გასული საუკუნის ლეგენდებით შთაგონებული მუსიკალური აკორდი მოქანდაკე ერეკლე წულაძის სახელოსნოდან
ყველა სკულპტურას „საუნდტრეკად“ მაილს დევისის მუსიკა გასდევს. ყველა მათგანი ლეგენდარული მუსიკოსის ჯაზური კომპოზიციების თანხლებით შეიქმნა. ჯაზივით თავისუფალი და იმპროვიზაციაზე დაფუძნებული მისი ნაკეთობებიც ერთგვარი ნოვაციაა, რომელიც ფორმით და შინაარსით სრულიად ახალი სიტყვაა ქართული სახვითი ხელოვნების სფეროში.
სილუეტები მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქანდაკების სული და ამაზე მეტად ფასეული ის ენერგეტიკაა, რომელსაც მოქანდაკე ერეკლე წულაძე ნამუშევარში დებს. სკულპტორისთვის ყველაფერი ძველი რომიდან მოდის. ალბათ ამიტომაც, იმპერიის ეპოქით შთაგონებულ ნამუშევრებზე და არტთერაპიაზე ერეკლე წულაძე განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს.
– სად დაეუფლე ქანდაკების ხელოვნებას?
– მოქანდაკე ვარ პროფესიით, სამხატვრო აკადემიაში, ბეჟან სულხანიშვილის კლასში დავეუფლე ამ ხელობას. ვსწავლობდი ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში გრაფიკის ფაკულტეტზე. ამის შემდეგ დავამთავრე ინგლისური ენის აკადემია. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემთვის ვილნიუსში ჩასვლაა, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ამის შემდეგ ჩემი პირველი ნამუშევარი ბათუმში 2012 წელს შევქმენი. ეს იყო ქანდაკება: „მე, შენ და ბათუმი“, სადაც შეყვარებული წყვილი აჭარის საფირმო რეცეპტით მომზადებულ ყავას მიირთმევს და ბათუმის ხედით ტკბება. დღეს თუ მკითხავთ, ამ სკულპტურას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, დღეს მას სხვანაირად გავაკეთებდი.
– თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო…
– კი, 12 წლის ვიყავი, როდესაც დავხატე ძაღლი კბილის ჯაგრისით (რადგან სადაც ვიმყოფებოდი, ფუნჯი არ მქონდა თან). ამ ნახატმა მონაწილეობა მიიღო იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 90 ქვეყანა მონაწილეობდა. ეს ნახატი დღესაც ტოკიოს თანამედროვე ბავშვთა გალერეაშია. მაშინ ვიფიქრე, ხატვას გავყოლოდი. თუმცა მოქანდაკეების ოჯახში დავიბადე და საბოლოოდ მეც ამ გზას გავყევი.
– მოქანდაკე რომ არ გამოსულიყავი…
– მოქანდაკე რომ არ გამოვსულიყავი, ვიქნებოდი ფეხბურთელი. ფეხბურთელი რომ არ გამოვსულიყავი, ვიქნებოდი კინემატოგრაფისტი. კინემატოგრაფისტი რომ არ გამოვსულიყავი, ვიქნებოდი ისევ მოქანდაკე.
– რა არის შენი ხელოვნება?
– ხელოვნება არის სულიერი მდგომარეობის დაფიქსირება. თუ ხელოვანის სულიერი მდგომარეობა ჯანსაღია, მისი შემოქმედებაც ამას ადასტურებს, იდეურობაც ასახავს, რომ შინაგანი მდგომარეობა მოწოდების სიმაღლეზეა. როცა პირიქითაა, ესეც აისახება.
– შენი შემოქმედებაც ამას ადასტურებს…
– კი, ცხოვრებიდან გამომდინარე… წინასწარ არასდროს ვფიქრობ, რა მოყვება ამა თუ იმ პროექტს. ძალიან მოკლეა ცხოვრება.. კოლიზეუმიდან დღეს ერთი ქვა ჩამოვარდება, ხვალ – მეორე და რაღაც პერიოდში არსებობას შეწყვეტს. მარადიულობა ბუნების მარადისობაშია: ერთი კვდება, მეორე იბადება. ეს პროცესი უნდა აწარმოო და ყოველდღიურობაში, მუშაობის პროცესიდან მიიღო სიამოვნება. ეს ჩემი აზრით სწორი მიდგომაა.
– ამ შემთხვევაში შედეგიც ადეკვატური იქნება…
– შედეგი შედარებითია. მთავარია, იდეა იყოს. როცა იდეა იბადება და ნაკეთობაც ამ იდეას ამართლებს, ეს არის ყველაზე სასიამოვნო. როდესაც ნამუშევარს ამთავრებ, შეიძლება ის ემოცია მოგენატროს, რომელიც იმ ნაკეთობაზე მუშაობისას იყო. მთავარია განცდა..
– განცდას რაც შეეხება, რომელია მუშაობისას ყველაზე სასიამოვნო ეტაპი?
– ხშირად, როდესაც ვმუშაობ, ჩემს სახელოსნოში მაილს დევისი ჟღერს. ეს არის გარკვეული ინფორმაციის მომტანი ჩემთვის. მისი შემოქმედება მეხმარება..
– მასალები, რომლებზეც მუშაობ, არის ნატურალური. რომელია ყველაზე საინტერესო კომბინაცია?
– საიდუმლოდ გეტყვით, მიყვარს მეტალისა და ხის კომბინაცია. ასევე მაქვს დაუოკებელი სურვილი, მოვიფიქრო ახალი ტიპაჟების ვიზუალი. ძირითადად, როდესაც ნაწარმოებებს ვქმნი, ისინი გათვლილია, რომ საზოგადოებამ ნახოს. თუმცა მაქვს ნამუშევრებიც, რომელიც შორსაა ყველანაირი კომერციულობიდან. ამ ნაკეთობებში მინდა ჩემებური ფორმები შევქმნა, რომელიც გადმოსცემს ენერგეტიკას.
– ამჟამად რომელ პროექტზე მუშაობ?
– ახლა ვმუშაობ ცნობილი მუსიკოსების სერიაზე, ისინი არიან გასული საუკუნის მუსიკალური რენესანსის წარმომადგენლები. ჯეიმს ბრაუნი, ელა ფიცჯერალდი, რეი ჩარლზი, ბიბი კინგი, ელვის პრესკი, ლუი არმსტრონგი… ყველა ნამუშევარი შესრულებულია ნატურალური მასალით: ხე, ქვა, მარმარილო, ლითონი და ა.შ. მინდოდა ეს სერია ვიტრაჟული ყოფილიყო. მუსიკოსების სკულპტურების პრეზენტაციისთვის ვგეგმავ ფოტოგამოფენას, ბენდით და ფერადკანიანი ოფიციანტებით, რომ ის აურა შევქმნა, რომელიც იმ პერიოდს ასახავს.
– სად ხედავ შენი ნამუშევრების მომავალს?
– უფრო ნიუ-იორკში. ერთი გამოფენის გაკეთებას ვგეგმავ ამერიკაში. ეს გამოფენაც თავიდან ნიუ-იორკისთვის მქონდა ჩაფიქრებული. ასევე მინდა, მონაწილეობა მივიღო დუბაიში დაგეგმილ ექსპოზე, რომელიც ხელოვნების მიმართულებით ძალიან საინტერესო პლატფორმაა.
– აქედან გამომდინარე, ალბათ, ამჯერად შენი ნამუშევრები ხელშეუხებელია.
– დიახ, ჯერ ამ ნამუშევრებით რამდენიმე გამოფენას ვგეგმავ. ანუ ისინი ჯერ ჩემთან დარჩებიან.
ნანუკა ალავიძე