ყველაზე მომაკვდინებელი ქარბუქი, რომელმაც 4 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
1972 წლის 3 თებერვალს ირანში საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმები დაიწყო. კავკასიიდან მოსული ქარბუქი 6 დღის განმავლობაში მძვინვარებდა. სახელმწიფო, სადაც მშრალი კლიმატია და თოვლი მხოლოდ მთიან რაიონებში მოდის, თავისთავად, საერთოდ მოუმზადებელი იყო ასეთი საშინელი სტიქიისთვის.
ქარბუქი, რომელმაც 4 ათასზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა, ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებლად ითვლება. შედარებისთვის: ყველაზე დამანგრეველი ტორნადო ბანგლადეშში 1989 წელს იყო, რომელმაც 1 300 სიცოცხლე იმსხვერპლა.
9 თებერვალს, როდესაც ქარბუქი შენელდა, ჩრდილო-დასავლეთით და ქვეყნის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე სამ მეტრს შეადგენდა, ხოლო სამხრეთით თოვლის გორაკები 8 მეტრამდე აღწევდა. ასობით დასახლებული პუნქტი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა, ქარბუქმა სატელეფონო და ელექტროგაყვანილობა ჩაწყვიტა, მოანგრია გზები.
შედეგად, ასზე მეტი დასახლება და სოფელი სრულიად განადგურდა. ადამიანები თავს აფარებდნენ სახლებში, იღუპებოდნენ სახურავების ჩამოშლის შედეგად ან ცოცხლად იმარხებოდნენ თოვლში. კაკკანის და კუმარის დასახლებაში არცერთი ადამიანი არ გადარჩენილა.
მსხვერპლთა დიდი რაოდენობა განპირობებული იყო პირველ რიგში იმით, მაშველები ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მხედველობა შეზღუდული იყო და გადაადგილება ვერტმფრენითაც შეუძლებელი გახლდათ. ბევრი ადამიანი გაყინვისგან და სხვადასხვა ავადმყოფობისგანაც დაიღუპა, ვინაიდან საჭირო მედიკამენტებზე წვდომა არ ჰქონდათ. ჰაერის ტემპერატურამ იმ დღეებში -20 გრადუს ცელსიუსამდე დაიწია.
მას შემდეგ, რაც სტიქიამ „უკან დაიხია“ და თოვლმა დნობა დაიწყო, დატანჯულ ირანელებს თავს ძლიერი წყალდიდობა დაატყდათ.