ოკუპირებული აფხაზეთი, ბელარუსი, უზბეკეთი – წელს რუსი ტურისტების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები გახდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, ტრადიციულად, ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ადამიანების დიდი ნაკადის შემოდინების პროგნოზირება დაიწყეს.
თუმცა, როგორც ჩანს, წელს აფხაზების “ოცნებები” შესაძლოა, ასრულდეს, რადგან ოკუპირებული აფხაზეთი იმ “ქვეყნების სიაშია”, სადაც რუსეთის მოქალაქეებს МИР-ის პლასტიკური ბარათის გამოყენება შეეძლებათ.
როგორც რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში განაცხადეს, ოკუპირებული აფხაზეთი შედის იმ “ქვეყნების ჯგუფში”, სადაც სეზონზე მოთხოვნა გაიზრდება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ექვსი ქვეყნის სავაჭრო ადგილებში არის განთავსებული ტერმინალები, რომლებიც “მირ”-ს მიიღებენ, “ესენია ბელარუსი, სომხეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი. აქ მხოლოდ ორი მიმართულება იქნება ნამდვილად მასიური – ბელარუსი და აფხაზეთი. მაგრამ ასეთ პირობებში ტურისტების ნაკადი უზბეკეთშიც შეიძლება, გახდეს მასიური”.
“მირ” ასევე მიიღება ყაზახეთსა და ტაჯიკეთში, მაგრამ არა – ყველგან.
„პოსტსაბჭოთა ქვეყნების ამ ჯგუფის გარდა, ამ ბარათების მიღების ყველაზე ფართო ქსელია თურქეთში”, – აღნიშნეს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.