შეხვედრა 35 წლის შემდეგ – მანიაკი და მსხვერპლი ერთმანეთს სასიკვდილო განაჩენის დროს შეხვდნენ

როდესაც ამერიკელი მანიაკი ბობი ჯო ლონგი სიკვდილით დასაჯეს, ლიზა მაკვეი ნოლანდი პირველ რიგში იჯდა. ქალს სურდა თავად დაემოწმებინა მანიაკის სიკვდილი. ლონგი ხომ ლიზას აუცილებლად დაინახავდა და იცნობდა… მას შემდეგ, რაც 35 წლით ადრე მანიაკს შეეცოდა და გაუშვა 17 წლის ლიზა, მათ ბევრჯერ ნახეს ერთმანეთი ამოცნობასა და სხვა პროცედურებზე. ნოლანდი ბობის ერთადერთი მსხვერპლი იყო, რომელმაც მისი სახე დაინახა და ზუსტად მან მიიყვანა იგი სასიკვდილო განაჩენამდე.

„მე მინდოდა ვყოფილიყავი პირველი ადამიანი, ვისაც ის ამ დარბაზში დაინახავდა“,- თქვა ქალმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან. 

შესაძლოა ის იმედგაცრუებულიც იყო – სიკვდილის წინ, უკანასკნელ წუთებში მკვლელი ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა და ნოლანდის დანახვაზეც არავითარი რეაქცია არ ჰქონდა. ტრადიციულ კითხვაზე, სურდა თუ არა რამის თქმა, მან მოკლედ უპასუხა – „არა“.

2019 წლის 23 მაისს ჯო ლონგი გარდაიცვალა. არავინ იცის დაზუსტებით, რატომ გაუშვა თავის დროზე მსხვერპლი, რომელსაც შეეძლო ის ამოეცნო.

ბობი ჯო ლონგი

ბობი ჯო ლონგი 1953 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა ქალაქ კენოვაში, დასავლეთ ვირჯინიის შტატში. ძალადობისკენ მიდრეკილების მას ბავშვობიდანვე ჰქონდა. ბიჭი გენეტიკური გადახრით დაიბადა – გარდატეხის ასაკში მკერდის ზრდა დაეწყო. თანატოლები მას დასცინოდნენ და საკუთარ სიბრაზეს იგი ცხოველებსა და უმცროს ბავშვებზე ანთხევდა.

სიყმაწვილეში ჯოს ოპერაცია გაუკეთეს და მისი პრობლემა მოგვარდა, თუმცა ამან უკვე ვერ გამოასწორა მისი შინაგანი სამყარო, რომელსაც ირგვლივ ყველა სძულდა. მოგვიანებით, ჯოს პრობლემები დაეწყო გოგონებთან და ორი დაშორების გადატანის შემდეგ მან უარი თქვა ოჯახის შექმნის მცდელობაზე. მისი დედა იხსენებდა, როგორ დაურეკა ჯომ მორიგი დაშორების შემდეგ:

„იცი, მე ვერ ვპოულობ ვერცერთ ნორმალურ გოგოს მთელ სამყაროში. ალბათ, ყოველთვის მარტო მომიწევს ყოფნა“.

ყველაფერი გაამძაფრა თავის ქალის ტრავმამ, რომელიც ჯომ მოტოციკლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო. 1981 წელს ახალგაზრდა მამაკაცს უკვე პირველი აზრები გაუჩნდა მკვლელობის შესახებ და ძალიან მალე მათი განხორციელებაც დაიწყო.

ჯო ლონგმა რენტგენოლოგია შეისწავლა, მაგრამ არ სურდა საკუთარი პროფესიით მუშაობა, დახმარების  მიღება ერჩივნა. 1983 წელს ის ფლორიდის შტატში, ქალაქ ტამპში დაფუძნდა და ზუსტად იქ დაიწყო „საქმიანობა“. საერთო ჯამში, მას 50 გაუპატიურება და 9 დამტკიცებული მკვლელობა ბრალადებოდა, მაგრამ მსხვერპლთა დაზუსტებული რიცხვი უცნობია.

ქალები, რომლებიც ჯო ლონგმა მოკლა

მანიაკმა 17 წლის ლიზა მაკვეი 1984 წლის 3 ნოემბერს გაიტაცა. გოგონა კაფეში მუშაობდა ღამის 3 საათამდე და დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი უკანასკნელი ცვლა იქნებოდა. როდესაც ლიზა კაფედან გამოვიდა, მის ჯიბეში გამოსამშვიდობებელი წერილი იდო – ის სუიციდს გეგმავდა.

უკანასკნელი სამი წელი ლიზასთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა მისი ბებიის საყვარელი. გოგონასაც სიცოცხლე უიმედო და საშინელი ეგონა. ის სამსახურიდან ველოსიპედით ბრუნდებოდა, როდესაც კისერზე ძლიერი ხელი, ხოლო საფეთქელზე იარაღი იგრძნო.

„ღმერთო, რაც გინდა ის მიქენი, ოღონდ არ მომკლა“,- უთხრა მან თავდამსხმელს. შიშის გამო, მაშინვე დაავიწყდა, რომ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობას გეგმავდა.

ლონგმა გოგონა საკუთარ ავტომობილში ჩასვა – წითელ „დოჯ მაგნუმში“, გაკოჭა და სახლში წაიყვანა. იქ ლონგი მთელი დღის განმავლობაში აუპატიურებდა მსხვერპლს. ვინაიდან საკუთარ სახეს არ მალავდა, ცხადი იყო, რომ გოგონას ცოცხლად დატოვება მის გეგმებში არ შედიოდა. მსხვერპლის კითხვაზე, თუ რატომ აირჩია ასეთი გზა, მან უპასუხა – „ქალებს ვსჯი“.

ლიზა მაკვეი ბავშვობაში

ლიზამ გაიხსენა, რომ ლონგი გამუდმებით ამბობდა, თუ როგორ უსამართლოდ მოექცნენ მას ადამიანები და როგორ ამცირებდნენ ქალები. მანიაკის გულის ასაჩუყებლად გოგონამ მოიფიქრა ისტორია, თითქოს, მას მომაკვდავი დედა ჰყავდა და ის ერთადერთი შვილი იყო. როგორც ჩანს, ამან იმოქმედა. მომდევნო დღეს, გამთენიისას მან ლიზა ისევ მანქანაში ჩასვა შეკრული თვალებით და ერთ-ერთ გზატკეცილზე ჩამოსვა.

გოგონამ სახლამდე მიაღწია, მომხდარის შესახებ ბებიას და მის საყვარელს მოუყვა, მაგრამ მათ არ დაიჯერეს, გადაწყვიტეს, რომ მან, უბრალოდ, მეგობრებთან გაატარა საღამო. რაც შეეხება პოლიციას, აქ ლიზას კარგად მოუსმინეს, ვინაიდან მის მიერ მოყოლილი ისტორიის მთავარი გმირი უკანასკნელ წლებში რიონის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

აქამდე პოლიციელებს ძალიან ცოტა ინფორმაცია ჰქონდათ მკვლელის შესახებ. მათ იცოდნენ, რომ ის საკუთარ მსხვერპლს გვიან ღამით პოულობდა კაფე-ბარებთან, აუპატიურებდა მიყრუებულ ადგილებში, გუდავდა და იმალებოდა. ერთადერთი ხელჩასაჭიდი წითელი ნაჭრის ნაწილაკები იყო, რომლებიც მანიაკის მსხვერპლების სხეულებზე აღმოაჩინეს. მაკვეი ღირებული მოწმე გახლდათ, ვინაიდან მან ავტომობილის ფერი და მარკა იცოდა, გარდა ამისა, მანიაკს სახეზეც ცნობდა.

პოლიციელებმა ასობით „დოჯ მაგნუმი“ შეამოწეს. სანამ ძებნა მიმდინარეობდა, ლონგმა კიდევ სამი ქალი მოკლა, მაგრამ 1984 წლის 16 ნოემბერს კინოთეატრის გამოსასვლელთან კიდევ ერთი წითელი სავარძლების მქონე „დოჯის“ მფლობელი დააკავეს და ლიზამ ის ამოიცნო.

გამომძიებლების კითხვაზე, თუ რატომ შეუნარჩუნა სიცოცხლე მოწმეს, ჯო ან ჩუმდებოდა ან ყოველ ჯერზე ახალ მიზეზს ამბობდა. ყველაზე დამაჯერებლად მიიჩნეოდა ის, რაც მან სასამართლოს შემდეგ მოჰყვა, როცა უკვე სიკვდილმისჯილთა კამერაში გადაიყვანეს:

„მისი გაშვებით ვიცოდი, რომ ეს, უბრალოდ, დროის საკითხი იქნებოდა. მე მისთვის ისიც კი არ მითქვამს, რომ პოლიციაში არ წასულიყო. მე ვიცოდი, რომ მეძებდნენ ჯერ კიდევ ჩვენს შეხვედრამდე და შემეძლო სხვა ადგილას წავსულიყავი, სადაც ვერ დამიჭერდნენ. მაგრამ, ჩემთვის სულერთი იყო. მე გაჩერება მინდოდა. ეს ყველაფერი უკვე მომბეზრდა. ის ფაქტი, რომ შემეძლო დავმალულიყავი და ეს არ ვქენი, უკვე ყველაფერზე მეტყველებს.“

52 წლის ლიზა 2019 წელს, ჯო ლონგის სიკვდილით დასჯის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს

 

ბობი ჯო ლონგი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები