ოკუპირებულმა აფხაზეთმა დონეცკის ე.წ. რესპუბლიკასთან ე.წ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა
ოკუპირებულმა აფხაზეთმა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღინიშნება, რომ მზადდება “სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გახდება საფუძველი აფხაზეთის რესპუბლიკასა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის სამართლებრივი ბაზის ფორმირებისთვის”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციის კურსს, რომელიც მიმართულია უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე”.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების უკრაინისგან დამოუკიდებლობა აღიარა.
24 თებერვალს კი, თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების ლიდერების თხოვნის საფუძველზე, პუტინი უკრაინაში შეიჭრა, “ქვეყნის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებული სპეცოპერაციის” სახით.