თუშური და ხევსურული ვარიაციები დიზაინერ ეკატერინე ჭანყოშვილის სამოსში
ეკატერინეს მთა, მთის ხალხი და მათი ჩაცმულობა უყვარს. პროფესიით დიზაინერს ეს შთააგონებს, შექმნას სამოსი – ქართული, ტრადიციული… „თუშური და ხევსურული ვარიაციები“ ჰქვია მის ყველაზე დასამახსოვრებელ კოლექციას, რომელიც მთას მიუძღვნა. ხალხური, ტრადიციული ჩაცმულობიდან ამოკრეფილი დეტალებით და თანამედროვე ელემენტებით გაჯერებული კოლექციის შემქმნელი ეკატერინე ჭანყოშვილია. დიზაინერი, რომელიც 10-მდე გამოფენის, ჩვენების ავტორი და კონკურსების მონაწილეა (მათ შორის, თბილისის მოდის კვირეულის).
– ეკატერინე, დიზაინის შექმნამდე ალბათ სამხატვრო გამოცდილება შეიძინე…
– ხატვა მიყვარდა ბავშვობიდან, თუმცა ამას განსაკუთრებულად არც მშობლები თვლიდნენ და არც არავინ. ვსწავლობდი მე-16 მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით, რომელიც, საბედნიეროდ, ხელოვნების სკოლად გადაკეთდა და დაგვემატა ჩემთვის ყველაზე საყვარელი საგანი – ხატვა. შემხვდა არაჩვეულებრივი პედაგოგი უშანგი ლონდარიძე, რომლის საქმიანობაც შემდეგ მისმა შვილმა ლევან ლონდარიძემ გააგრძელა. სწორედ მათი ხელშეწყობით მივიღე მონაწილეობა უამრავ გამოფენაში. შემდეგ გადავწყვიტე, ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში. ორი წელი დამატებით ვემზადებოდი მოქანდაკე ბეჟან სულხანიშვილთან. 2001 წელ სჩავაბარე დიზაინის ფაკულტეტზე. ვსწავლობდი სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე, ტანსაცმლის მხატვარ-მოდელირების კუთხით. ამის შემდეგ მოდის დიზაინის მაგისტრი გავხდი. კვალიფიკაცია ავიმაღლე პრაქტიკებით და ტრენინგებით საქართველოში და საზღვარგარეთ. ვსწავლობდი ფლორენციაში. პრაქტიკა კი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში გავიარე.
– როგორ გადაწყვიტე დიზაინს გაყოლოდი…
– ყოველთვის ვიცოდი, რომ დიზაინერი უნდა გავმხდარიყავი, თოჯინებს ვუკერავდი სხვადასხვა კოსტიუმებს, ფეხსაცმელებს, ჩანთებს… პატარაობიდანვე მივხვდი, რომ დიზაინი იყო ჩემთვის ყველაზე მეტად საყვარელი და საინტერესო საქმიანობა. მოზარდობის ასაკში ეს შეხედულება სულ უფრო და უფრო მტკიცე ხასიათს ღებულობდა.
– როგორ მოხდა ტრადიციული სამოსის ელემენტები შენს ნამუშევრებში?
– დღეს არსებული რეალობა გვაიძულებს, ღრმად ჩავუფიქრდეთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნების საკითხს, რომლის განუყოფელ ნაწილად მიმაჩნია ეროვნული ჩაცმულობა. ჩემი მიზანია, მომხმარებლისათვის ქართული სამოსის თანამედროვე ვარიაციების შეთავაზება და მათი პოპულარიზაცია. საკმაოდ დიდი ხანია მაინტერესებს ეს თემა, ვთვლი, რომ ქართული კოსტიუმები ძალიან საინტერესო და უცხოა ყველასათვის, მრავალფეროვანი თავისი კუთხეების მიხედვით. რატომაც არ უნდა გვქონდეს ქართველებს ქართული ჩაცმულობა, რა თქმა უნდა, განახლებული სახით.
– რომელი მატერიაა ყველაზე ახლოს შენთან და რომელ ფერებში გრძნობ თავს ყველაზე კარგად?
– ყველაზე მეტად მიყვარს ნატურალური ქსოვილები ჩემს კოლექციაში, როგორც საზედაპირე, ისე სასარჩულე მასალად გამოყენებული მაქვს ბამბის ქსოვილი, რომელიც დეკორატიულადაა გაფორმებული ჩითებით. მიყვარს შერეული, პასტელური ფერები, რომელიც კოსტიუმში ჰარმონიულადაა გადანაწილებული, თუმცა კონტრასტული მომენტების მომხრეც ვარ.
– პირადად შენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
– მიყვარს მოხერხებული სამოსი. მიმაჩნია, რომ ქალს ყველაზე მეტად უხდება კაბა. კაბით შემოსილი მანდილოსნის მოძრაობა „ქალურია“, ის თავის სინაზესა და სიდიადეს წარმოაჩენს, თუმცა კაბასაც და მის მოხდენასაც ცოდნა, შესაბამისი „შინაგანი შეგრძნება“ სჭირდება. სამოსის არჩევის დროს მანდილოსანმა არა მხოლოდ სამოსის ზოგად ფორმებს, არამედ მოცემულ დროს, მის შინაგან განწყობას უნდა მიაქციოს ყურადღება. მეც გადამხდენია თავს და სხვაზეც შემიმჩნევია შერჩეული შესანიშნავი სამოსი, რომელიც მოცემულ დროს ადამიანს არ უხდება, რადგან შინაგანად სხვა განწყობაზე იმყოფება და სამოსი მის მშვენებას კი არ ასახავს, არამედ ერთგვარად ბორკილებადაა ქცეული.
– რომელია მოდის სახლი, რომლის დიზაინიც ყველაზე მეტად მოგწონს?
– რომელიმე ერთის გამორჩევა მიჭირს. გარკვეული ნიშნით რამდენიმე მათგანი ჩემში მოწონებას იმსახურებს, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოდის სფერო საქართველოში საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია სხვადასხვა გარემოებათა გამო.
– რა ტიპის აქსესუარებს ანიჭებ უპირატესობას და რატომ?
– აქსესუარებიდან უპირატესობას ვანიჭებ ფეხსაცმელს და ქუდს. მიმაჩნია, რომ ადამიანის ჩაცმულობაში მათ სწორ შერჩევას და კოსტიუმთან შეხამებას დიდი როლი აკისრია. მიყვარს ასევე სამკაულები, ოღონდ მცირე დოზით. ჩემს კოლექციაში ფეხსაცმელი გაფორმებულია ორნამენტულად დატვირთული გამაშებით, რომელიც ძველი ქართული ფაჩუჩებისგან არის შთაგონებული.
– რომელია ყველაზე შემოქმედებითი პროცესი, ესკიზი თუ მის მიხედვით სამოსის შექმნა?
– ესკიზების შექმნა აუცილებელი და საინტერესო პროცესია, რათა იდეა ჩამოყალიბდეს, თუმცა ამის შემდეგ ერთი სული მაქვს მასალაში შესრულდეს, რათა დავინახო საბოლოოდ „ხორცშესხმული“ სახით. მაგრამ მაინც ესკიზების შექმნა, ანუ ძიების მომენტი უფრო შემოქმედებითია, რადგან მთავარია იდეა და შემდეგ მისი შესრულება მასალაში.
– რა არის ყველაზე რთული და ყველაზე სასიამოვნო მომენტები მუშაობისას?
– ზოგჯერ ისე ხდება, რომ ესკიზში გარკვეული დეტალები სხვანაირად წარმომიდგენია, მასალაში შესრულების დროს კი იცვლება, ესეც შემოქმედებითი პროცესის ნაწილად მიმაჩნია. მუშაობისას ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როდესაც ვხედავ შედეგს იმ სახით, რა სახითაც წარმომედგინა.
– ადგილი, სადაც შენი ნამუშევრის ხილვა გსიამოვნებს, არის – პოდიუმი თუ ქუჩა?
– რა თქმა უნდა, პოდიუმზე საკუთარი კოლექციის ნახვა სასიამოვნოა, მაგრამ ქუჩაში თუ ვნახავ ჩემს კოსტიუმებს, უფრო სასიხარულოა, რადგან ჩემი პროფესია გამოყენებითი ხელოვნებაა და საბოლოოდ ეს დანიშნულება აქვს.
ნანუკა ალავიძე