კრემლის „სვასტიკა“ – რას შეიძლება, ნიშნავდეს სიმბოლო Z

Z-ის მსგავსება ფაშისტურ სვასტიკასთან უკვე თვალსაჩინო გახდა. ნიშანი Z, რომელსაც ოკუპანტები სამხედრო ტექნიკაზე ხატავენ, რუსეთში მოქალაქეების ავტომობილებსა და საგზაო ნიშნებზეც კი გამოჩნდა.

„ახალ ფაშიზმს ახალი სვასტიკა მოსდევს“ – ასეთი პლაკატები ჩნდება რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში. რუსეთმა სხვისი ანბანიდან მოიპარა ასო-ბგერა, რათა მისგან საკუთარი აგრესიის სიმბოლო შეექმნა.

ერთსახელიანი „ჰეშთეგის“ ქვეშ სოციალურ ქსელში უკვე 5 მილიონზე მეტი პოსტია განთავსებული. ყველაფერი ტაქტიკური ნიშნით დაიწყო, რომლითაც მტერი საკუთარ ტექნიკას ნიშნავდა.

როგორც ცნობილია, სვასტიკას ნაცისტებიც საკუთარ სამხედრო ტექნიკაზე ხატავდნენ. ასობგერა Z უკვე ე.წ. მიმების გმირიც გახდა. სხვათა შორის, არსებობს 2017 წელს გადაღებული ფილმი, ნიკოლაი ბასკოვით მთავარ როლში. დასახელება იგივე Z ასოა. სიუჟეტი – ზომბი-აპოკალიფსი რუსეთში. 

სიმბოლო Z-ით რუსები ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში შეჭრისათვის მხარდაჭერას უცხადებენ. ეს ნიშანი ზოგიერთ ოფიციალურ საბუთშიც კი გამოჩნდა. კემეროვოს ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამიერიდან რეგიონის დასახელება ოფიციალურად იქნება – КуZбасс.

რას ნიშნავს სიმბოლო Z?

„ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რას ნიშნავს, მაგრამ გასაგებია, როგორ გამოიყენება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ Z არის За победу (გამარჯვებისთვის), სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს Zапад (დასავლეთი)“, – აცხადებს დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის პროფესორი, დუნიკა ობიუოკონი, რომელიც პოსტსაბჭოურ პოლიტიკაზე სპეციალიზდება.

ერთ-ერთი პოპულარული თეორია რუსული ინტერნეტის მომხმარებლებს შორის არის ის, რომ  Z, V და O შესაძლოა, ნიშნავდეს „ვოლოდიმირ ოლექსანდრის ძე ზელენსკის“ – უკრაინის პრეზიდენტის სრულ სახელს.

არ არის გამორიცხული, რომ სიმბოლო წინასწარ ყოფილიყო მოფიქრებული, როგორც ფსიქოლოგიური ომის ნაწილი. ამასთანავე, შესაძლოა, სპეციალისტებმა ნიშნის არჩევისას გაითვალისწინეს, რომ ის ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები