„ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა ან როგორ უნდა დაიჯერო ასეთი მარაზმი“ – კიევში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი ომის დღეებზე საუბრობს

რუსლან ზაპლატინი

რუსლან ზაპლატინი ჟურნალისტი და ბლოგერია, რომელიც 2016 წელს ტომსკიდან კიევში გადავიდა საცხოვრებლად. მას აქვს თავისი Youtube-არხი, სახელად – „რუსი უკრაინაში“, სადაც უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით დაიწყო ყოველდღიურად ვიდეოების გამოქვეყნება სერიიდან – „ომის დღიურები“.

„24 თებერვლის ღამეს მე ახალი ამბების მონიტორინგს ვატარებდი. მოვიდა შეტყობინება, რომ 24 საათის განმავლობაში შემოტევა დაიწყებოდა. შემდეგ შეგვატყობინეს, რომ თავდასხმა დილის 4 საათზე დაიწყებოდა. უკვე ხუთის ნახევარზე ჩემთვის გავიფიქრე, რომ რახან არაფერი ხდება, წავიდოდი და დავიძინებდი. ნახევარ საათში მეუღლემ გამაღვიძა. ამბობდა, რომ იქ აფეთქებები იყო. მაშინ დაიწყეს ბორისპილის აეროპორტის დაბომბვა. ის ჩვენთან ახლოს იყო, ამიტომ, ხმები გვესმოდა და სახლის ფანჯრებიც ირხეოდა“, – იხსენებს რუსლანი.

მათ ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. მომდევნო დღეს, სანამ ჯერ კიდევ კიევში იყვნენ, ჩამოვარდა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სახლის სახურავს დაეცა და აალდა.

„რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ასე იქნებოდა – ან როგორ შეიძლება, დაიჯერო ასეთი მარაზმი? მეორე დღეს, სანამ ჯერ კიდევ კიევში ვიქნებოდით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, სახლის სახურავს დაეცა და აალდა. ეს ჩვენს რაიონში მოხდა, რამდენიმე მეტრში ჩვენი სახლიდან. ძალიან კარგად ვხედავდით და კარგადაც გავიგონეთ აფეთქების ხმა. მთელი მეორე დღე ჩვენ შემოსასვლელში, იატაკზე გავატარეთ – ერთადერთ ადგილზე, სადაც ფანჯრები არაა. მეორე დღეს ხალხს ისეთი პანიკა ჰქონდა, რომ გაჩნდა საცობები, ქალაქიდან გასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. მესამე დღეს ჩვენც ჩავბარგდით და გავემგზავრეთ. ეს, ალბათ, უკანასკნელი დღე იყო, როდესაც კიევიდან გასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო“, – ამბობს რუსლანი.

ჟურნალისტის თქმით, მან უკრაინის 57 ქალაქი შემოიარა, მათ შორის, „უცნაური“ ქალაქები, როგორიცაა: ლვოვი, ტერნოპოლი, ივანო-ფრანკოვსკი და არასდროს, 5 წლის განმავლობაში, არ ჰქონია პრობლემა დისკრიმინაციის კუთხით.

„ხალხი გაერთიანდა. ძალიან ბევრი მოხალისეა. როდესაც ჩვენ კიევიდან გავდიოდით, იარაღის აღების მსურველების რიგი იდგა. ოფიციალური მონაცემებით, კიევში ომის პირველ დღეს, დაახლოებით, 25 ათასი ავტომატი გასცეს. საერთოდ, უკრაინა ძალიან მშვიდობიანი ერია. მათ სძულთ მხოლოდ ისინი, ვინც მათთან იარაღით მიდის. მე უკრაინის 57 ქალაქში ვარ ნამყოფი და არასდროს  მქონია პრობლემა დისკრიმინაციის კუთხით. არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება შეიძლება, იყოს რუსების მიმართ ამ ისტორიის შემდეგ. ახლა ჩვენ კიევის რაიონში ვართ. ვფიქრობდით, რომ აქ უფრო სიმშვიდე იქნებოდა. პირველი დღე ნორმალური იყო, მაგრამ ახლა ჩვენ გამუდმებით გვესმის სროლის ხმა, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მანძილიდან, ხანდახან უფრო ახლოდანაც. პროდუქტების საქმე უკვე ცუდადაა. როდესაც ახალი ჩამოსულები ვიყავით, ასე თუ ისე, ყველაფერი ნორმალურად იყო. საღამოს წავედი მაღაზიაში და პური, ქათამი, სპაგეტი, თითქმის,  არაფერი არ იყო“, – ამბობს რუსლანი. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები