„ეროსი კიწმარიშვილი მნიშვნელოვანი კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებდა“

ექსპერტი მამუკა არეშიძე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს პრესაში გამოქვეყნებულ ეროსი კიწმარიშვილის მემუარებს უკავშირებს. როგორც ექსპერტი გაზეთ ‘“ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი არ გამორიცხავს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მნიშვნელოვანი კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებდა.
„კიწმარიშვილის სიკვდილმა ამ ხელისუფლებას თავის ტკივილის გარდა არაფერი მოუტანა. თუმცა, არსებობს ბევრი სხვა ძალა, რომელთა ინტერესებშიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ვგულისხმობ ძალოვანი სტრუქტურების უწყების ბევრ მაღალჩინოსანს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კარგად იყვნენ და ამ ხელისუფლების დროსაც გადასარევად გრძნობენ თავს! კიწმარიშვილის მემუარებში ყველაფერი ბოლომდე არ არის ნათქვამი და არ გამოვრიცხავ, რომ მას მნიშვნელოვანი კომპრომატების გამოქვეყნება სწორედ ახლა ჰქონდა გადაწყვეტილი! კარგად მახსოვს, 2003 წელს იმ „რევოლუციურ პროცესებზე“ რამხელა გავლენა ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს, „ნაცმოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები მას ბერლუსკონის ეძახდნენ. ისიც მახსოვს, რომ ეროსი კიწმარიშვილის მიმართ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების დამოკიდებულება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მალევე შეიცვალა. კიწმარიშვილის აქტიურობით სააკაშვილი ძალიან გაღიზიანებული იყო და იძახდა, ეს კაცი მომაშორეთო. „ვარდების რევოლუციიდან“ მოკლე ხანში, 2004 წელს ეროსი კიწმარიშვილი იმდენად კარგად ფლობდა სიტუაციას, რომ მისი თავიდან მოშორება ვერ მოახერხეს და საბოლოო ჯამში, რუსეთში ელჩად გაუშვეს. რა შედეგიც არ უნდა დადოს გამოძიებამ კიწმარიშვილის საქმეზე, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც არ დაუჯერებს პროკურატურის დასკვნას“, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები