დაკარგული ცხოვრება – შიმშილი, ძალადობა და ნარკოტიკი სექტაში სახელად „ოჯახი“

ბავშვობა ყოველთვის ბედნიერი როდია. ეს ისტორია ადამიანზეა, რომლის ბავშვობის წლები ნამდვილი კოშმარი გახდა. სისასტიკე და გულგრილობა – აი, რასთან მოუწია ცხოვრება მას ცნობილ ავსტრალიურ სექტაში სახელად „ოჯახი“.

ადამიანი, რომელიც ამ სექტაში იყო და გადარჩა, ჰყვება სასტიკი ცემისა და შიმშილის შესახებ, რომელიც მაშინ დაიწყო, როდესაც დედამ ის სკოლა „მესიაში“ გაგზავნა.

ბენ შენტონი ერთ-ერთი იყო 28 ბავშვიდან, რომელსაც აძლევდნენ  ნარკოტიკს და სასტიკად ძალადობდნენ „ოჯახის“ უფროსი წევრები.

სექტას იოგის ქარიზმატული მასწავლებელი, ენ ჰამილტონ ბაირნი ხელმძღვანელობდა. ის მშობლებს შვილებს ართმევდა და მანამდე, როგორც ჩანს, მათ „ტვინს ურეცხავდა“.

განათლებულ ექიმებს და იურისტებს სჯეროდათ, რომ ეს ქალი ქრისტეს სახე იყო და ეხმარებოდნენ მას საბუთების შედგენაში, რათა ბავშვები, რომელთაც ის ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს ართმევდა, ენის ნამდვილი შვილები ყოფილიყვნენ. საბუთების მიხედვით, ის ყველა აყვანილი ბავშვის დედად მიიჩნეოდა.

მასწავლებელი ბავშვებს ერთნაირ ტანსაცმელს აცმევდა და ყველა ბიჭუნას თმას ერთნაირად ჭრიდა.

ბავშვებს, თუკი ისინი წესებს არღვევდნენ, აძლევდნენ: ნარკოტიკს, ტრანკვილიზატორებს და ლსდ-ს. მათ მათრახით სცემდნენ და არ აჭმევდნენ, სანამ სრულიად გაუწყლოება არ დაემართებოდათ. სკანდალური ისტორია ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1987 წელს პოლიციელებმა მელბურნის შემოგარენში მდებარე ბავშვთა ბანაკში ჩხრეკა ჩაატარეს.

ბენ შენტონს მაშინ 15 წელი შეუსრულდა. ის და დანარჩენი ბავშვები გადაარჩინეს. იმ დღემდე არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ საზოგადოებისგან იზოლირებულად და სხვა ადამიანებთან არ ამყარებდნენ კონტაქტს. მოგვიანებით ბენმა გაიგო, რომ მისი დედაც იყო იმ მოტყუებული ქალების სიაში, რომლებმაც საკუთარი შვილები იმ სასტიკი რეჟიმის ხელში ჩააგდეს.

ახლა ბენი, დაახლოებით, 50 წლისაა და მას შეუძლია მსოფლიოს უამბოს იმ კოშმარის შესახებ, რომელიც სექტაში ხდებოდა. ბანაკში უცხოებს არ უშვებდნენ: თუკი ვინმე გაბედავდა შიგნით შეპარვას ან იქიდან გაპარვას, მას მაშინვე სასტიკი სასჯელი ელოდა.

ბავშვებზე საშინლად ძალადობდნენ, სცემდნენ მათრახით, ასხამდნენ ცივ წყალს, არ აძლევდნენ საკვებს, თითებს უწვავდნენ და ა.შ.

ბენი ამბობს, რომ საკუთარი თავის დაცვას ცდილობდა იმ დროს, როდესაც სხვა ბავშვები მორჩილად ითმენდნენ ყველაფერს. ის სხვებს აბეზღებდა, რათა საკუთარი სასჯელი შეემსუბუქებინა. ამის გამო, სხვა ბავშვები მას ვერ იტანდნენ.

სექტის წევრი ბავშვები ჰყვებიან, რომ მათ ბალახისა და ძაღლის მიერ მორჩენილი საკვების ჭამა უწევდათ, რათა გადარჩენილიყვნენ. ცოდნას გარე სამყაროს შესახებ ისინი მხოლოდ წიგნებიდან იღებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ გაიაზრეს, რომ გაზრდის ეს მეთოდი განსხვავდებოდა საზოგადოდ აღიარებულისგან.

ენ ჰამილტონ ბაირნმა სექტა 1963 წელს დააარსა და ძალიან გამდიდრდა თავისი მიმდევრების ხარჯზე, ხოლო გამოჭერის შემდეგ, 1987 წელს ქმართან ერთად აშშ-ში გაიქცა. მოგვიანებით ის ავსტრალიაში დაბრუნდა, მაგრამ ქალს სამართლებრივად პასუხი ვერ აგებინეს – სექტის წევრებმა უარი განაცხადეს მოწმის ჩვენების მიცემაზე მის წინააღმდეგ, ხოლო ბავშვები ექსპერტებმა ზედმეტად ტრავმირებულად მიიჩნიეს დაკითხვისთვის.

ერთ-ერთმა დეტექტივმა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, თქვა: „ის სასტიკი დამნაშავეა და ეს ყველაზე საშინელი შემთხვევაა, რისი გამოძიებაც მე მომიწია. თუკი თქვენ გინდათ ნახოთ, როგორ გამოიყურება სიბოროტე, შეხედეთ ენ ჰამილტონს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები