“ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში ადამიანს სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, “ბუსტერი” კი – 40-ჯერ” – პაატა იმნაძე
“შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
მან ასევე კორონავირუსის სწრაფი ტესტების ეფექტურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც ეს სწრაფი ტესტი კეთდება.
„ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან – ძალიან ეფექტიანად. რაც შეეხება ტესტებს, ბევრი ჭორი გავრცელდა. პირველად რომ გამოჩნდა „დელტა“, მაშინაც იგივე საუბარი იყო, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს. ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც ეს სწრაფი ტესტი კეთდება. თუ ადამიანი უსიმპტომოა, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, მაშინვე არ გაიქცეთ, გადავიდეთ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გაჩენიდან მე-2 მე-3 დღეს სწრაფი ტესტი კარგად იჭერს. ხან PCR ვერ იჭერს – ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „360 გრადუსი“.