შიმშილი ნებაყოფლობით – როგორ დასრულდა 1944 წლის ექსპერიმენტი
მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანები მასობრივად არა მხოლოდ ტყვიებისგან, არამედ შიმშილისგანაც იხოცებოდნენ. ამის მიზეზი პროდუქტების საშინელი დეფიციტი იყო, რომელიც ნათესების განადგურებით და სასურსათო მომარაგების დარღვევით იყო გამოწვეული. ლენინგრადის (დღევანდელი სანქტ–პეტერბურგის) ბლოკადის დროს ყოველდღიურად შიმშილისგან ათასზე მეტი ადამიანი კვდებოდა. შიმშილი იმ დროს, ერთი შეხედვით, ყველაზე ალოგიკურ ადგილებშიც ფიქსირდებოდა, მაგალითად, ქალაქ მინეაპოლისში, მინესოტას შტატში. 1944 წელს 36-მა მამაკაცმა მონაწილეობა მიიღო „შიმშილის“ ექსპერიმენტში, რომელსაც ექიმი ანსელ კისი ატარებდა.
ექსპერიმენტის მიზანი
ანსელ კისი მინესოტას უნივერსიტეტში ფიზიოლოგიური ჰიგიენის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო. ის ცნობილი გახდა მშრალი საკვების, K-rations-ის გამოგონებით, რომელიც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის იყო განკუთვნილი. ანსელ ბენჟამინ კისი დაიბადა ამერიკის შტატ კოლორადოში და გახლდათ ფიზიოლოგი, რომელიც დიეტების ორგანიზმზე ზეგავლენას სწავლობდა. კერძოდ, მან დაადგინა, რომ ცხიმი გაჯერებულია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება და გულის დაავადებებს იწვევს.
კისმა, ასევე, შეისწავლა გულის დაავადებების წარმოშობა და შეიმუშავა ორი დიეტა – კ-რაციონი (მშრალი კვება მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცებისთვის, რომელიც შეიცავდა პროდუქტებს საკვების სამჯერადი მიღებისთვის: საუზმე, სადილი და ვახშამი) და ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელსაც ის და მისი მეუღლე პროპაგანდას წარმატებით უწევდნენ.
ერთი სიტყვით, მეცნიერება, დიეტა და ჯანმრთელობა მისი პროფესიული და პირადი ცხოვრების ძირითადი საკითხები იყო. იდეა, ჩაეტარების „შიმშილის“ ექსპერიმენტი, სწორედ კვების შესახებ მისი მაღალი ინტერესის გამო გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში შიმშილისგან მილიონობით ადამიანი იტანჯებოდა, მსოფლიოში ძალიან ცოტა ექიმი მოიძებნა, რომელმაც შეძლო დახმარებოდა მათ შემდგომი სირთულეების თავიდან არიდებაში, ვინაიდან იმ დროს არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კისმა დაარწმუნა სამხედროები, რომ მისი კვლევები დიდ შედეგს გამოიღებდა: მიღებული პრაქტიკულ და ეფექტური რეაბილიტაციის მეთოდები საშუალებას მისცემდათ, გამოესწორებინათ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კვლევების მიმდინარეობა
ანსელ კისის კვლევების გეგმა ძალიან მარტივი იყო: ჯერ საცდელი პირი უნდა მიეყვანათ გაუწყლოებამდე, ხოლო შემდეგ ჩვეული ცხოვრებისთვის დაებრუნებინათ. იმისთვის, რომ ყველაფერი მეცნიერულად კონტროლირებად ჩარჩოებში მოქცეულიყო, „შიმშილის“ ექსპერიმენტი, რომელიც ერთ წლის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, კისმა სამ ნაწილად დაყო: პირველი სამი თვე – საკონტროლო პერიოდი (კვების ჩვეული რეჟიმი, ერთნაირი ყველა საცდელი პირისთვის), მომდევნო ექვსი თვე – შიმშილი, ბოლო სამი თვე – რეაბილიტაცია. კისის ექსპერიმენტის მონაწილეები გახდნენ პირები, რომელთაც არ სურდათ სავალდებულო ჯარში სამსახური ეთიკური და რელიგიური მოსაზრებებით.
კისის ასისტენტმა მათთვის მოამზადა სპეციალური ბროშურები, რომლებზეც გამოსახული იყო სამი პატარა ბავშვი, მოწყენილი თვალებით და ცარიელი თეფშებით. ქვემოთ კი იყო წარწერა: „მზად ხარ თუ არა იშიმშილო იმისთვის, რომ ისინი უკეთ იკვებონ?“. ამან იმუშავა. კისი არ ჰპირდებოდა მათ ფულს და აფრთხილებდა სერიოზული გართულებების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, 400-ზე მეტი განცხადება მიიღო ექსპერიმენტში მონაწილეობის თაობაზე. მათთვის, ვინც ჯარისგან თავის დაძვრენას ცდილობდა, ექსპერიმენტი იყო შანსი, რომ რაღაც სასარგებლო გაეკეთებინათ.
