„რუსული მშვიდობა“ ხერსონში – როგორ დაანგრიეს ოკუპანტებმა ქალაქი

ხერსონში რუსი ჯარის შემოჭრის შემდეგ 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასევე, თავდასხმის შედეგად, დაინგრა რამდენიმე შენობა. თითქმის, განადგურებულია სავაჭრო-გასართობი ცენტრი „ფაბრიკა“, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.

გუშინ დილით, 10:53 საათზე, ქალაქის დაბომბვის შედეგად, რომელიც საცხოვრებელ მასივზე განხორციელდა, რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა. სახლებში მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად, განადგურებულია საცხოვრებელი, ხოლო მოქალაქეებმა მრავლობით ტრავმები მიიღეს, არიან ასევე დაღუპულებიც, რომელთა იდენტიფიკაციაც ამ დრომდე შეუძლებელია.

ხერსონის მერი, მოქალაქეების გადასარჩენად, ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვს. როგორც იგორ კოლიხაევი  აცხადებს, ჰუმანიტარული დერეფანია საჭირო იმისთვის, რომ ქალაქიდან დაღუპულების და დაშავებულების გაყვანა გახდეს შესაძლებელი, ასევე, საჭიროა ქალაქში საკვებისა და მედიკამენტების შემოტანა.

მისივე თქმით, ხერსონში მაროდიორობის საფრთხე ძალიან დიდია.

„ქალაქში არსებობს რეალური საფრთხე, რომ მაროდიორები საკვების მარაგს მოიპარავენ. ქალაქს კი სჭირდება საკვები და სამრეწველო საქონელი. ყველაზე მეტად ეს მოსახლეობის დაუცველ ფენებს ეხება. მე მივმართავ სუპერმარკეტების, დიდი მაღაზიების საწყობებს, რომლებიც ინახავენ პროდუქტს და ყველას, ვისთვისაც ეს შეტყობინება სასარგებლო იქნება. ჩვენ მზად ვართ, ავიყვანოთ თქვენი პროდუქცია ჩვენი კონტროლის ქვეშ. გარანტიას გაძლევთ, რომ პროდუქტი მოხვდება იქ, სადაც მას ყველაზე მეტად ელიან – საავადმყოფოში, ბავშვთა სახლებში, პენსიონერებთან, გაჭირვებულებთან, მრავალშვილიან ოჯახებთან და ა.შ. ჩვენ ამას ორგანიზებულად და პასუხისმგებლობით გავაკეთებთ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ“, – დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.

დღეს ქალაქი ოკუპანტების გარემოცვაშია. მათ დაიპყრეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მაგრამ ქალაქის ადმინისტრაცია მუშაობას მაინც აგრძელებს. ქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია.  შესაძლოა, ამ წუთებშიც ხერსონში ჰუმანიტარული დახმარება შედიოდეს მეზობელი ქალაქებიდან, მაგრამ ოკუპანტები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. ასე გამოიყურება დღეს „რუსული მშვიდობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები