„ბოლოს დანგრეულ ხიდთან ვიყავით და ტყვიების წვიმაში გავრბოდით“ – ბუჩადან გამოქცეული ერთი ოჯახის ისტორია
რამდენიმე დღეა, ქალაქი ბუჩა და ირპენი, კიევთან ახლოს, მუდმივი თავდასხმის ქვეშაა. იქ ომი მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლები და მშვიდობიანი მოსახლეობა მტერს მიზანში ჰყავს ამოღებულია. ამასთანავე, ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საშუალებასაც არ იძლევიან. ბუჩაში მცხოვრები ვიქტორია კურილენკო ჰყვება, რა მდგომარეობაშია იქ ხალხი და როგორ გარბოდა, ოჯახთან ერთად, საკუთარი სახლიდან.
„ჩვენ ბუჩადან გამოვიქეცით. სახლში დარჩენის საშუალება უკვე არ გვქონდა. სამი დღე შუქის, სითბოს, მობილური კავშირის გარეშე, მუდმივი თავდასხმის ქვეშ… დაძაბულები ველოდებით: ჩამოვარდება თუ არა ჩვენს სახლში ჭურვი. ხმების მიხედვით უკვე ვარჩევთ, რას ისვრიან, რამდენად შორსა ჩვენგან, უნდა გავიქცეთ სარდაფებში თუ ჯერ კიდევ შეიძლება, შემოსასვლელში, მზიდ კედლებთან ვისხდეთ“, – წერს ვიქტორია სოციალურ ქსელში.
ვიქტორია ამბობს, რომ თუკი სარდაფში რამდენიმე დღეს ატარებ სიცივესა და სიბნელეში, ის შენს პარალიზებას ახერხებს როგორც სულიერად, ისე – ფიზიკურად. იზრდება შიში და სულ უფრო ძნელი ხდება იქიდან გამოსვლა.
„ზოგიერთი ჩვენი მეზობელი, პატარა ბავშვებით, პირველივე დღიდან სარდაფშია. მე მივხვდი, რომ სარდაფს არ უნდა დავნებდეთ. უკვე მეათე დღეს ჩვენ ყველაფერი გაგვითავდა: პროდუქტი, სანთლები, წყალი და მოთმინებაც. მივხვდი, რომ თუკი დღეს არ გავიქცეოდით, მაშინ საერთოდ ვეღარ წავიდოდით აქედან და ჩვენც გავიქეცით“, – ჰყვება ვიქტორია.
მისივე თქმით, მანქანით გადაადგილების ვარიანტი არც განიხილებოდა. რამდენიმე დღით ადრე მათი სახლის ეზოდან სხვა ოჯახი ცდილობდა მანქანით წასვლას. რუსმა ოკუპანტებმა ისინი დახვრიტეს. მტერმა დედასა და ოთხი წლის ბავშვს ესროლა.
„ჩვენს კორპუსში დარჩა ექიმი ირა იაზოვა – მან მათ სამედიცინო დახმარება გაუწია, ვინაიდან სასწრაფო დახმარება და სახანძრო ჩვენთან უკვე აღარ დადის. ჩვენ ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა ირპენში, რკინიგზის გაყოლებაზე. ხუთი ვიყავით: მე, ლიოშა, მაშა, მარიკი და მარინა. მინდორში პირველად მოვხვდით სროლის ქვეშ. მერე მეუღლემ მითხრა, რომ გაიგონა ტყვიის ხმა, რომელმაც ყურთან ჩაუფრინა. ესე იგი, ესროდნენ მშვიდობიან ოჯახს, ბავშვებით“, – წერს ვიქტორია.
მის ოჯახს უნდა მიეღწია ეკლესიის ქუჩაზე. იქ ტელეფონის დატენა და ჩაის დალევა შეიძლებოდა. შემდეგ, იქნებ, ვინმეს გაჰყოლოდნენ კიდეც სოფელ რომანოვკამდე. ვიქტორიას თქმით, ყველაზე საშიში მომენტი ირპენის პარკში შესვლა იყო.
„ჭურვი ჩვენთან ახლოს, მრავალსართულიან შენობებს შორის აფეთქდა, ჩამოცვივდა შუშები, კედლები ზანზარებდნენ, ჩვენ კი, უბრალოდ, დავწექით მიწაზე და თავზე ხელები დავიფარეთ. ეკლესიამდე დამტვრეული მანქანით მიგვიყვანეს, რომელსაც წითელი ჯვარი ეხატა, იქიდან კი რომანოვკაში წაგვიყვანეს. ბოლოს დანგრეულ ხიდთან ვიყავით და ტყვიების წვიმაში გავრბოდით, რაც ძალა და ღონე გვქონდა. ხიდის მიღმა საევაკუაციო ავტობუსები იყო. მგონი, მარინას ეს თამაში ეგონა, როდესაც ის რომელიღაცა სამხედრომ აიყვანა ჯებირზე, რათა გადაესვა. მარიკი შოკირებული იყო. ისიც გარბოდა, როგორც შეეძლო, ოღონდ გამუდმებით ყურსასმენებს ითხოვდა, ეს სროლის ხმები რომ არ გაეგონა, რაც ძალიან გაუსაძლისი იყო“, – იხსენებს ვიქტორია.
ავტობუსში ყველა დაწოლილი მგზავრობდა, ვინაიდან ირგვლივ კიდევ ისროდნენ და რაღაც-რაღაცები ფეთქდებოდა.
„და, აი, ჩვენც კიევში ვართ. ხვალ კიდევ დასავლეთით წავალთ, სადმე, სადაც სროლის ხმა არ ისმის. არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენთვის ყველაზე ფასეული სიჩუმე იქნებოდა. რამდენიმე საათის მერე, რაც სახლიდან გამოვიქეცით, ჩვენს კორპუსს ჭურვი მოხვდა. საბედნიეროდ, მხოლოდ სახურავს. ჩვენს კორპუსში დღემდე რჩება ხალხი – შუქის, სითბოს, წყლის და მობილური კავშირის გარეშე, დაცვისა და იმედის გარეშე“, – წერს ვიქტორია.