კისმა დაწვრილებით შეისწავლა ყველა მათგანის განცხადება და ექსპერიმენტის მონაწილეებად 36 ახალგაზრდა მამაკაცი აარჩია, რომელიც მას ყველაზე ჯანრმთელი და ამტანი მოეჩვენა. მინეაპოლისში ცდის პირები 1944 წლის ნოემბერში ჩავიდნენ. ისინი დიდ ოთახში მოათავსეს, რომელიც უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედნის ქვეშ იყო განლაგებული, სადაც კისმა დროებით გადაიტანა საკუთარი ლაბორატორია. ყველა მათგანი ერთნაირად იკვებებოდა, ისინი დღეში 3200 კალორიას იღებდნენ.
შიმშილი და მისი შედეგები
1945 წლის 12 თებერვალს კისმა უეცრად შეამცირა საცდელი პირებისთვის საკვების მიღება 1570 კალორიამდე. დაიწყო შიმშილის ეტაპი. ის საგულდაგულოდ აკვირდებოდა საკვების ხარისხს, რომელსაც ახალგაზრდებს აწვდიდა. ისინი დღეში მხოლოდ ორჯერ იკვებებოდნენ. რაციონში ცილა არასაკმარისი იყო. აქცენტი კეთდებოდა კარტოფილზე, კომბოსტოზე, მაკარონსა და პურზე – იმაზე, რითაც, ძირითადად, იკვებებოდნენ ევროპელები ომის დროს. მიუხედავად კალორიების შემცირებისა, საცდელი პირები მაინც აგრძელებდნენ აქტიური ცხოვრების წესს, მათ შორის, მუშაობას ლაბორატორიაში. საკვების ცვლილებებიდან გარკვეული დროის შემდეგ პრობლემებმა თავი იჩინა. მალე ახალგაზრდებმა ძალების შემცირება იგრძნეს.
ისინი მუდმივ დაღლილობას უჩიოდნენ. შემდეგ ყველა ცდის პირს აპათია დაეწყო. ადრე ისინი ბევრს საუბრობდნენ პოლიტიკაზე, რომანტიულ ურთიერთობებზე, ხოლო ახლა ამანაც დაკარგა ყოველგვარი აზრი. საკვები – აი, რა აღელვებდათ მათ ყველაზე მეტად. ზოგიერთი მამაკაცი ხშირად კითხულობდა კულინარიულ წიგნს, უყურებდა მადისაღმძვრელ სურათებს. ისინი ხშირად ღიზიანდებოდნენ და აგრესიულები ხდებოდნენ, თუკი საჭმელი უგვიანდებოდათ. კერძები სრულიად ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ისინი ბოლო კოვზამდე ჭამდნენ. ხანდახან საკვებში წყალსაც ურევდნენ, რომ მოცულობაში გაეზარდათ და კუჭი მოეტყუებინათ.
ორ კვებას შორის კისი მონაწილეებს უფლებას აძლევდა, განუსაზღვრელი დროით საღეჭი რეზინი მიეღოთ, დაელიათ წყალი და შავი ყავა. მან შენიშნა, რომ ახალგაზრდები დღეში 40 შეკვრა საღეჭ რეზინს იღებდნენ და 15 ჭიქა ყავას.
ფსიქოლოგიური დაძაბულობის სიღრმემ, რომელსაც ექსპერიმენტის მონაწილეები განიცდიდნენ, კისი გააოცა. დროთა განმავლობაში, მათ საკვების მიღება კისის ზედამხედველობის გარეშე დაიწყეს. ექიმს მოუწია ყველა მათგანისთვის მიემაგრებინა ერთი კაცი, რომელიც ყველა მათ ნაბიჯს აკონტროლებდა.
24 წლის ფრანკლინ უოტკინსმა ფსიქოლოგიურად ყველაზე ძნელად გადაიტანა შიმშილის პერიოდი. მას შფოთვითი სიზმრები ჰქონდა, სადაც კანიბალიზმის აქტს სჩადიოდა და მოხუცებულ ადამიანს ჭამდა. ქალაქში გამგზავრების დროს (სანამ ცდის პირებს დამკვირვებლებს დაუწესებდნენ), უოტკინი რძის კოქტეილსა და ნაყინს ყიდულობდა. ანსელ კისმა ამის შესახებ გარკვეული დროის შემდეგ გაიგო და გადაწყვიტა პირისპირ გასაუბრებოდა მას. ახალგაზრდამ მასთან საუბრისას ტირილი დაიწყო. შემდეგ მას აგრესიული შეტევა ჰქონდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა ექიმს, შემდეგ კი, თავის მოკვლის მუქარაც გააჟღერა.
