„წასვლა მოვახერხე და ახლა თავი მოღალატე მგონია“ – რას განიცდიან ადამიანები, რომლებმაც უკრაინა დატოვეს

„მე ახლა უსაფრთხოდ ვარ მაშინ, როდესაც ჩემი ნაცნობები იმალებიან მეტროსა და სარდაფებში, კიევში, ხარკოვში, მელიტოპელში და ჩერნიგოვში. მე თავს მოღალატედ ვგრძნობ“.

„ყოველ დილით ვიღვიძებ ფიქრით, რომ შესაძლოა სასარგებლო ვყოფილიყავი ფრონტზე, მაგალითად, მიმეწოდებინა ტყვიები. შემდეგ კი ვიცინი იმიტომ, რომ ჩვენი ჯარისკაცები მტერთან გამკლავებას თავადაც მოახერხებენ და რისი გაკეთება შემიძლია მე?!“.

ასეთ ფიქრებს უზიარებენ ადამიანები ერთმანეთს უკრაინულ ფორუმებზე. ისინი, ვინც  რუსულ ტყვიებს გამოექცნენ… ზოგი მათგანი თავს  დამნაშავედ გრძნობს, თითქოს, უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.

აღნიშნულ ფორუმებზე მათ ფსიქოლოგები, ირინა იუსკოვა და სვეტლანა როიზი ეხმარებიან.

რას ამბობენ ფსიქოლოგები:

გადარჩენილი თავს დამნაშავედ გრძნობს

„ეს  შეგრძნება ადამიანს მაშინ ებადება, როდესაც  დიდ  ტრავმულ მოვლენას განიცდის. ეს გრძნობა ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, როდესაც ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს მაშინ, როცა სხვები ომში იღუპებიან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მომხდარამდე რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრნენ ქვეყნიდან დასასვენებლად ან რაიმე საქმეზე და უკან დაბრუნება ვერ შეძლეს იმიტომ, რომ საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია. მათ ჰგონიათ, რომ შეეძლოთ რაიმე გავლენა მოეხდინათ ვითარებაზე და სხვებს დახმარებოდნენ. ეს განსაკუთრებით ეხებათ 25 წლის ზევით ახალგაზრდებს.  არსებობს კიდევ ასეთი შემთხვევა: დედას, რომელსაც ჰყავს 4 შვილი (ყველაზე პატარა 2 წლის), უკვე მეორედ უწევს გადაადგილება. 8 წლის წინ მათ დონბასი დატოვეს და კიევში გადაცხოვრდნენ. დღეს მან თავის ფსიქოთერაპევტს მისწერა, რომ დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა აწუხებს, რადგან ქვეყნიდან გამოიქცა და არ შეუძლია სამშობლოს დახმარება. ეს იმის გათვალისწინებით ხდება, რომ მისი პირდაპირი მოვალეობა ახლა საკუთარი შვილების საფრთხოების უზრუნველყოფაა“,- ამბობს ფსიქოლოგი ირინა იუსკოვა.

მისი თქმით, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასეთ ვითარებაში საკუთარი როლის მიღებაა. თუკი ეს მრავალშვილიანი მამა ან დედაა, მისი ძირითადი ამოცანა საკუთარი ოჯახის დაცვაა. შემდეგ მოდის უკრაინის, ჯარის, ნათესავების, ქველმოქმედების დახმარების ვალდებულება.

როდესაც დანაშაულის შეგრძნება აგრესიაში გადაიზრდება

როდესაც ადამიანს დანაშაულის შეგრძნება აწუხებს, ის, როგორც წესი, თავშეკავებული და ცხოვრებისადმი აპათიურია. ამიტომ, უარესია, როდესაც გადარჩენილის დანაშაულის შეგრძნება აგრესიაში გადაიზრდება. ასეთი რამ შეიძლება მოუვიდეს იმ ადამიანს, რომელმაც ძლიერი ტრავმა მიიღო, მაგალითად, ვინმე მის თვალწინ დაიღუპა.

გერმანელი მკვლევრების აზრით, გადარჩენილს შესაძლოა ჰქონდეს მცდარი აზრები საკუთარი როლის შესახებ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ, ისინი ძლიერ სიბრაზეს განიცდიან მკვლელი-ოკუპანტის მიმართ.

ადამიანის ფსიქიკას იმდენად შეუძლია გამოდევნოს ტრავმატული მოვლენა, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს. ამიტომ, აუცილებელია დაკვირვება მის მდგომარეობასა და სიმპტომებზე, რათა არ განვითარდეს პოსტტრავმული აშლილობის სინდრომი.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს  და შევინარჩუნოთ კონტროლი

დანაშაულის შეგრძნება შეიძლება გადაიზარდოს აგრესიაში და ასევე, ტრანსფორმირდეს პანიკურ შეტევაში. როდესაც მღელვარების დონე ძალიან მაღალია, საკუთარ სხეულზე კონტროლი უნდა დავამყაროთ. ამაში ადამიანს ეხმარება შემდეგი ტექნიკა: ამოისუნთქო უფრო მეტი, ვიდრე ჩაისუნთქე და დალიო ბევრი წყალი.

როდესაც ადამიანს პირი უშრება, ტვინს მიეწოდება სიგნალი, რომ ორგანიზმი სტრესშია. საჭიროა ბევრი სიარული. არ გააჩეროთ მზერა ერთ საგანზე.

როდესაც საკუთარ სხეულზე კონტროლს მოიპოვებთ, დროა გააკონტროლოთ საკუთარი ფიქრები. უნდა იპოვოთ ის, რისიც კეთებაც კარგად შეგიძლიათ და დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება ეს გამოიყენოთ იმ პირობებში, როგორშიც ახლა აღმოჩნდით.

ფსიქოლოგი სვეტლანა როიზი გვირჩევს, არ დაგვავიწყდეს, რომ დახმარების გაწევა შეგვიძლია იქ, სადაც ვართ. პირველ რიგში, ეს არის ინფორმაციული შეტევა რუსულ სოციალურ ქსელებზე. შეგიძლიათ მოუყვეთ იმის შესახებ, რაც თავად ნახეთ ან განიცადეთ. ასევე, შეგიძლიათ გააკეთოთ რაიმე სხვისთვის. ესაუბრეთ ადამიანებს, წაუკითხეთ ზღაპრები ბავშვებს, დაეხმარეთ მათ, ვინც ახლოს არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები