„ეს ნახატი დედის დღეს მივუძღვენი… დედას შვილის საფლავზე ვერ მიაქვს ყვავილები, რადგან დაკარგულ ტერიტორიაზეა“ – 11 წლის მხატვარი და „ოკუპაციის სევდა“

ერთი წლიდან დაიწყო ხატვა… მას შემდეგ სულ ხატავს,  თვითნასწავლიახატავს, როგორც ფანქრით ქაღალდზე, ასევე ტილოზე აკვარელით, სრულიად დამოუკიდებლად. უკვე ბევრ გამოფენასა და კონკურსში მიიღო მონაწილეობა,
განსაკუთრებით საქველმოქმედო გამოფენებში, საიდანაც შემოსული თანხით ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობა დაფინანსა.
ამჟამად  11 წლისაა...  დადის ხატვის სტუდიაშიც და სკოლაშიც კარგად სწავლობს. ამბობს, რომ სამომავლოდ მხატვარ-დიზაინერობას აპირებს. – ლილე აბრამიშვილის პერსონა.

– ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა კარგად მახსოვს უბრალო ფანქრით დახატული ღიმილები, რომელიც ამ ასაკში საკმაოდ დახვეწილი მოეჩვენათ ჩემი ოჯახის წევრებს. შემდეგ ბაღის პედაგოგებმა შეამჩნიეს, რომ განსაკუთრებული იყო ამ პატარა ასაკში დახატული ყვავილები და სხვადასხვა ფიგურა.
ესეც ჩემი პირველი ნახატები:
– ახლა 11 წლის ხარ. როგორ მოხვედი დღევანდლამდე, ანუ ასაკთან ერთად თანდათან როგორ შეგიყვარდა ხატვა?
–  ყველაზე მეტად მომწონდა ხატვა, თანდათან იხვეწებოდა ნახატები, ასევე ძალიან მომწონდა ძერწვა, ნახატებით და ძერწვით ვყვებოდი სხვადასხვა ამბავს, გამოვსახავდი ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ბუნებას, ცხოველებს, ფრინველებს. ახლაც ყველაზე მეტად მიყვარს ბუნების ხატვა.
– 5 წლის იყავი, როცა გაიმარჯვეთ კონკურსში. პეპელაში მოქცეული მთელი სამყარო სიყვარულის გარშემო ერთიანდება, – ასეთი იყო ნახატის შინაარსი…
– კარგად მახსოვს ეს დღე, მიხაროდა, რომ ადამიანებს მოსწონდათ ჩემი ნამუშევარი და დაინახეს ამ ნახატის შინაარსი. ამ დაჯილდოებაზე მიღებული პრიზები გავუნაწილე სხვა კონკურსანტ ბავშვებს, რომ მათაც გახარებოდათ ეს დღე.
– მრავალ კონკურსსა და გამოფენაში მიიღე მონაწილეობა. რომელს გამოყოფდი და რატომ?
–  ყველაზე მეტად გამიხარდა გამოფენა, რომელიც ჩემი კლასის დამრიგებელმა თეონა ჭანტურიძემ სკოლის მისაღებში მოაწყო. მთელი სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები მოდიოდნენ და ეცნობოდნენ ჩემს ნამუშევრებს და  გამოხატავდნენ დადებით  ემოციებს, ეს იყო დიდი მოტივაცია ჩემთვის.
– მონაწილეობ საქველმოქმედო გამოფენებში და ეხმარები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ვის დაეხმარე და რომელი ნახატები გაიყიდა?
– გასულ წელს „ისთ ფოინთის“ და „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოცხადდა კონკურსი, სადაც მოიწონეს ჩემი ნამუშევრებიც სხვა კონკურსანტებთან ერთად. „ისთ ფოინთის“ ეზოში გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო მარკეტი, რომელიც 2 დღეს გრძელდებოდა და ბავშვებს შეეძლოთ, ნებისმიერი საკუთარი გამოგონება, ნამუშევარი თუ ხელნაკეთი ნივთი გაეცნოთ ხალხისთვის და გაეყიდათ.
ჩემი წარდგენილი ყველა ნახატი გაიყიდა, საიდანაც შემოსული თანხა გადაირიცხა ჩემი სკოლელი ლაშას დასახმარებლად. ლაშა სრულიად გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდა ცოტა ხნის წინ. მიხარია, რომ ჩემი პატარა წვლილიც არის ამ კარგ ამბავში.
– შენობებით დაფარული ზეცა… – რა გინდოდა გეთქვა ამ ნახატით?
–  ქალაქში ბავშვებს აღარ შეგვიძლია დავინახოთ ფანჯრებიდან ლამაზი ცა, მზის ამოსვლა და ჩასვლა. შენობები ფარავენ ამ სილამაზეს.
– ეს ყაყაჩოები ეძღვნება ბათუმში დაღუპულთა ხსოვნას…
– ძალიან განვიცადე ბათუმის დიდი ტრაგედია, ამ ნახატზე ყაყაჩოების სახით დახატულია იქ დაღუპული ადამიანები, დაბლა ჩამოყრილი კესანები – დაღუპული ბავშვები, შავი ფონი და ცრემლებით სავსე ლარნაკი კი მთელი ქვეყნის სევდას გამოხატავს.
– „ოკუპაციის სევდა“… დედის საფლავზე მიაქვს ყვავილები – ეს ნახატი აქტუალურია დღეს, როცა უკრაინა ომის ქარცეცხლში გაეხვია…
– ეს ნახატი დედის დღეს მივუძღვენი, წარმოვიდგინე  დედები, რომლებიც საფლავებზეც კი ვერ მიდიან, რომ ყვავილები აჩუქონ შვილებს, რადგან ეს საფლავები ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზეა.
უკრაინის ომი ჩემთვის ასევე დიდი მწუხარებაა, იქ იღუპებიან უდანაშაულო ბავშვები და ადამიანები. სწორედ ამ ნახატზე ვმუშაობ ამჟამად.