კისი იძულებული გახდა უოტკინსი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ფსიქოლოგიურ განყოფილებაში გაეგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ, ვინაიდან ის კვების ნორმალურ რეჟიმს შეუდგა, ისევ ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაუბრუნდა.
აღნიშნული მიზეზით, კისმა ესპერიმენტს კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩამოაშორა.
ფიზიოლოგიური ცვლილებები
ექპერიმენტის ყველა მონაწილეს სხეულის ნორმალური მასა ჰქონდა. საკონტროლო პერიოდის დროს მათი საშუალო წონა 70 კილოგრამს შეადგენდა. შიმშილობის დაწყებიდან მათ ინტენსიური გახდომა დაიწყეს და მოსიარულე ჩონჩხებად გადაიქცნენ. ანსელ კისი აანალიზებდა და ყველაფერს დოკუმენტურად ინახავდა. კისის დაკვირვებით, ახალგაზრდებს გულის ცემის სიხშირეც საგრძნობლად შეუმცირდათ.
კალორიების დეფიციტის გამო, ორგანიზმი „ენერგორენტაბელურობის რეჟიმში“ გადავიდა და შეანელა მეტაბოლიზმი. სისხლის მოცულობა 10 %-ით შემცირდა. შემცირდა გულის ზომაც. მათ კანქვეშა ცხიმის დეფიციტი ჰქონდათ და განსაკურებით უჭირდათ ჯდომა მაგარ ზედაპირზე. გარდა ამისა, ყოველთვის ციოდათ.
კისის გასაკვირად, ახალაგაზრდების მხედველობა არ გაუარესებულა და მეტიც, მათ სმენა გაუუმჯობესდათ.
რეაბილიტაციის დასაწყისი
6-თვიანი შიმშილის შემდეგ საცდელმა პირებმა საკუთარი წონის მეოთხედი დაკარგეს. მათი საშუალო წონა შედგენდა 52 კილოგრამს.
სარეაბილიტაციო პერიოდი დაიწყო 1945 წლის 29 ივლისს. ყველა საცდელი პირი კისმა ოთხ ქვეჯგუფად დაყო, რომლებიც ახლა 400, 800, 1200 და 1600 კალორიით მეტს იღებდნენ, ვიდრე შიმშილობის დროს. მან ეს იმისთვის გააკეთა, რომ კალორიების ოპტიმალური რაოდენობა დაედგინა, რომელიც აღდგენით პერიოდში უნდა მიეღოთ.
ზოგიერთ საცდელ პირს კისი ვიტამინებს და ცილოვან დანამატებს აძლევდა, რათა შეემოწმებინა, როგორი გავლენა ექნებოდა ამას რეაბილიტაციაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ისინი აბსოლუტურად უსარგებლო იყო. გარდა ამისა, მამაკაცები, რომლებიც კალორიების მინიმალურ რაოდენობას იღებდნენ, არ იმატებდნენ წონაში. საბოლოო ჯამში, კისმა დააგინა – იმისთვის, რომ ადამიანი ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნებულიყო, დღე-ღამეში, დაახლოებით, 4000 კალორია უნდა მიეღო.
ექსპერიმენტის დასასრული
„შიმშილის“ ექსპერიმენტი 1945 წლის 20 ოქტომბერს დასრულდა. ახალგაზრდა ადამიანებს ახლა შეეძლოთ ყველაფერი ეჭამათ, რაც სურდათ. ზოგიერთ მათგანს კისმა ლაბორატორიაში დარჩენა კიდევ რამდენიმე თვით სთხოვა. მან შეამჩნია, რომ ახალგაზრდები დღეში საშუალოდ 5000-ზე მეტ კალორიას იღებდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში, ისინი აცხადებდნენ, რომ შიმშილის გრძნობას ვერ იკმაყოფილებდნენ, რამდენიც არ უნდა ეჭამათ.
საბოლოო შედეგი ანსელ კისმა 1950 წელს გამოაქვეყნა. ეს იყო უდიდესი ორტომიანი ნაშრომი სახელად „ადამიანური შიმშილის ბიოლოგია“. დღემდე ეს ყველაზე დიდი და ღრმა ნაშრომია შიმშილთან დაკავშირებით.
კისის დაკვირვებით, შიმშილი არ ტოვებს რაიმე ხანგრძლივ ან ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.