მიხეილ გრიგორაშვილი – კანადის საავიაციო მრეწველობის ერთ–ერთი დამფუძნებელი

მფრინავი და ავიაინჟინერი მიხეილ გრიგორაშვილი დაიბადა მასწავლებლის ოჯახში დაღესტნის ქალაქ დარუბანდში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და უკვე დერბენტი ერქვა. სანქტ–პეტერბურგის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1906 წელს, ჩააბარა იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელობის კომუნიკაციათა საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებელშივე დაინტერესდა ავიაციით. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, იგი იყო სტუდენტური საჰაერო ფრენების კლუბის მოწყობის ერთ–ერთი ორგანიზატორი და ჟურნალ „აერომობილის“ რედაქტორი. 1908 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის პირველი აეროკლუბის შექმნაში. 1911 წელს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საფრანგეთში გაიარა მფრინავის პრაქტიკა, მიიღო ლიცენზია და გახდა რუსეთის ერთ–ერთი პირველი მფრინავი.

რუსეთში დაბრუნებული მუშაობდა მფრინავების ინსტრუქტორად. ასევე მონაწილეობდა იმპერიის სხვადასხვა ქალაქში მოწყობილ საჩვენებლ ფრენებში. 1913 წელს სტუდენტებიდან პირველმა დაიცვა დიპლომი ავიაციის ინჟინრის სპეციალობაში. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ავიამშენებელ ქარხნებში, სადაც მისი პროექტის მიხედვით ამზადებდნენ თვითმფრინავის დეტალებს. საცდელმა ფრენებმა აჩვენა, რომ მიხეილ გრიგორაშვილის მიერ კონსტრუირებული ნაწილები არაფრით ჩამოუვარდებოდა უცხოურ ანალოგებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რუსეთის საჰაერო ავიაცია ომის დროს მნიშვნელოვანი დეტალების ნაკლებობას არ განიცდიდა.

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მიხეილ გრიგორაშვილი ბოლშევიკებს ვერ შეეწყო და პირველი შესაძლებლობისთანავე დაბრუნდა სამშობლოში, ახლად შექმნილ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მუშაობდა საქართველოს კომუნიკაციათა სამინისტროში გზების ინჟინრად. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, იძულებული გახდა, ამერიკაში გადახვეწილიყო. ჩასვლისთანავე მუშაობა დაიწყო როდ–აილენდის შტატის მცირე საავიაციო ქარხანა – „Gallandet Aircraft“–ში. იმავე წელს კონსტრუქტორად აიყვანეს “Dayton-Wright Company”-ში, ორი წლის შემდეგ კი, უკვე უმსხვილეს ამერიკულ საავიაციო ფირმა „Curtiss – Wright“-ში გადავიდა ამავე თანამდებობაზე.

1926 წელს აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო, გვარიც მაშინ შეიმოკლა და მაიკლ გრეგორი გახდა. 1928 წლიდან საავიაციო ფირმა „Bird Aircraft“–ის მთავარი კონსტრუქტორი და ერთ–ერთი დამაარსებელია. მის მიერ აქ შექმნილმა მრავალმიზნობრივმა კომერციულმა თვითმფრინავებმა დიდი წარმატება მოიპოვეს. ფირმა, ფინანსური კრიზისის გამო, გაკოტრდა და მიხეილ გრიგორაშვილი 1932 წელს, ინჟინერ ალ. სევერსკის მიწვევით, მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ გადავიდა კომპანია „Seversky Aircraft“–ში. მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა – SEV-I, SEV-2, SEV-3 – თვითმფრინავები. 1934 წელს კი საკუთარი კომპანია „Gregor Aircraft“-ი დააარსა, სადაც მომცრო ზომის თვითმფრინავი GR-1 შეიქმნა. შეკვეთების სიმცირის გამო, ორ წელიწადში ფირმა დაიხურა.

1936 წელს მიხეილ გრიგორაშვილი მეუღლესთან, ლი კლარკთან ერთად კანადაში გადასახლდა, რადგანაც იქ „Canadian Car and Foundry“-ში სამსახური შესთავაზეს. აქ მან ტექნიკურად და ფორმითაც დახვეწილი, სრულიად ახლებური დიზაინის მოდელი FDB-1 ააწყო. ეს იყო მსოფლიოში საუკეთესო გამანადგურებელი ბიპლანი. ასე რომ, მიხეილ გრიგორაშვილი გახდა კანადის საავიაციო მრეწველობის ერთ–ერთი დამფუძნებელი. ორმოციან წლებში აქტიურ მუშაობას განაგრძობდა კანადის ავიაწარმოებაში. იყო ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანია “Chase Aircraft”-ის წამყვანი სპეციალისტი. 1953 წელს პენსიაზე გავიდა და მალევე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები