდა, შემდეგ კი, „პირველი არხის“ რედაქტორი გახდა.
„მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი კი- რუსი და ისინი მტრები არასდროს ყოფილან“, – განაცხადა ოვსიანიკოვამ ვიდეომიმართვაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარინა ოვსიანიკოვას ორი შვილი ჰყავს, მას უყვარს ლაბრადორის ჯიშის ძაღლები და დილით სირბილი. რეზონანსული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მარინას პირად გვერდზე 3000-ზე მეტმა მოქალაქემ მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის და გამბედაობისთვის.
„პირველ არხზე“ მომხდარი ინციდენტის გამო, მარინა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმა დაეკისრება.
მომხდარიდან რამდენიმე წუთში მარინას მხარდასაჭერად ხალხი შეიკრიბა. ერთმა ახალგაზრდა მას თაიგულიც კი მოუტანა.
„ამაზე თამამი და დამაიმედებელი ბოლო დროს არაფერი მომხდარა. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ბავშვობაში საჭირო წიგნები წამიკითხავს და არ მომწონს, როდესაც ქალებს ჩაგრავენ”, – თქვა ახალგაზრდამ.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარინას თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კიდევ რა ვიცით მარინაზე?
მისი ქალიშვილობის გვარია ტკაჩუკი.
ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მარინამ კარიერა დაიწყო სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიაში – „ყუბანი“. ჟურნალისტი ბოჟენარისკატელეგრამარხზე წერს, რომ 2000-იანების დასაწყისში ოვსიანიკოვა „ყუბანის ადგილობრივი ვარსკვლავი“ იყო. კიდევ ერთი ყოფილი კოლეგა ამბობს, რომ მარინა წარმოშობით გროზნოდან არის, მაგრამ იქიდან კრასნოდარში ჯერ კიდევ ჩეჩნეთში ომის დაწყებამდე ჩამოვიდა.
„ყუბანის რედაქციაში სამუშაოდ ერთად 90-იანებში მოვედით. ის მალევე რუნოვის ფავორიტი გახდა და განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა. კოლექტივთან მაინცდამაინც არ ურთიერთობდა, მაგრამ კონფლიქტშიც არ იყო. მარინა მახსენდება, როგორც კეთილი ადამიანი,“ – ამბობს მარინას ყოფილი კოლეგა.
მისი თქმით, მარინა, დაახლოებით, 2002 წელს წავიდა კრასნოდარიდან მოსკოვში და შემდეგ ყოფილ კოლეგებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ჟურნალისტის მეუღლე, იგორ ოვსიანიკოვი „RT“-ში რეჟისორად მუშაობს. მან ჟურნალისტებთან საუბარზე უარი განაცხადა.