„ოკუპაციის სევდა“

– სწავლის პარალელურად ხატავ… როგორ ანაწილებ დროს?
– როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, ყოველთვის  ხატვით ვარ დაკავებული. განსაკუთრებით – დასვენების დღეებში. მინდა თან კარგად ვისწავლო, თან მხატვრობას მივყვე, ჯერჯერობით ვახერხებ. სასკოლო საგნებიდან ძალიან მიყვარს ხელოვნება, ქართული და მათემატიკა.
– ჰობი…
– დედასთან ერთად ლაშქრობა, ბუნებაში სეირნობა.
– საყვარელი მხატვარი…
– საყვარელი მხატვრები არიან – ვან გოგი და ელენე ახვლედიანი.
–  გაქვს გვერდი – LileArt, სადაც ზოგ ნახატზე გიწერია, რომ – „არ იყიდება“.  ამ ნახატებს ალბათ გამოფენებისთვის ინახავ. საერთოდაც, როგორ ელევი ნამუშევრის გაყიდვას?
–  გვერდის შექმნის იდეა ჩემს პატარა დაიკოს ელენეს ეკუთვნის, რომელმაც მოიფიქრა, რომ ამ სახით უფრო ბევრი ადამიანი გაიცნობდა ჩემს შემოქმედებას. შემდეგ ადამიანებმა თვითონ გამოთქვეს ნახატების შეძენის სურვილი და ასე დაიწყო ეს ამბავი.
ჩემთვის ძნელია ნახატის გაყიდვა, რადგან ნახატი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, მაგრამ თუ ამ თანხით შემიძლია სხვა ადამიანების დახმარება, მაშინ არ მენანება. არც გაჩუქება მენანება, რადგან მიხარია, თუ სხვა ადამიანებს ამით სიხარულს მოვუტან.
ამ ეტაპზე ნახატებს ვაგროვებ და დიდი გამოფენისთვის ვემზადები, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს გაიმართება.
– სამომავლოდ  გააგრძელებ ხატვაზე სიარულს?
– უკვე გადავწყვიტე, ამ გზას გავყვე, უფრო მეტად დავხვეწო ეს ნიჭი, დავდივარ ხატვის  სტუდიაში,  კარგად ვსწავლობ სკოლაშიც.  ფერწერული ტილოების გარდა ვქმნი ანიმაციის გმირებსაც, შემიძლია პატარა მაკეტების შექმნაც. მომავალში მხატვარ-დიზაინერობას ვაპირებ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები