წყალმომარაგების კომპანია ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული  ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული  ინფორმაცია არის სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

“დაბა ურეკის მოსახლეობის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით,
2019 წელს დასრულდა  წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელიც მოიცავდა დაბა ურეკის (მაგნეტიტის), შეკვეთილისა და კაპროვანას ნაწილის ქსელის გამართვას.

პროექტის ფარგლებში, ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიაზე მოეწყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბო სადგურები, 2 ახალი რეზერვუარი, 70 კმ-მდე წყალმომარაგებისა და ამავე მოცულობის წყალარინების ქსელი.

პროექტის ფარგლებში,  სისტემაში ჩართულ  აბონენტებს წყალი 24-საათიანი რეჟიმით მიეწოდებათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომპანიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებული პროექტი არ ითვალისწინებდა წვერმაღალასა და რამდენიმე ქუჩის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას.  ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები წვერმაღალას, წერეთლის, სანერგეს უბნებისა და მე-13 ქუჩის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მოწყობისთვის.

პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც სრულიად ურეკი ისარგებლებს უწყვეტი წყალმომარაგებითა და ახალი წყალარინების სისტემით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები