ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი. დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, მორიგი „არჩევნების“ თარიღად 10 აპრილი დასახელდა.
ე.წ. კონსტიტუციით, „პრეზიდენტობის“ კანდიდატი უნდა იყოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქე“ აქტიური საარჩევნო უფლებით. მისი ასაკი არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები. უნდა ფლობდეს „სახელმწიფო ენას“ და მუდმივად ცხოვრობდეს „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.
დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა ხუთ წლიანია და ერთსა და იმავე პირს ორ ვადაზე მეტად კენჭისყრა არ შეუძლია.