მოძრაობა მარჯვენა ან მარცხენა ზოლში – როდის და როგორ დაიწყო გზების დაყოფა
დღესდღეობით, მსოფლიო მოსახლეობის 66% მარჯვენაზოლიან მოძრაობას ანიჭებს უპირატესობას. 34% მარცხენა ზოლში მოძრაობს. გზების 72% მარჯვენაზოლიან მოძრაობაზეა ადაპტირებული, 28% კი, მარცხენაზოლიანზე.
პირველი კანონი, რომლითაც ევროპაში მოძრაობის მიმართულების რეგლამენტირება მოხდა, 1756 წელს გამოსცეს. ლონდონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ხიდებზე მოძრაობის მიმართულებად მარცხენაზოლიანი მოძრაობა დაკანონდა. კანონის დამრღვევი ერთი ფუნტით ჯარიმდებოდა. 20 წლის შემდეგ ლონდონში „საგზაო აქტი“ გამოსცეს, რომელმაც მარცხენაზოლიანი მოძრაობა ბრიტანეთის მთელ იმპერიაში დააკანონა. აღნიშნული აქტი გავრცელდა რკინიგზაზეც. სარკინიგზო მიმოსვლა ლივერპულსა და მანჩესტერს შორის სწორედ მარცხენამხრიანი იყო. 1859 წელს, ინგლისის გავლენით, მარცხენამხრიანი მოძრაობა დაკანონდა იაპონიაშიც.
ბრიტანეთისგან განსხვავებით, მარჯვენამხრიანი მოძრაობის დამკვიდრება დანარჩენ ევროპაში ფრანგებს, კერძოდ, ნაპოლეონ ბონაპარტის უკავშირდება. ისტორიული წყაროების თანახმად, ნაპოლეონის მითითებით, ფრანგი სამხედროები ვალდებულები იყვნენ მარჯვენა მხარეს ემოძრავათ, შესაბამისად, ყველა მათი შემხვედრი იძულებული იყო სამოძრაოდ საპირისპირო მხარე აერჩია. გამონაკლისი იყო პორტუგალია და ავსტრია. ავსტრიაში მოძრაობის მიმართულება 1930 წელს, გერმანული ოკუპაციის შემდეგ შეიცვალა.
საინტერესოა, რომ თავდაპირველად აშშ-იც მარცხენამხრიან მოძრაობას ანიჭებდნენ უპირატესობას. ის, რომ ახლა ამერიკაში მარჯვენამხრიანი მოძრაობაა, ესეც ფრანგის, კერძოდ, გენერალ ლაფაიეტის დამსახურებაა. ლაფაიეტმა შეძლო და დაარწმუნა ამერიკელები, რომ მათ თავიანთი მეტროპოლისისგან, ბრიტანეთისგან განსხვავებული მოძრაობის წესები ჰქონოდათ.
ბოლო ქვეყანა, რომელმაც მარცხენამხრიანი მოძრაობა მარჯვენათი ჩაანაცვლა, შვედეთი გახლდათ. 1967 წლის 3 სექტემბერი შვედეთში „ცვლილებების დღედ“ გამოცხადდა და მოძრაობის მიმართულებებიც შეიცვალა. მიზეზად მეზობელ ქვეყნებთან (დანია, ფინეთი, ნორვეგია) უკეთესი სატრანსპორტო კომუნიკაციის სურვილი დასახელდა.